ავტორი არმაზ სანებლიძე
მგონი, თავის კაბინეტშიც არ იყო შესული, ჟურნალისტს რომ დაუჯდა ინტერვიუს მისაცემად ბატონი ჯეჯელავა ალექსანდრე, სანდრო, განათლებისა და მეცნიერების ახალდანიშნული მინისტრი
„იმედის დროში" გამოგვეცხადა.
დაჯდა და ჯადოქარი ბებრის მსგავსად ცისკარას ზღაპრიდან კოჭი ჰყარა - „ბუნებრივი მაგნიტური" კენჭები, სამარჩიელოდ. საზოგადოებაში არსებულ მიზიდვა-განზიდვის პრობლემაში ასე გაგვარკვია და განათლების სისტემის თავისი კრედო ამგვარად წარმოგვიდგინა:
თურმე მაღაზიაში რომ შედის და იქ, დახლთან 20 წლის ახალგაზრდა გამყიდველს რომ დაინახავს, ფიქრი ეწვევა მძიმე და დამთრგუნველი: „ეს უნდა იჯდეს მეცნიერის სკამში, ვფიქრობ, და აქ უნდა იჯდეს საშუალოგაზრდა, რომელიც სამსახურს ეძებს დღეს".
„ბაშვი" გახსოვთ?
სააკაშვილის განათლების მინისტრმა ლომაიამ (კახას რომ ეძახდნენ და ერქვა სხვა სახელი) სასკოლო დაფაზე ცარცით რომ დაწერა?
გახსოვთ, რა თქმა უნდა!
მაგრამ თქმა ისე უნდა, ამან რომ ჰქმნა, ახალმა, „გამოცდილმა და წარმატებულმა პროფესიონალმა", როგორც დაგვიხასიათეს.
მოდით, გავარჩიოთ, რა თქვა ასეთი:
„ეს უნდა იჯდეს მეცნიერის სკამში(!)".
„სკამში ჯდომა", ბატონო მინისტრო, ქართული არ არის. „სავარძელში ჯდომა" კი ბატონო, სწორია. გამოთქმაზე მოგახსენებთ და არა საკადრო გადაწყვეტილებაზე, სახელმწიფო აქტზე, რომლის თანახმად თქვენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სავარძელში ჩაგსვეს. რაც ჩემი საქმე არ არის.
სკამზე ჯდომა, კია სწორი, მაგრამ დროებითია - ვინმე უცაბედად რომ წამოედოს, იქ დამთავრდება კარიერა.
სავარძელი კი ღრმა და მშვიდი ნავსაყუდელია.
თუნდაც ოთხი თვით.
შემდეგ:
„აქ უნდა იჯდეს საშუალოგაზრდა(!), რომელიც სამსახურს ეძებს დღეს". საშუალოგაზრდაო.
ახალგაზრდა,
საშუალოგაზრდა,
ძველგაზრდა.
შეიკრა უვიცობის „წმინდა ოჯახი" ორიგინალური ლოგიკის საფუძველზე, ანუ - მიბაძვით: თუ ვამბობთ „ახალგაზრდა", ვიღაც მოაზროვნემ კი გვაჩუქა „ძველგაზრდა", პლუსის და მინუსის ანალოგიით, როგორც ცუდი და კარგი.
კარგი აქ არაფერია. ცუდიც კი პლაგიატია, „ძველგაზრდიდან" მოპარული „საშუალოგაზრდა".
„ბებერგაზრდას" წინ რა უდგას?
„ჭაბუკიგაზრდა" რითაა ცუდი?
„იხვნისკარტასაც" არა უშავს, თუმცა ამ ეგზოტიკურ არსებას საერთო არაფერი აქვს არც განსახილველ საკითხთან, არც ენათმეცნიერებასთან. რატომ ვთქვი? იმიტომ, რომ ჩვენთან სიტყვის ასეთი თავისუფლებაა.
ჩვენ ის ვიტიროთ, რაც პრობლემად გვიდგას:
შავი ჭირი შეეყარა საქართველოში პირველი განმანათლებლის თანამდებობას (პირველი დიპლომატის, პირველი ლეიბორისტის ანალოგიით მეც შემომაქვს ეს სიახლე): ეროვნული ხელისუფლების დროს დაინიშნა ქალბატონი ლიტერატურის ინსტიტუტიდან, რომელსაც ლაბორანტების ჯგუფის ხელმძღვანელობის გამოცდილებაც არ ჰქონდა, სააკაშვილის დროს ლომაიაზე და შაშკინზე უკეთესი ვერავინ იპოვეს, „ოცნების" ხანაში მარგველაშვილი მოიყვანეს, რომელმაც სავარძელი თავის „ბუღალტერ" სანიკიძეს დაუთმო, აღდგომის კუნძულის ქანდაკებასავით კოპებშეკრულ ქალბატონს. ეს-ესაა მოვიდა მისი შემცვლელი, ისეთი გახარებული და ისეთი ღიმილით გაბადრული, რომელსაც (ღიმილს), რეზო გაბრიაძისა არ იყოს, „თავისი აღმოსავლეთი და დასავლეთი აქვს".
ეგებ, მართლაც გამორჩეული სპეციალისტია. ეგებ, მართლაც კარგი მენეჯერია. ეგებ... მაგრამ ქართულთან რომ მწყრალად არის, ეს აშკარაა.
მერე რა, რომ... ლომაიაზე უკეთესად იცის... ან, შაშკინზე... მათ ხომ, ვგონებ, „დედაენა" ხელში არ სჭერიათ.
სად პოულობენ ასეთ მინისტრებს?
ხალხში ამბობენ, რომ ზოგიერთი გოდრით ჩამოაქვთ, ზოგიც წყალს მოჰყვება ალვის ხის ჩამონათალი ნაფოტივით.
მდინარეები ადიდებულია.
წვიმების დრო დგას საქართველოში.