logo_geo
eng_logo
მოძღვარი, რომელმაც ოჯახები შიმშილისგან იხსნა: მის სიტყვას დიდი ძალა ჰქონდა
- +

26 დეკემბერი. 2019. 22:21

 

 

ხშირად ისე მოსულა 31 დეკემბერი, არც ნაძვის ხე ჰქონიათ და არც ტკბილეული, მაგრამ სასწაულის ყოველთვის სჯეროდა, რადგან მრავალშვილიან ოჯახში, გამორჩეულად მზრუნველ და საოცრად თბილ გარემოში გაიზარდა.  მამის სიტყვა რწმენაში აძლიერებდა, სასწაულებს ახდენდა…

ახალი წლის დღეებია  და  ინტერნეტში თამაზ ალავიძის წერილი: „სადილი მდიდართათვის – სულისშემძვრელი საახალწლო ამბავი 90-იანი წლების თბილისიდან“ ვრცელდება.

ამ ამბის მთავარი გმირის, მარაბდელი მიტროპოლიტის, მეუფე თადეოზის  (იორამაშვილი)  შვილი – მარიამ იორამაშვილი  ჩვენი „პერსონის“ სტუმარია.

 

 

 

– ოჯახი, რომელშიც გავიზარდე, ყველაზე დიდი სითბო და სიყვარული, დიდი სიკეთე… ტრიალებდა მთელ დედამიწაზე…  ოჯახი, რომელშიც ურთიერთპატივისცემა და ურთიერთანადგომა სუფევდა,  დიდი სიხარული და მადლი ტრიალებდა… ოჯახი,  რომელშიც ბოლო ლუკმას არავინ აიღებდა იმაზე ფიქრით, სხვა მშიერი არ დარჩენილიყო…

დიდი და მხიარული ოჯახი გვქონდა, სადაც მუდმივად სტუმრები იყვნენ და სადაც ყველასთვის ღია იყო კარი, დღე არ გავიდოდა, ვინმე გაჭირვებული არ მოსულიყო, არ დაერეკა, ან მამას არ მოეყვანა და არ დახმარებოდა, ხშირად ღამეც გაუღვიძებიათ მამა…

ყოველთვის მზად იყო სიკეთისთვის და ყველას გვერდში დგომისთვის… ახალ წელს ყოველთვის სიხარულით ვეგებებოდით ახალი იმედებით და რწმენით, რომ ყველაფერი გაუმჯობესდებოდა, განსაკუთრებით ჩვენს სამშობლოში და თითოულ ოჯახში, რასაც მეუფე ძალიან განიცდიდა… ყველას დარდი ჰქონდა, ყველასთვის სიხარული, სიკეთე და ბედნიერება უნდოდა და ცდილობდა, ყველასთვის სიხარული მიენიჭებინა, თავს არ ზოგავდა ამისთვის.

მამის როლი შვილების აღზრდაში…  უფროსი  ძმა გარდაცვლილი გყავთ…

– უფროსი გიორგი, სამწუხაროდ,  გარდაიცვალა… შემდეგ მოსდევენ: ნინო. ქეთევანი, ნიკოლოზი, მარიამი და მიქაელი…

როგორც მამა, გამორჩეულად მზრუნველი და საოცრად თბილი იყო, ოღონდ ჩვენ, შვილებს არაფერი გვტკენოდა, არაფრით შევწუხებულიყავით… ხშირად გვიყვებოდა წმინდანებზე… თუ რამე გვაწუხებდა, გვიყვებოდა, როგორ ეხმარებოდა და აძლიერებდა უფალი  გასაჭირში მყოფ ყველა ადამიანს და გვაძლიერებდა რწმენაში… ყოველთვის ისე ხდებოდა, როგორც გვეტყოდა ხოლმე, ყოველთვის, თუკი რაიმე არ დამიჯერებია, ზუსტად ისე მომხდარა, როგორც უთქვამს. მის სიტყვას დიდი ძალა ჰქონდა..

