„სამართალდამცავი ორგანოები კვალზე ადგანან და უშუალო დამნაშავეებს აუცილებლად დაიჭერენ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების" მოთხოვნას პრემიერ-მინისტრთან და შს მინისტრთან შეხვედრის თაობაზე და კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების ჩართულობა, გამომდინარე იქიდან, რომ ლაპარაკია პოლიტიკური პარტიის გენერალურ მდივანზე, გარდაუვალი და აუცილებელია.
„პრემიერმა ძალიან სწორი განცხადება გააკეთა ამის თაობაზე, მაგრამ იმედია, რომ განცხადება არ დარჩება მხოლოდ თხოვნად და მოწოდებად და სამართალდამცველი ორგანოები უმოკლეს ვადებში - ჩვენ რამდენადაც ვიცით კვალზე ადგანან და უშუალოდ დამნაშავეებს აუცილებლად დაიჭერენ. იმის იქით რა ხდება ჩვენ არ ვიცით და არც არავინ იცის", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მისივე თქმით, არც ერთი წუთი არ უნდა იქნას დაკარგული და შედეგი რაც შეიძლება მალე დაიდოს.