logo_geo
eng_logo
ევრო 2016-ს საფრანგეთი-რუმინეთი გახსნის (პრევიუ)
- +

10 ივნისი. 2016. 22:05


 

ევრო 2016 დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, საფრანგეთის ეროვნულ სტადიონზე გაიხსნება. „სტად დე ფრანსზე" მასპინძლები რუმინეთს დაუპირისპირდებიან.

ფრანგები ფავორიტებად არა მხოლოდ ამ მატჩში, არამედ მთლიან ტურნირში მიიჩნევიან. დიდიე დეშამის შეგირდებმა უკანასკნელი ოთხი ამხანაგური მატჩი მოიგეს და დღესაც მაღალი ტემპით თამაშს გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ ფრანგებს 2016 წელს არ წაუგიათ და ოთხ მატჩში 16 გოლი აქვთ გატანილი.

ფრანგები სრულ საბრძოლო განწყობაზე არიან, თუმცა მათი ნაკრები ალბათ გაცილებით ბრძოლისუნარიანი იქნებოდა, რომ არა ლასანა დიარასა და რაფაელ ვარანის ტრავმები. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ნაკრებს ვერ დაეხმარება „რეალის" ფორვარდი ქარიმ ბენზემა, რომელიც ვალბუენასთან დაკავშირებული სკანდალის გამო ნაკრებიდან გააძევეს. მიუხედავად ამ სამეულის არყოფნისა, ფრანგებს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და მათი ჩანაცვლება არ გასჭირვებიათ. მაგალითად, დიარას ნაცვლად უკანასკნელ სპარინგ მატჩში ნგოლო კანტე გამოიძახეს, რომელმაც მთავარ მწვრთნელს თავი კარგი თამაშით დაამახსოვრა.

დიდი ალბათობით, ფრანგები დღესაც ჩვეული 4-3-3 ტაქტიკით ითამაშებენ. უკანასკნელი 18 საერთაშორისო მატჩიდან, დიდიე დეშამის შეგირდებმა მხოლოდ ორ მატჩში ვერ შეძლეს გოლის გატანა. დაცვაში სავარაუდოდ სანიას, კოშიენლის, რამისა და ევრას კვარტეტი წარსდგება, ნახევარდაცვაში პოგბას, კანტესა და მატუიდის ტრიო განთავსდება. რაც შეეხება შემტევ ხაზს, აქ დეშამი პაიეს, გრიზმანს, კომანსა და მარტიალს შორის გააკეთებს არჩევანს. ცენტრფორვარდად ჟირუ წარმოგვიდგება, რომლის შეცვლისთვისაც ჟინიაკი მუდამ მზადყოფნაში იქნება.

რუმინეთმა ბრწყინვალედ დაასრულა ევრო 2016-ისთვის სამზადისი და საქართველოს ნაკრები 5:1 გაანადგურა. ბოლო ორ მატჩში იორდანესკუს შეგირდებმა 7 გოლის გატანა შეძლეს, რაც ნამდვილად კარგი შედეგია. რუმინელებმა საკმაოდ დისციპლინარულ ფეხბურთს თამაშობენ და ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი. ერთი სიტყვით, ფრანგებს იოლი გასეირნება არ უნდა გამოუვიდეთ.

აღსანიშნავია, რომ ევრო-96-ზე, როდესაც დეშამი საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველად თამაშობდა, იორდანესკუ პირველად გავიდა მოედანზე მწვრთნელის სტატუსით.

საფრანგეთსა და რუმინეთს შორის უკანასკნელ 5 მატჩში გამარჯვების მოპოვება „ლე ბლემ" მხოლოდ ერთხელ შეძლო, დანარჩენი 4 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.


სავარაუდო შემადგენლობები:

 

საფრანგეთი (4-3-3): ლორისი - სანია, კოშიელნი, რამი, ევრა - პოგბა, კანტე, მატუიდი - გრიზმანი, პაიე, ჟირუ;


რუმინეთი (4-2-3-1): ტეტერუშანუ - საპუნარუ, კირიკეში, გრიგორე, რაცი - პინტილი, გობანი - პოპა, სტანჩუ, სტანკუ - ანდონე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner