რუსული მედიის ინფორმაციით, ლიპეცკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამოტრიალებულ ავტობუსში, რომელიც რეისს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ასრულებდა, საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, დაზუსტებული ცნობით, ავარიის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას ახლა ექიმები ამოწმებენ.
ამასთან, ცნობილია, რომ ავტობუსში ავარიის დროს სულ 19 ადამიანი იმყოფებოდა. ავტობუსის ორი მძღოლი და 17 მგზავრი. მედიის ინფორმაციით, ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრში სულ რვა ადამიანი გადაიყვანეს, მათგან ერთი ბავშვია.
როგორც რუსული მედია იუწყება, მცირეწლოვანი სამედიცინო ცენტრში მამასთან ერთად იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დროით, 18:40 საათზე, სტანოვლიანსკის რაიონის დასახლებულ პუნქტ იარლუკინოსთან მოხდა.