logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: გვახარებს მნიშვნელოვნად გაზრდილი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჩინეთთან
- +

30 დეკემბერი. 2019. 18:38

 

 

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ქართულ-ჩინური მედია პლატფორმის „ჩინეთის ექსპერტი 2019“ დაჯილდოვების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

 

თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა სიტყვით მიმართა მონაწილეებს და ისაუბრა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე და „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინების მნიშვნელობაზე.

 

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ სპექტრს ეკუთვნის ესა თუ ის დეპუტატი, თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობას. ჩვენ მივესალმებით და გვახარებს თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მიღწეული შეთანხმება და მნიშვნელოვნად გაზრდილი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჩინეთთან. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამყარების პოტენციალი არის ბევრად უფრო მეტი და თითოეული ჩვენი ფრაქციის წევრი მზად ვართ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაში. რაც შეეხება უშუალოდ პლატფორმას, ვფიქრობ, რომ „სიმნომედია“, წლებია უაღრესად დიდ საქმეს ეწევა საქართველო-კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობაში. გილოცავთ თითოეულ კონკურსანტს, განსაკუთრებით გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდი, რომ თქვენი მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანასთან თანამშრომლობაში უკვე გაქვთ შეტანილი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა ჩინეთმცოდნეობის პროფესორს, კონფუცის ინსტიტუტის დირექტორს მარინე ჯიბლაძეს, რომელიც წლებია ხელს უწყობს ხიდის მშენებლობას საქართველო-ჩინეთს შორის კულტურული ურთიერთობისა და განათლების კუთხით.

 

ონლაინ კონკურსში გამარჯვებულ საქართველოს მოქალაქეს საჩუქრად გადაეცა საგზური ჩინეთში, სიანში. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს 18-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებმა. ონლაინ ტესტი შედგებოდა 70 კითხვისგან, ოთხი სავარაუდო პასუხით. კონკურსი ტარდებოდა ქართულ ენაზე, რაც ნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა ჩინური ენის ცოდნა არ იყო.

 

კონკურსისთვის სპეციალურად დაიწერა ინფორმაციული სტატიები ჩინეთის შესახებ , რომელიც განთავსებული იყო სინომედიის ვებ-გვერდზე: https://sinomedia.ge/რუბრიკის „ჩინეთის ექსპერტი 2019“, სტატიების ავტორები არიან ახალგაზრდა სინოლოგები: ირაკლი ქორქია, თეონა გელაშვილი, შალვა ჩიხლაძე, ოთარ ჭიღლაძე, თამარ ქვლივიძე და ნინო მარღანია. სტატიები დაყოფილი იყო შემდეგ კატეგორიებად: ეკონომიკა, ისტორია, კულტურა, საზოგადოება, ტექნოლოგიები, მოგზაურობა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები, თუმცა ტესტში ამ სტატიებიდან კითხვების 80% იყო გამოყენებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner