შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება; ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას სოციალური მუშაკების ნაკლებობის აღმოსაფხვრელად; განათლების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან ერთად, ფსიქოლოგთა ბაზას შექმნის; ხოლო იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საკანონმდებლო წინადადებას, მართლმსაჯულების სფეროში მოწმის სტატუსით მოხვედრილი არასრულწლოვნების საქმეში ადვოკატის სავალდებულო წესით მონაწილეობაზე, - აღნიშნულ საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრების მოადგილეებმა უწყებების წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის თავიანთი ხედვა წარადგინეს.
დისკუსიის შედეგად, რომელშიც ფსიქოლოგები, ექსპერტები, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გამოიკვეთა ცალკეული შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელთა საფუძველზე გაიწერა უმოკლეს დროში გადასაჭრელი პირველი რიგის ამოცანები.
როგორც შეხვედრისას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, არსებობს სისტემური საკითხები, რომელთა გადაჭრა სისტემურ მიდგომას და გრძელვადიან ხედვას საჭიროებს, თუმცა მთავრობის ამოცანაა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები პირველ რიგში და შემჭიდროებულ ვადებში მოგვარდეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 1-ლი აპრილიდან, თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება, სადაც იმუშავებენ არასრულწლოვნებზე სპეციალიზებული გამომძიებლები და ამ მიმართულებით შესაბამისი გადამზადება მენეჯმენტსაც გავლილი ექნება. არსებობდა გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც მოგვარებულია და შევთანხმდით, რომ სამმართველო აღჭურვილი იქნება შესაბამისი ვიდეოკამერებით, რომელიც ასახავს სრულ პროცესს სამმართველოში არასრულწლოვნის შესვლიდან გასვლამდე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ უნდა დაინერგოს ბავშვზე მორგებული გარემო რეგიონებში, შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე წარმოადგენს კონკრეტულ წესს, გაიდლაინს გამომძიებლებისთვის, რომელიც გამომძიებლებს კარნახობს, როგორ უნდა მოიქცნენ არასრულწლოვნებთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას. საუბარია, როგორც მოწმე არასრულწლოვანზე, ისე ბრალდებულ და დაზარალებულ არასრულწლოვანზე“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ განათლების სამინისტრო უახლოეს დღეებში შეიმუშავებს დოკუმენტს, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი პროცესი, ცალკეული შემთხვევის დაფიქსირებიდანვე რას აკეთებს მასწავლებელი, სოციალური მუშაკი, მანდატურის სამსახური და როგორი იქნება ამ წესის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა თითოეული მიმართულებით. დოკუმენტში კონკრეტულად გაიწერება მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმებიც.
„ამასთანავე, განათლების სამინისტრო და ადამიანის უფლებების სამდივნო მთავრობის იმუშავებენ ბავშვთა ფსიქოლოგთა ბაზის შექმნაზე. ადამიანური რესურსები ამ ნაწილში სერიოზული გამოწვევაა და ჩვენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, უწყებამ მომდევნო შეხვედრაზე უნდა წარადგინოს გეგმა, რა უნდა გაკეთდეს სოციალური მუშაკების ნაკლებობის პრობლემის მოსაგვარებლად.
გარდა ამისა, გაძლიერდება მართლმსაჯულების სფეროში მოწმის სტატუსით მოხვედრილი არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმები. ამ მიზნით, იუსტიციის სამინისტრო იმუშავებს საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც პროცესში ადვოკატის სავალდებულო წესით მონაწილეობას გულისხმობს. საკანონმდებლო ინიციატივას, ფინანსური მხარის გაანგარიშებით, იუსტიციის სამინისტრო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრაზე წარადგენს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში 10 იანვარს გაიმართება.