logo_geo
eng_logo
როგორ შენდება დედაქალაქი
- +

10 ივნისი. 2016. 20:18


 

ბინათმშენებლობა

 

 

წერილი პირველი

 

ამთავითვე ვაცხადებ, მკითხველი, რომელიც გაზეთს ხელში იმიტომ აიღებს, ან ინტერნეტში საიტს თვალს შეავლებს, რომ წაიკითხოს ჯერ არნახული, ჯერ არგაგონილი სენსაციური პუბლიკაცია (თუმცა, საქართველოში არნახულ-არგაგონილი აღარაფერი დარჩა), ან გული მოიფხანოს იმით, თუ როგორ გალანძღა მავანმა მავანი, და გაიხაროს ქართული გინების მორიგი მარგალიტების გამობრწყინებით, ამ ინტერვიუში მსგავსს ვერაფერს იპოვის.

 

დროს ნუ დაკარგავთ!

 

ამასობაში საქართველოში საქმე კეთდება, სამშენებლო საქმეც, უპირველეს ყოვლისა!

 

ბუმია.

 

- მართლა ბუმია, ბატონო ბიძინა? - ვეკითხები ბიძინა სონღულაშვილს, სამშენებლო კომპანია „სონეტკონტრაქტმშენის" დამფუძნებელს.

 

- ბუმია თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ მშენებლობა აქტიურად რომ მიმდინარეობს, ფაქტია. სასიამოვნო და თვალშისაცემი რეალობაა. ეს, უპირველეს ყოვლისა, თბილისზე ითქმის, რომლის ყველა რაიონში ახალი სახლები უკვე აიგო ან მიმდინარეობს მშენებლობა.


- ყველა რაიონშიო, თქვით თქვენ. გამონაკლისი არც მთაწმინდის რაიონია. პირიქით, მაინცდამაინც იგია გამორჩეული ქაოტური და, ხშირ შემთხვევაში, დედაქალაქის ამ უბნის ახალი მშენებლობების წყალობით ისტორიული იერსახის თანდათანობითი წაშლის მიზეზი.

 

- გეთანხმებით. მაგრამ მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში. იმავე ვერეს უბანში, მაგალითად, ფიქრის გორაზე, მრავალსართულიანი სახლები, სადაც კი ფეხის მოკიდება იყო შესაძლებელი, ისე ჩადგეს, როგორც უზარმაზარი გალავანი, რომლის იქით თბილისი დაიკარგა.


ახლა ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ ტურიზმმა უნდა გამოაცოცხლოს საქართველოს ეკონომიკა. მაგრამ, მითხარით, რატომ ჩამოვა ტურისტი თბილისში, თუ ვერაფერი სპეციფიკური, განსხვავებული, დასამახსოვრებელი ვერ ნახა?!


კარგი სასტუმროები და რესტორნები? კი, ბატონო. მაგრამ სტუმარს ეს სიკეთე თავის ქვეყანაში საკმარისად აქვს და, ჩვენსაზე არანაკლებ კარგი. ეგებ, უკეთესიც.


- ბატონო ბიძინა, თქვენ ისე ლაპარაკობთ, თითქოს ამ, არცთუ ცივილიზებულ ურბანულ ცალმხრივობაში მშენებლების ხელი არ ურევია. მეტსაც გეტყვით, საქმეში კარგად ჩახედული სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო ერთი პერიოდი, როცა არქიტექტურა მშენებლების დამორჩილებულ დარგად იყო მიჩნეული. ისინი კარნახობდნენ, რა და როგორ უნდა დაეპროექტებინათ.

 

- იყო ასეთი დრო: „ხრუშჩოვკების" და „ჩეხური პროექტების" ბატონობის ჟამი. ახლა პირიქითაა, მაგრამ გაუცხოების ნარჩენი ელემენტები მაინც გვხვდება. ისიც არის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მშენებლები დამკვეთისა და არქიტექტორის გავლენას უნებურად ემორჩილებიან. მაგალითად დაგისახელებთ სასტუმრო „ივერიის" გვერდით აგებულ შუშის უზარმაზარ „ქაჯეთის ციხეს", რომლის აგება, არა მგონია, ნორმალურ მშენებელს აზრად მოსვლოდა.


ჩვენი სამშენებლო ფირმა „სონეტკონტრაქტმშენი", რომლის გენერალური დირექტორია ჩემი ვაჟი სოსო სონღულაშვილი, ნაყოფიერად თანამშრომლობს არქიტექტორთა ჯგუფთან, რაც შესანიშნავად აისახება ჩვენი ერთობლივი პროდუქტის ხარისხზე, იერსახესა და გაიაფების საკითხებზეც. პრინციპი ყველა შემთხვევაში ერთი გვაქვს: შენობა დღევანდელი თბილისის შესაფერი უნდა იყოს.


- ერთ-ერთ თქვენს ინტერვიუში ილაპარაკეთ მეტროსადგურ „უნივერსიტეტის" მშენებლობაზე...

 

- მშენებლობაზე - არა. მშენებლობის პროცესი მეტრომშენის უფროსად ჩემი მუშაობის დროს უკვე დამთავრებული იყო - 95 პროცენტით, ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები - ვესტიბიული, პლატფორმა უნდა დამთავრდეს, უნდა მოეწყოს ჩიხები მატარებლების გასაჩერებლად. ლიანდაგის, ესკალატორების, საკაბელო მეურნეობის, ავტომატიკის და ა.შ. სამონტაჟო სამუშაოებია დასასრულებელი.


- ანუ აქ დასაქმდებიან მაღალკვალიფიციური მეტრომშენებლები...

 

- რა თქმა უნდა.


- მეც ამიტომ გეკითხებით. თქვენგან ვიცი, რომ  პროფესიონალი მეტრომშენებლები ან გასულები იყვნენ საქართველოდან და სხვა ქვეყნებში აგრძელებდნენ საქმიანობას, ან აქვე, მაგალითად თქვენს სამშენებლო კომპანიაში იყვნენ დასაქმებული. რახან დამთავრების პირზე მიდგა სადგურ „უნივერსიტეტის" მშენებლობა, ხომ არ გაწოვს ეს ობიექტი თქვენს სპეციალისტებს?

 

- არა. რადგან მოსკოვში წასული ჩვენი კოლეგების დიდი ნაკადი დაბრუნდა საქართველოში და რამდენიმე ჩვენც შემოგვემატა. მათგან ვაკომპლექტებთ ახალ ბრიგადას, რომელსაც ახალ ობიექტზე დავასაქმებთ.


დაბრუნებულები სრულად შეავსებენ მუშახელის დეფიციტს „უნივერსიტეტის" მეტროსადგურის დასასრულებელ სამუშაოებში.


- ესე იგი, მშენებლების თქვენგან წასვლას არ ვარაუდობთ?

 

- რატომ უნდა წავიდნენ?! მუშები და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი ჩვენთან საქმიანობენ მაღალ დონეზე ორგანიზებულ პირობებში, რომელსაც უწინ „შრომის მეცნიერული ორგანიზება" ერქვა. დროულად მიეწოდებათ სამშენებლო მასალები - არმატურა, ბეტონი, საყალიბე და სხვა უამრავი თანმდევი მასალა. მოცდენები გამორიცხულია: დილის 8 საათიდან დღის ბოლომდე შეუძლიათ იმუშაონ მაღალხარისხოვნად და ისეთი ტემპით, რომ ყოველთვიურად მიიღონ მაღალი ანაზღაურება - 1500-დან 2000 ლარამდე. ამიტომ პროფესიონალი მშენებლები ჩვენგან წასვლაზე არ ფიქრობენ. კომფორტულად გრძნობენ თავს, ხელფასის გაცემა არ გვიანდება, ყოველი თვის პირველი რიცხვის ორ საათზე პერსონალურ საბანკო ანგარიშებზე ირიცხება ხელფასები. ფინანსურ სამსახურს ჩემი ვაჟი სოსო სონღულაშვილი ხელმძღვანელობს. პირდაპირ გეტყვით, ამ მხრივ ჩვენთან არავითარ წაფორხილებას ადგილი არ ჰქონია.


- გართულდა თუ არა მშენებლობა? მხედველობაში მაქვს, რომ საბჭოთა კავშირის დროს სრულად გამზადებული პანელები მოდიოდა და ადგილებზე მათი მონტაჟიღა იყო საჭირო: ლოზუნგი - სწრაფად, იაფად და ხარისხიანად! - ასე მარტივად ხორციელდებოდა. ახლა, როცა არქიტექტორის როლი გაიზარდა, როცა შენობის ესთეტიკას განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან (მათ შორის - თქვენც), როცა წარსულის ცუდ მოგონებად შემოგვრჩა ე.წ. საძინებელი კვარტალების მასივები და ა.შ., ამ ახალ პირობებში როგორ მუშაობთ?

