„ოკუპაციას არავითარი პერსპექტივა არ აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა პირველი ფაქტი არ არის და ამას საოკუპაციო რეჟიმი მოქალაქეებზე ზეწოლისთვის იყენებს.
„ეს არის კიდევ ერთი მანიპულაცია, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება სამწუხაროდ იყენებს და ამ მანიპულაციის მსხვერპლი არიან უბრალო ადამიანები. ჩვენ ვხედავთ, გადასასვლელების ჩაკეტვა არ არის პირველი ფაქტი, როდესაც ოკუპირებულ რეგიონებში დე ფაქტო ხელისუფლება იყენებს ამას მოქალაქეებზე ზეწოლისათვის. რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული გამოწვევა, იმიტომ კი არა, რომ ადამიანები ერთმანეთს ვერ ნახულობენ, არამედ იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს ელემენტარული საჭიროებები აქვს. სამედიცინო პრობლემები აქვთ, ყოველდღიური გამოწვევები, რაც არსებობისთვის სჭირდებათ და რასაც ისინი ვერ ახერხებენ.
არავითარი პერსპექტივა არ აქვს ამ ოკუპაციას, ამ რეჟიმს და წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ამიტომ ეს ოკუპაცია არის დროის წინააღმდეგ, ეს ოკუპაცია არის საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ. ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით, ეს ოკუპაცია დასრულდება, შეუძლებელია გაგრძელდეს უვადოდ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი 30 დეკემბრიდან 3 იანვრამდე ე.წ. საზღვარს კეტავს. როგორც ე.წ. უსაფრთხოების დეპარტამენტში განაცხადეს, მიზეზი ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა.