ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 2030.news-ს განუცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს შეუძლიათ, მშვიდად გააგრძელონ საქმიანობა, მაგრამ ნიკა გვარამიასთან ურთიერთობა გაჭირდება.
მისივე თქმით, ჰქონდა იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო, მიუხედავდ ოპონენტების მხრიდან უდიდესი ზეწოლისა, სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანდა.
ქიბარ ხალვაში გამოეხმაურა ბრალდებებასც, თითქოს სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება წინასწარ იყო დაწერილი.
„ადამიანები თავიანთ აზრებში იქამდე შეიძლება დამდაბლდენ, რაც თავად შეუძლიათ, გააკეთონ და ვერ ფიქრობენ, რომ სხვები შეიძლება, მათზე უკეთესები იყვნენ. ბედნიერი ვარ, რომ სააკაშვილი აღარ არის ქვეყნის მმართველი და მის მიერ დაწერილი განაჩენები აღარ გვაკარგვინებს სიცოცხლეს, თავისუფლებას, პირად საკუთრებას, სამშობლოს. პირადად მაქვს სააკაშვილის, ადეიშვილის და გვარამიას სამართლიანობა გამოცდილი. ვიტყვი, რომ სამართლიანობა, გარკვეულწილად აღდგა ქვეყანაში, ვისურვებდი, რომ სრულიად აღდგეს", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
მისივე თქმით, „რუსთავი 2"-ში არც სარედაქციო პოლიტიკა და არც თანამშრომლები არ შეიცვლება, თუმცა „ნიკა გვარამიას მოსმენა ძნელი ასატანი იქნება, არა მარტო მფლობელებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის".
„ტელეკომპანიის თანამშრომლებს შეუძლიათ, მშვიდად გააგრძელონ თავიანთი პროფესიული საქმიანობა. აი, გვარამიასთან ურთიერთობა კი გაჭირდება. არ მგონია, ამ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გამოსწორდეს. უზრდელობას, უხამსობას და პირად შეურცხყოფას შეეშვას. ძალიან ძნელი ასატანი იქნება მისი მოსმენა არა მარტო მფლობელებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.