 


დედა…

– დედა – თამარი საოცარი ადამიანია, სხვანაირად არც იქნებოდა, ასეთი დიდი და ლამაზი სულის რომ არ იყოს, მამას ისე ძალიან, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ძლიერად  არ ეყვარებოდა… ობლობაში გაზრდილს ცხოვრებამ უამრავი ტკივილი მიაყენა… შვილის გარდაცვალება მამამ გადაატანინა რწმენით და სულის უკვდავებით. მამას გარდაცვალებით კი თითქოს ყველაფერი დასრულდა მისთვის… დედას მიმტევებლობას, სიკეთეს და სულგრძელობას ხშირად გავუკვირვებივარ…

 

თიანეთისა და ფშავ–ხევსურეთის ეპარქიის ყოფილ მღვდელმთავარს 2013 წლის ოქტომბრიდან ტიტულარული ეპისკოპოსის (ეპისკოპოსი ეპარქიის გარეშე), მარაბდელი მიტროპოლიტის წოდება ჰქონდა… ძირითადად, ეპარქიაში იყო… საქმეები, რომელიც მამაგააკეთა…

 

– ფშავ-ხევსურეთის ეპარქია ძალიან უყვარდა, ძალიან კეთილი და გულნათელი ხალხი ცხოვრობსო, – ხშირად იტყოდა ხოლმე… მაღაროსკარში, სადაც მოღვაწეობდა ვაჟა-ფშაველას მამა და სადაც ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჩატარებულა წირვა- ლოცვა, მეუფემ აღადგინა წირვა-ლოცვა.. ჟებოტაში, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, აკურთხა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ახალი ტაძარი…

 

 

ცდილობდა, ყველა ტაძარში აღედგინა წირვა-ლოცვა.

დამამახსოვრდა ერთი ამბავი, რომელიც მოგვიყვა მეუფემ. მის ეპარქიაში, საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე, იყო სოფელი ანატორი, სადაც 300-500 წლის წინ შავი ჭირი გაჩნდა და მთელი სოფელი გაწყდა… მდინარის გაღმა ბორცვზე ხუთი აკლდამაა, სადაც ყველა დაავადებული მიდიოდა და იქ ასრულებდა სიცოცხლეს..  შატილობის ერთ-ერთ დღესასწაულზე  მუხლმოდრეკილმა მეუფემ მესაზღვრეებთან ერთად  მათი სულის მოსახსენებელი დიდი პანაშვიდი გადაიხადა და ხუთივე აკლდამა იერუსალიმიდან ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლმოკიდებული კანდელით გაანათა..

მამა და მრევლი… ამბობენ, რომ მრავალი გზას აცდენილი შემოაბრუნა, სიკეთის მადლს აზიარა…

– მამას მრევლთანაც განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება ჰქონდა, ყველა უყვარდა და ეცოდებოდა, მართლაც, მრავალი გზასაცდენილი და გულაცრუებული ადამიანი მოუბრუნებია. ერთი ასეთი ისტორიაც გადახდა თავს –  ჯერ დაბადებულიც არ ვიყავი.

დედამ მიამბო: ერთ-ერთ ღამეს, როცა მამა დაჩოქილი ლოცულობდა, ეზოდან ხმაური გაუგია, შუაღამე იყო და გაუხედავს, ვინმეს რამე ხომ არ უჭირსო და დაუნახავს ახალგაზრდა, რომელიც მანქანის საბურავებს იპარავდა…  ჩასულა ეზოში, გასაუბრებია, უთქვამს, რომ ცუდი საქციელი იყო ქურდობა, რაც  ფული ჰქონდა, უჩუქებია და უთხოვია, პატიოსანი გზით ეცხოვრა.. თან ბოდიში მოუხდია, მხოლოდ ათი მანეთი მაქვსო.

 

 

მრავალი ასეთი ისტორია იყო,  უბრალოდ, ეს ყველაფერი ისე ხდებოდა, მხოლოდ მრევლმა და მეუფემ იცოდა…

–  მეუფე თადეოზის ლექსები საბჭოთა პერიოდშივე  გამოირჩეოდა პირდაპირი სათქმელით… მე პატარა ვიყავი და მახსოვს ლექსი: „შენი  ღიმილი შემოდგომის მზე მოჰგავს დაღლილს“… ერთი ამოსუნთქვით ვისწავლე. ეს ლექსი იყო პროტესტი  მაშინდელი მდგომარეობის წინააღმდეგ: „სად არს იმედი, რითაც ყოფნას გაიხანგრძლივებ“…

ხომ არ გახსოვთ რომელიმე  ლექსის ისტორია, რაც რაიმე მოვლენამ განაპირობა მამის ცხოვრებაში?

– ლექსებს პატარაობიდანვე წერდა ძალიან უყვარდა პოეზია, სახლშიც სულ რითმებით გვესაუბრებოდა…ერთხელ წაღვერში ვისვენებდით და გვერდით ოთახში ერთი მტირალა ბავშვი ცხოვრობდა, რამდენჯერაც ეს ბავშვი ტირილს დაიწყებდა,  მეუფე გავიდოდა, ეთამაშებოდა, დააწყნარებდა და გამოდიოდა…  მერე ლექსიც დაუწერა:

 

 

 ,,ყველა ბავშვის ტირილი გულზე ეკლად მესობა –

რა სჯობია მათ ჭიკჭიკს, დარის უკეთესობას?!..

მოეფერეთ პატარებს, თბილი გული უჩვენეთ,

უხვად სძღვნიდეთ ტკბილეულს,

ხილეულს და ჩურჩხელებს.

გაიზრდება პატარა ერის დიდი ბურჯივით,

ოღონდ უხვად დაბერტყეთ მადლის დიდი ხურჯინი…

ხასიათის გაწვრთნა სჯობს, ჭირვეული თუ არი.

მათ ხვეწნაზეც, ხან ,,ჰო” სჯობს და ხან კიდევ უარი.”

ლექსები…  რა დაგამახსოვრდათ მამის შემოქმედებითი ცხოვრებიდან?

–  თითქმის ყველა ლექსი განსაკუთრებული მიზეზით აქვს დაწერილი, რაც უღვიძებდა მუზას… პირველ გოგო შვილიშვილს – მარიამს, დაბადების დღეზე, როცა მარიამი 10 წლის გახდა,  ულამაზესი ლექსი დაუწერა. იმ დღეს – 19 იანვარს ნათლისღებას გარდაიცვალა მეუფე.

ძალიან მგრძნობიარე იყო და ყველაფერში ხედავდა სინაზეს, სიკეთეს და სილამაზეს.. მისი ლექსებიც გვეფერება, გვლოცავს და სიყვარულს გვასწავლის… რწმენაში გვაძლიერებს.

 

ახალი წელი ახლოვდება. როგორი იყო ახალი წელი თქვენს ოჯახში?

– შობა-ახალი წელი დიდი სიხარულით აღინიშნებოდა ჩვენს ოჯახში, მომავლის იმედით და რწმენით ვეგებებოდით.

ძალიან გვიჭირდა, როცა პატარები ვიყავით. ახალ ტანსაცმელს მხოლოდ 1 სექტემბერს ყიდულობდნენ ჩვენთვის. მთელი წელი სხვისი ნაჩუქარი გვეცვა, ხან დიდი ზომის, ხან – გაკერილები… მამას არ უყვარდა სხვისი შეწუხება და თხოვნა… მთავარია, მშივრები და შიშვლები არ ვყოფილიყავით. ფორთოხლის სუნს ჩემთვის საახალწლო შეგრძნება მოაქვს… არ მახსოვს, მაგრამ ასე მგონია, მხოლოდ ახალ წელს გვქონდა და ამიტომ… _ო

ვინაიდან ძალიან გვიჭირდა, ხშირად ისე მოსულა 31 დეკემბერი, არც ნაძვის ხე გვქონია და არც ტკბილეული, თუმცა მამა მაინც მოგვიხერხებდა ხოლმე და 31-ში საღამოს, გვიან, დაგვიდგამდა ნაძვის ხეს და ტკბილეულსაც მოგვიტანდა… ბავშვობაში თოვლის პაპას საჩუქარი არასოდეს მოუტანია. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან გვიჭირდა და 6 ბავშვისთვის საჩუქრის გაკეთება ძალიან რთული იყო..

 

 

მე და ჩემი ძმა მეზობლებთან ვიყავით მეკვლეები და მახსოვს, იქ გვჩუქნიდნენ ხოლმე საჩუქარს..

მერე, ბოლო წლებში, რაც უფრო წამოვიზარდეთ, კეთილი მრევლის დახმარებით ხშირად გვახარებდა და არ არსებობდა სურვილი, რომ რაიმე მეთხოვა მამასთვის და არ აესრულებინა… როცა ცოცხლად გვერდში მყავდა, ჩემი უდიდესი იმედი იყო  და არა მხოლოდ ჩემი, არაფრის მეშინოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ძალიან დიდხანს მეგონა, რომ სამყარო ცარიელი იყო…

სოციალურ ქსელში ვრცელდება მეუფე თადეოზის ცხოვრებიდან ერთი ისტორია: „სადილი მდიდართათვის – სულისშემძვრელი საახალწლო ამბავი“… ეს ნამდვილი ამბავია, როგორ გადაარჩინა მეუფემ ოჯახი შიმშილს მაშინ, როცა თავადაც არ ულხინდა…

ამბავი, რომელიც ყოველთვის მახსენებს, რომ სასწაულები ხდება… რომ თოვლის პაპაც ნამდვილად არსებობს… არსებობს ასეთი კეთილი ადამიანების სახით...

მრავალია  ისეთი ადამიანი, ვისთვისაც მამას გული გაუხარებია და გადაურჩენია სულიერ თუ ფიზიკურ ტკივილს… ეს ყველაზე მეტად აბედნიერებდა… ჩემი თოვლის პაპა – ჩემი უტკბილესი მამა“… – დაწერეთ ფეისბუქზე...

 

 

– დიახ, ისტორია, რომელიც ბატონმა თამაზმა დაწერა, ზუსტად ისე მოხდა, როგორც აღწერილია… რომ არ დაეწერა,  ჩვენ ვერ გავიგებდით ამ ამბავს. ასე ძალიან ბევრ ადამიანს დადგომია გვერდში და სიხარულით, რწმენით და იმედით აუვსია მათი გული… მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ იმ პერიოდში ძალიან გვიჭირდა, მამა მაინც ახერხებდა, სხვას გვერდში დადგომოდა… პირდაპირი გაგებით, თოვლის პაპა კი არა, უფრო ნატვრის თვალი იყო, რომელიც გვეიმედებოდა, თუკი რამეს შევთხოვდით, აუცილებლად აგვისრულებდა..

ყოველთვის ცდილობდა, თავისი სიტყვა შეესრულებინა და თუკი გამოუვალ მდგომარეობაში მოხვდებოდა, სხვასაც სთხოვდა ხოლმე.

მხოლოდ  ოთხი კრებულის გამოცემა მოასწრო, მისი ლექსების აუდიოდისკი სიკვდილამდე სამი კვირით ადრე გამოვიდა…

 

– მეოთხე კრებულს, სადაც ასევე შესულია მოგონებები, მილოცვები, სურათები და ლექსები, სამწუხაროდ, მამა ვეღარ მოესწრო..უხაროდა, როცა მისი ლექსები მოსწონდათ.. და უხაროდა ყველა ის საქმე, რითიც ვინმესთვის რაიმე სიხარულს მინიჭება შეეძლო…მუდამ სხვის სიხარულზე და სხვის სიკეთეზე ფიქრობდა… დისკი, სადაც მამა თვითონ კითხულობს ლექსებს, ჩვენი ოჯახისთვის დიდი ბედნიერებაა. სამწუხაროდ, ამ დისკსაც ვერ მოესწრო, მოისმინა მხოლოდ ერთი ლექსი ამ დისკიდან, რომელიც ბატონმა გიორგი ფარეშიშვილმა (პროექტის ხელმძღვანელი) დისკის დაბეჭდვამდე ვიდეოვერსიის სახით გააკეთა. ძალიან მოეწონა და გაუხარდა..უზომოდ მადლიერი იყო ამ პროექტის ხელმძღვანელების.

 

 

სამწუხაროდ, დღეს მეუფე თადეოზის მსგავსი სასულიერო პირების სიმცირეა… იგი ყველა გაჭირვებულის გვერდში მდგომი იყო...

– ყველა იმ სასულიერო პირთან, ვისთანაც დღეს მეუფის გარდაცვალების შემდეგ გვაქვს ურთიერთობა, შემიძლია ვთქვა, რომ ისინიც ზრუნავენ მრევლზე და ცდილობენ მათ გვერდში დგომას და სიყვარულს. მადლობა თითოულ მათგანს..თუმცა არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის, რომ მეუფე უფლის რჩეული  იყო. მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი ირგვლივ მყოფი ადამიანების სიხარული და კეთილდღეობა იყო… მისი იერარქიულად მაღალი წოდების მიუხედავად, თავს ყველა ადამიანზე მდაბლად თვლიდა ყოველთვის და ყველგან.თითოეულ ადამიანს აგრძნობინებდა, რომ ის იყო უფლის საყვარელი შვილი და რომ უფალი მასთან იყო ყოველთვის.

თავისი ბავშვურად ალალი, კეთილი და უბოროტო გულით და სიკეთით უამრავ ადამიანში დარჩა, როგორც სიყვარულის მქადაგებელი მოძღვარი და დღესაც მისი სულის შეწევნით, იმ დიდი სიყვარულით, რაც მრევლის გულში დატოვა, არსებობს მისი ოჯახი და მისი მონაგარი 12 შვილიშვილი…

მამას სიკვდილის შემდეგ რამდენიმე ჩანახატი მიუძღვენით… როგორ ცხოვრობს მარიამ იორამაშვილი მამის გარდაცვალების შემდეგ?

 

 

– მადლობა უფალს, რომ ასეთი მამის შვილი ვარ… ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი სიხარულია ჩემთვის.. მაგრამ უმამოდ ჩემი სიცოცხლე ძალიან მწარეა…  ხშირად სულიერად მიჭირს, ძალიან მიჭირს იმ ადამიანის გარეშე, ვინც ჰაერზე უფრო მეტად მაცოცხლებდა, მაძლიერებდა, მის გვერდით მჯეროდა, რომ სიცოცხლე მშვენიერია, რომ სიბოროტე არ არსებობს… რომ სიყვარულია ყველაზე მნიშვნელოვანი…

და როცა ძალიან მტკივა და ძალიან მიჭირს, მაშინ მიგზავნის უფალი იმ ადამიანებს, ვინც მეუფეს გვერდით ედგა, და ისევ ისე, გულს სიკეთით და სიხარულით მივსებენ და სიყვარულში და რწმენაში მაძლიერებენ… ფურცლებსაც ხშირად ვუზიარებ ტკივილს… ერთხელ მამამ მითხრა, წერე, ეს კარგად გამოგდისო და ამის შემდეგ სხვანაირი მადლი აქვს ჩემს ნაწერს..

მიტროპოლიტ თადეოზის ფონდი შექმენით…  რა გეგმები გაქვთ?

– ფონდმა უკვე განახორციელა რამდენიმე ღონისძიება საქართველოს მასშტაბით, ფონდის ხელშეწყობით გამოვიდა მეუფე თადეოზის ცხოვრების შესახებ ორნაწილიანი ფილმი: ,,და გათავდება ყველა ტკივილი” (ფილმის ავტორი: თამარ თაგვაძე; ფილმის იდეის ავტორები: მარინა ხარხელაური და გიორგი ფარეშიშვილი; ფილმი მომზადებულია საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” მიერ).

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მათ ამ დიდებული საქმისთვის. ამ ფილმებისთვის, რაც დარჩება ისტორიას და არაერთხელ გაახსენებს და გააცნობს მომავალ თაობას, თუ ვინ იყო და როგორი იყო მეუფე თადეოზი.

მეუღლე და ორი შვილი გყავთ… რას საქმიანობთ?

 

 

–  მე პროფესიით დაწყებითი კლასების პედაგოგი ვარ, თუმცა სხვა სფეროში ვმუშაობ –  6 წელია „სილქნეტში“ ტექნიკური ოპერატორი ვარ.. მამა ყოველთვის და ყველგან გვერდში მყავდა, სტუდენტობა იყო თუ რაიმე მნიშვნელოვანი, ის იყო  ჩემი იმედი..

მეუღლე – გიორგი კარგი ადამიანია, მეგობრობდა მამასთან და ძალიან გულთბილი დამოკიდებულება ჰქონდა მეუფეს გიორგისადმი.

ჩემი ორივე შვილის – თამარის და გიორგი-გაბრიელის დაბადებას მოესწრო მამა. პატარა 7 თვის იყო, მამა რომ გარდაიცვალა.

შვილებს სიყვარულით ვზრდით. ხშირად ვუყვები პაპაზე. უფროს გოგოს ახსოვს, 4 წლის იყო, რომ გარდაიცვალა პაპა და როცა ვტიროდი, მეტყოდა ხოლმე: პაპა სულ შენთანაა, არ ინერვიულოო…

პატარა 2 წლინახევრისაა და ვიდეოებით და სურათებით ცნობს პაპას..

წმინდა მამა გაბრიელის სიყვარულით გაბრიელს ვარქმევდით… ორსულობაშივე გადაწყდა, როგორც კი გავიგეთ, ბიჭი იყო, ვიცოდით, რომ გაბრიელი იყო, თუმცა მოულოდნელად და დაუგეგმავად გიორგობას დაიბადა და, მეუფის კურთხევით, დავარქვით გიორგი-გაბრიელი.

წელს მეუფე თადეოზი 70 წლის გახდებოდა...

– საიუბილეო წელია და კიდევ ბევრჯერ გავიხსენებთ მის ლამაზ სულს.. ურთულესი ცხოვრების გზას და იმ სიყვარულს, რაც 68 წლის განმავლობაში უამრავ ადამიანში დატოვა, სიყვარულის მქადაგებელმა მოძღვარმა მეუფე თადეოზმა.

 

 წყარო: kvira.ge

 ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner