logo_geo
eng_logo
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის გახსნა და Kavkaz Jazz Festival 2016-ის დასკვნითი გალა-კონცერტი ახალციხეში
- +

10 ივნისი. 2016. 18:20

 

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 11 ივნისს, რაბათი ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის გახსნას და   Kavkaz Jazz Festival 2016-ის დასკვნით გალა-კონცერტს უმასპინძლებს. წელს ორივე ფესტივალი პროექტის Check in Georgia" ფარგლებში იმართება.

 

 

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი რაბათში ოფიციალურად 11 ივნისს, 15:00 საათზე გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კოპაძე, ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალისა და კავკაზ ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ფესტივალის ოფიციალური გახსნის შემდეგ სტუმრები ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის პავილიონებს დათვალიერებენ.



ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი „რაბათი" წელს, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ორგანიზებით ეწყობა. ფესტივალზე ადგილობრივი და მოწვეული ხალხური ოსტატები და სახელოსნოები რაბათის ქვედა ციხის ტერიტორიაზე თანამედროვე ხალიჩურ ნაწარმს წარმოადგენენ. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები 8 ქვეყნიდან: ესპანეთი, ირანი, აზერბაიჯანი, ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ყირგიზეთი, თურქეთი. ჩატარდება მატყლის დამუშავების, დართვის და ნართის ღებვის დემონსტრაცია. ხალიჩების გალერეები მოაწყობენ გამოფენა-გაყიდვას. იმუშავებს 20-მდე პავილიონი, სადაც გამოფენილი იქნება მრავალფეროვანი ხალიჩური ნაწარმი სხვადასხვა ქვეყნიდან. საინფორმაციო პავილიონში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ხალიჩურ ნაწარმზე, გაესაუბრონ ექსპერტებს, ნახონ დოკუმენტური ფილმები და დაათვალიერონ ლიტერატურა სხვადასხვა ხალიჩურ ნაწარმზე; გადაიღონ ოჯახური პორტრეტები ხალიჩის ფონზე და ა.შ.

 


ფესტივალის მონაწილე მუზეუმები, სამი დღის განმავლობაში, ყოველ დღე ჩაატარებენ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამებს სხვადასხვა ასაკის ვიზიტორებისთვის. ფესტივალის ფარგლებში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართავს საერთაშორისო კონფერენციას „ხალიჩა, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და მეხსიერება". კონფერენცია მოიცავს ახალ სამეცნიერო კვლევებს; ხალიჩების და ფარდაგების მწარმოებელი გაერთიანებები ჩაატარებენ  პრეზენტაციებს, ბუნებრივი საღებავებით ღებვის ლექცია-დემონსტრაციებს და დისკუსიებს ხალიჩების რეწვის დღევანდელი გამოწვევების შესახებ.



რაბათის ზედა ციხეზე დაგეგმილია გამოფენები სხვადასხვა მუზეუმების კოლექციებიდან.

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალში ასევე ჩართულია მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

 

 

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის პარალელურად,  11 ივნისს, 17:00 საათზე, რაბათში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის „Art Bridge" ორგანიზებით, Kavkaz Jazz Festival 2016 -ის დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართება.  მონაწილეობენ: ARTE Band (ირანი) და Miqayel Voskanyan & Friends (სომხეთი). ამავე კონცერტზე დაუკრავს ჯგუფი „სტუმრები" (საქართველო). დასწრება უფასოა. იგით მეშვიდე Kavkaz Jazz ფესტივალი 8 ივნისს გაიხსნა. კონცერტები და ჯემ-სეიშენები თბილისის სხვადასხვა სცენაზე ჩატარდა.ქართველ მუსიკოსებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობდნენ შემსრულებლები აშშ-დან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან და სომხეთიდან.

 

 

რაბათში გამგზავრების და ორივე ფესტივალზე (ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის გახსნა და  და  Kavkaz Jazz Festival 2016-ის დასკვნითი გალა კონცერტი) დასწრების მსურველებს 11 ივნისს, უფასოდ მოემსახურება ავტობუსები:

 

ვარდების მოედანი (რესპუბლიკის მოედანი)

11 ივნისი - გასვლა-08:00 სთ - 01:00 სთ - ჩამოსვლა

            გასვლა-10:00 სთ - 01:00 სთ - ჩამოსვლა


ავტობუსები უფასო იქნება ასევე, 12 მაისს, რაბათში გამგზავრების და ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრების მსურველებისთვისაც.

ვარდების მოედანი (რესპუბლიკის მოედანი)

12 ივნისი - გასვლა - 08:00 სთ - 23:00სთ - ჩამოსვლა






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner