„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან შეხვედრებისას ვიწყებდით საუბარს, იყო ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახაბერ კუჭავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მან აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა.
„ჩვენ ვიყენებთ ყველა ფორმატს, ეს არის ორმხრივი თუ მრავალმხრივი ფორმატები. რა თქმა უნდა, ესეც იყო ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი შეხვედრა რომელსაც ჩვენ ვმართავდით, იყო ეს კონგრესსა თუ სენატში, კვლევით ცენტრებთან და ასე შემდეგ, ზუსტად ამ საკითხით დაგვეწყო, რადგან მოგვეწოდებინა ყველასთვის, რომ გაძლიერდეს წნეხი ჩვენს ჩრდილოეთ მეზობლებზე, რომ გაათავისუფლონ ვაჟა გაფრინდაშვილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე იქნება შედეგი მიღწეული“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.
პარლამენტის თავმჯდომარს მოადგილემ ვიზიტი შეაფასა, როგორც ძალიან წარმატებული, სადაც პოლიტიკური მოვლენებით დახუნძლული წლის ბოლოს შემაჯამებელი შეხვედრები გაიმართა.
„ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში წლის განმავლობაში. მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, რაც ეხებოდა პირველ რიგში იმ საკითხს, რომ აუცილებელია კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს და ამერიკის ურთიერთობა, რომელიც დღევანდელი ნიშნულით არის ისეთი ძლიერი, როგორიც არასოდეს არ ყოფილა და მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს არა მხოლოდ სამხედრო და თავდაცვით, არამედ ეკონომიკური და სხვა მიმართულებებითაც“, - აღნიშნა კუჭავამ.
მისი თქმით, მრავალ მიმდინარე საკითხზე ისაუბრეს, რომლებიც ზოგადად მაღალი პოლიტიკური ინტერესის მატარებელი იყო წლის განმავლობაში, მაგრამ ამერიკელი პარტნიორების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა სასამართლო რეფორმა.
„ხაზგასმით არის მათგან გზავნილი, რომ წარმატებულია ეს ოთხი ტალღა, რომელიც ერთი კვირის წინ პარლამენტმა დაამტკიცა. ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ აშშ-სგან გვაქვს, არის ძალიან დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის. როგორც არასოდეს ისეთი გამჭვირვალე იყო პროცესი. როგორც იქნა გვაქვს ჩვენ გაწერილი წესები მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით, და მხოლო და მხოლოდ დადებითად არის შეფასებული ეს რეფორმა, რომელიც კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. ყველა ვაღიარებთ, რომ სასამართლო სისტემა, ალბათ, უხარვეზო არ არის არც ერთ ქვეყნაში. ჩვენ ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, რომ საუკეთესო პრაქტიკა დაინერგოს და შევძლოთ სასამართლო სისტემის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებზე აყვანა“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.
კახაბერ კუჭავას თქმით, ამერიკელმა პარტნიორებმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც მათ გამოხატეს წუხილი, რომ ვერ მოხდა საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება ხმების ნაკლებობის გამო.
„ეს გვაწუხებს ჩვენც, ვინც მხარს ვუჭერდით და ვერ მოვახერხეთ ამ სისტემაზე გადავსულიყავით, თუმცა ხაზს უსვამენ ერთ ძალიან მთავარ ფაქტს, პირველ რიში რომ თუ რა სისტემით მოხდება არჩევნების ჩატარება, ამას წყვეტს ქართველი ხალხი. ის რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გავიდა არ არის საფუძველი, რომ განხორციელდეს ძალადობრივი შეტევა როგორც ინსტიტუტებზე, ასევე თავისუფალი დემონსტრაციები არ უნდა გაცდეს ამ ჩარჩოს და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება მათი მხრიდან იქნება ყოველთვის დაგმობილი და გაკიცხული“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ შეხვედრებზე დაიგეგმა 2020 წელი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ის საკითხები, რომელზეც კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობა და რადგანაც ეს არის საარჩევნო წელი, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ არჩევნების ჩატარების სტანდარტები იყოს მაღლი.