logo_geo
eng_logo
რიმა ბერაძის ძალისხმევით N3 საჯარო სკოლის შენობა თავიდან აშენდება
- +

28 თებერვალი. 2016. 21:46


 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ცხრა ძმის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და ყოფილი N3 საჯარო სკოლის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


საკრებულოს წევრის განმარტებით, აღნიშნული სკოლა  ექსპლოატაციაში 2017 წელს  შევა.


რიმა ბერაძემ აღნიშნა, რომ 2007 წელს ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით N3 საჯარო სკოლა გარემონტდა, თუმცა 2010 წელს სკოლების ოპტიმიზაციის არასწორი პოლიტიკის შედეგად, აღნიშნული სკოლა დაიხურა და მოხდა მისი N2 საჯარო სკოლასთან შერწყმა. ამის გამო 300-მდე მოსწავლე დარჩა სასწავლო დაწესებულების, ხოლო 45 მასწავლებელი (და ჯამში 80 თანამშრომელი) სამსახურის გარეშე. ამის შემდეგ გაიძარცვა საკლასო ოთახები და ფუნქციის გარეშე დარჩენილი შენობა დაზიანდა. სკოლის გარეშე დარჩენილ მოსწავლეებს და მასწავლებლებს კი მოუწიათ სხვა სკოლებში გადანაწილება, რომლებიც მათი საცხოვრებელი სახლებიდან საკმაოდ შორს იყო. ბევრ მათგანს სკოლაში წასასვლელად ტრანსპორტიც ესაჭიროებოდა.

 

რიმა ბერაძის თქმით, ჩუღურეთის რაიონის 600-მდე მცხოვრებმა სკოლის აღდგენის მოთხოვნით ერთობლივი განცხადებით მიმართეს. იმ დღიდან დეპუტატმა დაიწყო კოორდინირებული მუშაობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რის შედეგადაც მიღებული იქნა N3 საჯარო სკოლის აღდგენის გადაწყვეტილება. ჩატარდა შენობის ექსპერტიზა და ვინაიდან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგინდა, რომ შენობის დაზიანების ხარისხის გამო შეუძლებელი იქნებოდა მისი აღდგენა, ამიტომ გადაწყდა, რომ შენობა დაინგრეს და მის ნაცვლად აშენდეს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელსაც ექნება ბიბლიოთეკა, სტადიონი და რომელიც ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე იქნება ადაპტირებული.


ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით,  განახლებული სკოლა 300-ის ნაცვლად  500-მდე მოსწავლეს მიიღებს და მასში 50-დან 60-მდე მასწავლებელი იმუშავებს, ტექნიკური პერსონალის ჩათვლით კი სულ სკოლაში 80-90 ადამიანი დასაქმდება. რიმა ბერაძის თქმით, განახლებული სკოლა კვლავ აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზურაბ ძამუნაშვილის სახელობის იქნება.


დეპუტატი აღნიშნავს, რომ N3 საჯარო სკოლა არ არის ერთადერთი საგანმანათლებლო - აღმზრდელობითი დაწესებულება, რომლის საკითხიც დედაქალაქის ახალმა ხელისუფლებამ გადაჭრა. მხოლოდ ჩუღურეთის რაიონში მოხდა ორი დახურული საბავშვო ბაღის აღდგენა, სამომავლოდ კი ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება.


დეპუტატის მოსახლეობასთან შეხვედრას  ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოგსაძე და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი თემურ მაჩაიძე ესწრებოდნენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner