logo_geo
eng_logo
პროკურორი: ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო სხდომები იქნება ღია
- +

23 დეკემბერი. 2019. 16:57

 

„რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის თქმით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და წარდგენილი მტკიცებულებების  17-ვე ტომი დასაშვებად ცნო.

 

„ეს სასამართლო სხდომები იქნება ღია, თქვენ, როგორც ჟურნალისტებს, ასევე საზოგადოებას ექნება  წვდომა მასალებთან დაკავშირებით, გაჟღერებული იქნება მოწმეების ჩვენებები, ასევე წერილობითი მტკიცებულებები და ყველა კარგად დაინახავთ, რომ სამივე ბრალდებულს რაც აქვს წარდგენილი, გაფლანგვა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, სიყალბე, კომერციული მოსყიდვა,  ნამდვილად მათ მიერ არის ჩადენილი“,- განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

 

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები არის  დამაჯერებელი და ერთმანეთთან   შეთანხმებული.

 

„გარდა ამისა, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. სასამართლომ  მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობითაც არსებობს ბრალდებულების მხრიდან როგორც მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, შესაბამისად, დატოვა ძალაში აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და დამატებითი ვალდებულება, საზღვრის დატოვების შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს ინფორმირება და მათგან ნებართვის მიღება“,- აღნიშნა პროკურორმა.

 

მისივე თქმით, დაცვის მხარე  ასევე აპელირებდა დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის  პოზიცია სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად გადასცა.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას, პროკურორი აცხადებს, სასამართლომ  რამდენიმე პირი, მათ შორის ქიბარ ხალვაში, ნინო ნიჟარაძე და კახა ბექაური დასაკითხ პირთა სიაში შეიყვანა და ბრალდების მხარე მოწმეთა ჩვენებს დაელოდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner