ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო სიტუაციების ე.წ. მინისტრის აზამატ ჩოჩიევის განცხადებით, ცხინვალში სამი ბომბსაფარი აშენდება. ბომბსაფარი და სხვა თავდაცვითი ნაგებობები გათვალისწინებულია ადამიანთა განსათავსებლად საგანგებო სიტუაციების დროს.
როგორც ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება, ერთი ობიექტის ასაშენებლად, საშუალოდ, სამიდან ხუთ მილიონამდე რუბლი დაიხარჯება.
ჩოჩიევის ინფორმაციით, დღეისთვის, ცხინვალში, 12 ასეთი ბომბსაფარია, რომლებიც აღჭურვილი არ არის.
„ჩვენ მოვამზადეთ აუცილებელი დოკუმენტაცია ბომბსაფარის მონაცემებზე და რესპუბლიკის ხელმძღვანელობას წარვუდგინეთ. მომავალი წლისთვის, საინვესტიციო პროგრამებში სამი ბომბსაფარის აღჭურვის საკითხის შეტანა იგეგმება“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.
მანვე ყველა უწყებას, სადაც ბომბსაფარებია განთავსებული, მათი დალაგებისა და შესაბამის მდგომარეობაში მოყვანის რეკომენდაცია გასცა, რათა, მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს, მოსახლება განათავსონ.