 

- მართალი გითხრათ, არ გართულებულა. არსებობს მშენებლობის სტანდარტები, პროექტი; ამ პროექტის მიხედვით, ამ სტანდარტების ზუსტი დაცვით უნდა ააშენო ობიექტი. ეს არის მშენებლის მოვალეობა, დამკვეთზეა დამოკიდებული რა დონის, როგორი ხარისხის შენობას შეუკვეთავს არქიტექტორს - ფასადით დაწყებული, შიდა ინტერიერით დამთავრებული. პროფესიონალი მშენებელი ისე ააწყობს პროცესს, რომ უზრუნველყოს ნახაზების სრული დაცვით სამშენებლო პროცესის წარმართვა თანაც იმ დონეზე, რომ შესაბამისმა მაკონტროლებელმა სამსახურმა შენიშვნების გარეშე ჩაიბაროს აშენებული კომპლექსი.


თქვენ რომ ახსენეთ გამზადებული პანელები, იმათ გიგანტური სამშენებლო ქარხნები ამზადებდა. დღეს ასეთი საწარმოები აღარ არსებობს.


მოკლედ: სამუშაო არ გართულებულა, საქმე და საფიქრალი კი მოგვემატა, რადგან მშენებლობის ხარისხის უზრუნველყოფა მთლიანად ჩვენი საზრუნავი გახდა. ხარისხზე მოთხოვნა დღეს გაცილებით გაიზარდა იმიტომ, რომ მაღალია ცხოვრების დონე, მოთხოვნა გაცილებით მეტია. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ევროპულ დონეს უახლოვდება. დააკმაყოფილებ - მოგებული დარჩები.


- კონკურენცია თუ არსებობს დღეს სამშენებლო კომპანიებს შორის?

 

- არსებობს, რა თქმა უნდა. და ამ სიტუაციაში უნდა იმარჯვო, უპირველეს ყოვლისა, უმაღლესი ხარისხისა და მაღალი ტემპების უზრუნველყოფით.


- ხარისხიანობას რით ამოწმებთ - გაყიდული ფართის ოდენობით?

 

- არა. არსებობს სპეციალური დანადგარები ბეტონის მარკირების, არმატურის სტანდარტების შემოწმების სპეციალურ ლაბორატორიებში. და, თავისთავად  ცხადია, ვიზუალური მხარე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გაყიდვის საკითხები მენეჯმენტის საქმეა. ამ შემთხვევაში საუკეთესო შემფასებელია მყიდველი. იმიჯი ყველა ამ კომპონენტის ერთიანობით იქმნება. მთავარია, მშენებელმა არ გაამრუდოს თავისი პროფესიული მოღვაწეობის არსებული და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და მოქალაქის ცხოვრების წესი.


- ამბობენ, რომ თბილისში ბევრი ბინა გაუყიდავი რჩება. რით ახსნით ამას? უხარისხობის ბრალია, მყიდველობითი შესაძლებლობა დაქვეითდა თუ საბინაო მშენებლობის ასეთი მასშტაბით გაშლა ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება?

 

- დარწმუნებული ვარ, რომ მშენებლობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს საჭიროა ჩვენი მოსახლეობისთვის. მოთხოვნილება საზოგადოებაში არის და იზრდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კომპანიის მიერ აშენებულ სახლებში ბინებზე მოთხოვნილება სტაბილურად მაღალია. მაგალითად, ალექსიძის 12/ბ-ს დამთავრების პირზე მისული სახლის 96 პროცენტი რეალიზებულია.


- გაუყიდავი არ გრჩებათ?

 

- არა. მყიდველი ირჩევს საუკეთესოს. საუკეთესო პროდუქტი კი ჩვენი კოლექტივის მაღალპროფესიული შრომით არის შექმნილი, რომელსაც უზრუნველყოფს უმკაცრესი კონტროლი ხარისხზე - რომ იტყვიან, თავზე ვადგავართ!


- გაოპოზიციონერებული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაც კი მიეცემათ შესაძლებლობა, ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მათი წასვლის შემდეგ საქართველოში შეწყდა ინვესტორების შემოსვლა.

 

- ჩვენი პრაქტიკა საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ბინათმშენებლობას შევეჭიდეთ ზუსტად სამნახევარი წელია. ჩვენი პარტნიორები არიან ფრანგები და, რაგინდ გაგიკვირდეთ - სომხები და აზერბაიჯანელები. დამკვეთები და ინვესტორები. მათი თანადგომით, ამ წუთისთვის ვაშენებთ ორ ობიექტს და ივნის-აგვისტოში კიდევ ორს დავიწყებთ. საცხოვრებელ სახლებზეა ლაპარაკი.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner