თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გ.გ.-მ 2019 წლის 18 მაისს, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, საკუთარ სხეულში მოთავსების გზით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: 0,9424 გრ. ბუპრენორფინი და 1,9997 გრ. ტრამადოლი.
სამართალდამცველებმა გ.გ. იმავე დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ გ.გ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) ქვეპუნქტებით წარუდგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით კი პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.