logo_geo
eng_logo
გურამ დოჩანაშვილი: იცით, რატომ არ ვერევი პოლიტიკაში?
- +

25 დეკემბერი. 2019. 10:12

 

„მგონი, ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტი ცრუ-პატრიოტი მოდის, ვიდრე ნამდვილი პატრიოტი“, – ამის შესახებ მწერალი გურამ დოჩანაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ამბობს.

 

მისი თქმით, ახლანდელ საქართველოში საშინელება ხდება, რადგან ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთში კარგი ეძებონ, ერთმანეთს გაუთავებლად ლანძღავენ.

 

„დიდი გაჭირვების წლები გამოვიარეთ. 1939 წელს ვარ დაბადებული და 3-4 წლის ასაკშიც ძალიან კარგად მახსოვს ჩემი თავი. ჩვენს ოჯახებს პურის ფული არ ჰქონდათ, მაგრამ სულ გვინდოდა, ერთმანეთისთვის სიკეთე გაგვეკეთებინა და ამან მოგვიყვანა დღემდე. მაშინ, ომის დროს, ერთმანეთის, მაპატიეთ და, ფეხებზე დაკიდება არ იყო, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, ახლანდელ საქართველოში კი რას ვუყურებთ? ვინ ვის უკბინოს, შეჭამოს, დააქციოს, ცუდი თქვას, ეს პარტია კარგია, ის ცუდი… საშინელება ხდება. რა პარტია, რის პარტია, რა შუაშია პარტია. არ შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს?! ციხე შიგნიდან ტყდებაო, ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი. უცხომ რომ აგიღოს, დაგიპყროს, ეს კიდევ სხვა არის, მაგრამ დღეს საქართველო უფრო მეტად შიგნიდან ტყდება, ვიდრე უცხო მტრისგან. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავს ვერ ვუყურებ, რაებს ამბობენ. ადამიანები გადაგრევენ - ყველაფერს რაღაც უარყოფითს უძებნიან, არაფერი მოსწონთ, ყველას ლანძღავენ და ჰგონიათ, ძალიან მაგრები არიან. ხალხსაც ჰგონია, რაკი არაფერი მოსწონთ, მართლა მაგრები არიან. მაგრები კი არა, ხელმოცარულები არიან და უნდათ, ყველანი ხელმოცარულები იყვნენ. უდიდესი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი თომას მანი ამბობდა, ნეტავ ჰერმან ჰესესავით ვწეროო. თავად ბუმბერაზი მწერალი ამბობდა მეორე ბუმბერაზზე. ჩვენთან რა ხდება? იმის ნაცვლად, ერთმანეთში კარგი ეძებონ, ერთმანეთს გაუთავებლად ლანძღავენ. ჩვენთან, იცით, რამდენი ცრუ-პარტრიოტია? მგონი, ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტი ცრუ-პატრიოტი მოდის, ვიდრე ნამდვილი პატრიოტი. იცით, რატომ არ ვერევი პოლიტიკაში? არასდროს ვამბობ, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ-მეთქი, მაგრამ დიადი შემოქმედები კი ნამდვილად გვყავდა, მაგრამ… სხვა მაგალითს მოვიყვან - ხომ აქებენ ბახსა და მოცარტს, წარმოგიდგენიათ, ამ შემოქმედებს რომ ეთქვათ, ჩვენი მუსიკა მოისმინოს ამ პარტიამ და იმ პარტიამ არ მოისმინოსო? ან ბეთჰოვენისთვის რომ ეკითხათ, რომელ პარტიას ეკუთვნიო? ვერც გაიგებდა, რას ეკითხებოდნენ. აბა, „მეცხრე სიმფონიის“ შექმნას რომელი პარტია უნდა?! ჩემს თავზე არ ვამბობ, დიდი შემოქმედი ვარ-მეთქი, არც იმას - სწორად ვიქცევი ან ვცდები-მეთქი, მაგრამ ერთი ნაღდია: შემოქმედი არც ერთ პარტიას არ უნდა ეკუთვნოდეს, თუკი უნდა, დიდ შემოქმედებით წარმატებას მიაღწიოს. ამიტომ არასდროს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, ეგ კი არა, კომკავშირშიც არ შევსულვარ და ამიტომ არ ვერევი პოლიტიკაში. როგორც ეძახიან ხოლმე, ერთი პლუსი ეგ მაქვს“, - ამბობს დოჩანაშვილი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner