logo_geo
eng_logo
ახალი წლის ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში
- +

1 იანვარი. 2020. 13:09

 

ახალი წელი ავსტრალიაში 1 იანვარს დგება, მაგრამ ზუსტად ამ დროს იქ ისეთი სიცხეა, რომ სანტა კლაუსი საჩუქრებს საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი არიგებს.

 

იტალიელები ახალი წლის ღამეს სახლის ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან – ყვავილის ქოთნებს, ძველ სკამებს, ჩექმებს…იტალიელები თვლიან, რომ რაც მეტ ნივთს გადაყრიან, მით მეტ სიმდიდრეს მოუტანთ მათ ახალი წელი.

 

ბრიტანეთის კუნძულების მცხოვრებნი – ინგლისელები, 12 საათის პირველ დარტყმაზე აღებენ უკანა კარს ძველი წლის „გასაშვებად“ და უკანასკნელ დარტყმაზე აღებენ წინა კარს ახალი წლის „შემოსაშვებად“. ინგლისში საახალწლო საჩუქარს განსაკუთრებულ დღეს ჩუქნიან: 28 დეკემბერს. ვის რომელი საჩუქარი შეხვდება, კენჭისყრა გადაწყვეტს. ეს ასე კეთდება: ქუდში ყრიან წარწერიან ქაღალდებს, რომელსაც ყველა დამსწრე იღებს. ინგლისელებს მოსწონთ მისალოცი ღია ბარათები. ისინი მათ ყველა ნაცნობს, მეგობარსა და ნათესავს უგზავნიან.

 

შოტლანდიელები შუაღამის დადგომამდე ანთებენ ბუხარს და მთელი ოჯახი შემოუსხდება მის გარშემო 12 საათის მოლოდინში. როცა ისრები 12-ს მიუახლოვდება, ოჯახის უფროსი ჩუმად დგება და აღებს კარს. კარი ღიაა მანამ, სანამ საათი ბოლო ზარს არ ჩამოკრავს. ამგვარად იგი აცილებს ძველს და სახლში უშვებს ახალ წელს. შოტლანდიაში ახალი წლის ღამეს ზღურბლს იქით იყურებიან, ხომ არ მოდის ვინმე შავგვრემანი ახალგაზრდა ბიჭი. ასეთი საჩუქარი ახალ წელს ყველაზე საუკეთესოა. მისგან გაუხარდებათ ნახშირის ქვის მიღება, რომლისგანაც სახლის კერაზე ცეცხლს დაანთებენ. რაც უფრო დიდი და ნათელი იქნება ცეცხლი, მით წარმატებული იქნება მომავალი წელი.

 

ესპანეთში ერთ-ერთი საახალწლო ჩვეულება ეროტიული კულტის ნიშნებს ატარებს, რომელსაც ახლაც იცავენ ქვეყნის ბევრ სოფელში, თუმცა უკვე ამ ყველაფერს ხუმრობის სახე აქვს. ეს არის ფიქტიური ქორწინება. ახალი წლის ღამეს მთელი სოფლის ბიჭები და გოგონები იკრიბებიან კოცონთან და კენჭს იყრიან – რაიმე ღრმა ნივთში იყრება ქაღალდები მათი სახელებით და შემდეგ თითოეული მათგანი იღებს ამ ფურცელს. ამგვარად, ბიჭები ირჩევენ „საცოლეებს“, ხოლო გოგონები – „საქმროებს“. წყვილები წლის ბოლომდე შეყვარებულებად ითვლებიან და ამის შესაბამისადაც იქცევიან. ესპანეთში საჩუქრებს ორჯერ ჩუქნიან ერთმანეთს: ერთხელ საშობაოდ, ხოლო მეორედ ახალი წლის ღამეს. შობას მიღებულია რაიმე რომანტიულის ჩუქება, ხოლო ახალ წელს – პრაქტიკული საჩუქრის.

 

ბარსელონაში, მადრიდში, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ საახალწლო ღამეს სტუმრებისათვის ყიდდნენ ბილეთებს ორივე სქესის სახელებით და შემდეგ აერთებდნენ წყვილებად: ასე იქცეოდნენ „საქმროებად“ და „საპატარძლოებად“ მთელი საღამოს განმავლობაში. ხოლო მეორე დილით „საქმროს“ უნდა მოენახულებინა „საცოლე“ და მიეტანა საჩუქარი – ყვავილები და კანფეტები. ხანდახან ახალგაზრდა მამაკაცები საქმეს ისე აწყობდნენ, რომ „საცოლედ“ საყვარელი ქალიშვილი შეხვედროდათ. ამ შემთხვევაში ყველაფერი ნამდვილი ქორწილით მთავრდებოდა.

 

ბელგიაში და ნიდერლანდებში გავრცელებულია „პირველი დღის მაგია“, რისი აზრიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის საქციელის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა იგი ახალი წლის პირველ დღეს, მსჯელობენ, როგორი იქნება ეს წელი მისთვის. ამიტომ, ცდილობენ, ამ დღეს არაფერი ითხოვონ, ჩაიცვან რაიმე ახალი და ა.შ. მთელი წლის განმავლობაში ბარაქის მოსაზიდად საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს მრავალი კერძი. ნიდერლანდებში და ბელგიაში უძველესი დროიდანაა გავრცელებული კიდევ ერთი, სხვა ქვეყნებშიც გავრცელებული ჩვეულება – დღესასწაულზე ირჩევენ მეფეს. ამისათვის დიასახლისები აცხობენ ღვეზელს, რომელშიც დევს ცერცვის ან ლობიოს მარცვალი. ის, ვისაც შეხვდება ნაჭერი მარცვლით, მთელი დღესასწაულის მანძილზე მეფე იქნება. შემდეგ კი მეფე თავად ირჩევს თავისთვის დედოფალს, მასხარას და ა.შ.

 

რუსეთში 1700 წლამდე ახალ წელს სექტემბრის თვეში აღნიშნავდნენ, ხოლო ჩინეთში ახალი 4697 წელი 5 თებერვალს დადგება, შემდეგ ახალ წელს იზეიმებენ ინდოეთში – იქ 22 მარტს დადგება 1921 წელი. ცოტა მოგვიანებით, 13 აპრილს ახალი წელი ნეპალშიც მოვა და იგი 2056-ე წელი იქნება. მუსლიმანები თავის ახალ 1419 წელს ზაფხულში იზეიმებენ – 21 ივნისს. ებრაელებისათვის ეს წელი 5760-ე იქნება და 15 სექტემბერს დადგება. იაპონიაში და კორეაში, ასევე რუსეთშიც, ევროპაშიც და საქართველოშიც ახალი წელი 1 იანვარს გათენდება…

 

ბრაბანტში და ჩრდილოეთ ფლანდრიაში არსებობს მეფის არჩევის კიდევ ერთი წესი: ამზადებენ 16 ცალ ე.წ. სამეფო ღია ბარათს, რომლებზეც გამოხატულია მეფე, დედოფალი, მრჩეველი, მღვდელი, მომღერალი, მსახიობი, მზარეული და ა.შ. შემდეგ დამსწრეები სათითაოდ იღებენ ამ ბარათებს და ამგვარად ნაწილდება როლები სადღესასწაულო საღამოსათვის. მეფე და დედოფალი, რომლებსაც ოქროსფერი ქაღალდის გვირგვინს ადგამენ, ხელმძღვანელობენ ამ საღამოს და მათი „ხელმწიფება“ გათენებამდე გრძელდება. ეს ყველაფერი საყოველთაო მხიარულებითა და ხუმრობებით მიმდინარეობს.

 

ფინეთში ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს მეთექვსმეტე საუკუნეში შემოიღეს. მანამდე კი, წელი იწყებოდა მიხეილის დღის შემდეგ. ახალ წელს აქ მიღებულია მკითხაობა. მკითხაობის ერთ-ერთი ფორმაა გამდნარი კალას ჩასხმა წყალში. შემდეგ გოგონები ამ წყალში ასველებდნენ ცხვირსახოცებს და იდებდნენ ბალიშის ქვეშ მთელი ღამის განმავლობაში, რათა სიზმარში ენახათ საქმრო. ამას გარდა, იხედებოდნენ სარკეში – ასევე საქმროს სახის დასანახად და სხვადასხვა მოვლენების წინასწარ გასაგებად.

 

ბულგარეთში ახალ წელს ტრადიციულად სახლში ხვდებიან. ახალი წლის დაწყებამდე ოჯახის წევრებიდან ყველაზე პატარა დგება ნაძვის ხესთან და მღერის დანარჩენებისათვის. მადლიერების ნიშნად კეთილი უფროსები მას საჩუქრებს ჩუქნიან. ყველაზე საინტერესო იწყება მას შემდეგ, რაც საათი თორმეტჯერ ჩამოკრავს. ამ დროს სახლებში აქრობენ შუქს საახალწლო კოცნისათვის. მხოლოდ ამის შემდეგ დიასახლისი იწყებს ღვეზელის დაჭრას მასში არსებული სიურპრიზებით: თუ მონეტა შეგხვდებათ – სიმდიდრეს უნდა ელოდოთ, თუ ვარდის ტოტი – სიყვარულს. ასეთივე სიურპრიზებიანი ღვეზელის ტრადიცია არსებობს რუმინეთში და ავსტრალიაში.

 

ავსტრიაში საახალწლო საჩუქრებისა და მილოცვების ჩვეულება გავრცელებული იყო უკვე მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში. ახლა მიღებულია ფიგურებისა და მისალოცი ღია ბარათების ჩუქება ტრადიციული ბედნიერების სიმბოლოთი, რასაც წარმოადგენს ბუხრის მწმენდავი, ოთხფურცლიანი სამყურა ბალახი და ღორი. 31 დეკემბრის სუფრა სავსე უნდა იყოს, რომ მთელ წელს კარგად იცხოვროთ. აუცილებელ კერძს წარმოადგენს გოჭის ან ღორის ხორცი. ითვლება, რომ თუ გსურთ ბედნიერი იყოთ, უნდა შეჭამოთ ღორის თავის ან დინგის ნაჭერი. ამას ეწოდებოდა „ღორულ ბედნიერებაში მონაწილეობის მიღება“.

 

შვეიცარიაში (ავსტრიაშიც) ადამიანები ზეიმობენ წმინდა სილვესტრის დღეს. ეს დღესასწაული ეფუძნება ლეგენდას იმის შესახებ, რომ რომის პაპმა სილვესტრმა (314 წელი) დაიჭირა საშინელი ზღვის მონსტრი. ითვლებოდა, რომ 1000 წელს ეს ურჩხული თავს დააღწევდა ტყვეობას და გაანადგურებდა სამყაროს. ყველას გასახარად, ეს არ მოხდა. მას შემდეგ შვეიცარიაში და ავსტრიაში ამ ისტორიას იხსენებენ ახალ წელს. ადამიანები იმოსებიან სამასკარადო სამოსში და საკუთარ თავს სილვესტრ კლაუსებს უწოდებენ.

 

ახალი წელი უნგრეთში ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორიც შობა. თუმცა, ზოგიერთი საშობაო ჩვეულება და რწმენა ამ დროშიც არსებობს. მაგალითად, პირველი სტუმარი, ანუ, ჩვენებურად „მეკვლე“ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ქალი, რადგან მას უბედურება მოაქვს. ამიტომ, ცდილობენ ნათესავების სახლში სტუმრად ბიჭები გაუშვან. რის შემდეგაც უკვე ქალის სტუმრობაც აღარაა საშიში. ზოგიერთ ადგილას კი, დილით პირის დაბანისას წყლის მაგივრად ხელებს მონეტებით იწმენდენ, რათა მთელი წელი შემოსავლიანი იყოს.

 

იუგოსლავიაში ახალი წლის ღამეს ბევრს მკითხაობდნენ: მარილმოყრილი ხახვის 12 ნაწილით საზღვრავდნენ, თუ როგორი ამინდი იქნებოდა ამა თუ იმ თვეში. სლოვაკეთის ზოგიერთ ოლქში არსებობდა ასეთი მკითხაობა: მაგიდაზე დებდნენ ათ სხვადასხვა საგანს, მათ შორის – ფიჭვის ტოტს(ბედნიერება), ბეჭედს(ქორწილი), თოჯინას(ბავშვის დაბადებას), ფულს(სიმდიდრე) და ა.შ. შემდეგ ამ ყველაფერს აფარებდნენ ბეწვის ქუდს. ყოველ ადამიანს სამჯერ უნდა გამოეღო იქიდან რაიმე ნივთი და თუ სამივეჯერ ერთსა და იმავე ნივთს ამოიღებდა, ეს ნიშნავდა, რომ წლის განმავლობაში მის ცხოვრებაში მოხდებოდა ამ ნივთის სიმბოლოსთან დაკავშირებული მოვლენა.

 

მუსლიმანები იყენებენ მთვარის კალენდარს და ამიტომ, ყოველი ახალი წლის თარიღი 11 დღით წინ იწევს. ირანში (სპარსეთში) ახალ წელს 21 მარტს ხვდებიან. ახალ წლამდე რამდენიმე კვირით ადრე ადამიანები თესენ ხორბალს პატარა თეფშზე. ახალი წლისათვის იზრდება ჯეჯილი, რაც გაზაფხულისა და ახალი წლის დაწყებად ითვლება.

 

ინდუსები ახალ წელს იმის მიხედვით აღნიშნავენ, თუ სად ცხოვრობენ ისინი. ჩრდილოეთ ინდოეთის მცხოვრებნი საკუთარ თავს ვარდისფერი, წითელი, იისფერი ან თეთრი შეფერილობის ყვავილებით რთავენ. სამხრეთ ინდოეთში დედები ტკბილეულს, ყვავილებსა და საჩუქრებს პატარა ლანგარზე აწყობენ. ახალი წლის დილას შვილები თვალდახუჭული ელოდებიან, თუ როდის მიიყვანენ მათ ლანგართან. ცენტრალურ ინდოეთში შენობებზე გამოფენენ ფორთოხლისფერ დროშებს. ინდოეთის ჩრდილოეთით ახალ წელს ოქტომბრის ბოლოს აღნიშნავენ, სახლების სახურავებზე ანთებენ პატარა კოცონს. ახალ წელს ყველა ინდუსი ფიქრობს სიმდიდრის ღმერთზე – ლაქშმიზე.

ბირმაში ახალი წელი 1 აპრილს იწყება, ყველაზე ცხელ დღეებში. მთელი კვირის განმავლობაში ადამიანები გემრიელად წუწავენ ერთმანეთს წყლით. იწყება წყლის ფესტივალი – ტინჯანი.

 

ინდონეზიაში ახალი წელი ოქტომბერში დგება. ყველა ადამიანი გამოსასვლელ ტანსაცმელს იცვამს და ერთმანეთს პატიებას სთხოვს წინა წელში მიყენებული უსიამოვნებებისათვის.

 

ებრაელებისათვის ახალი წელი წმინდა დროა. ამ დროს ადამიანები ფიქრობენ ჩადენილ ცოდვებზე და პირობას დებენ, რომ ყველაფერს გამოასწორებენ კეთილი საქმეებით. ბავშვებს ახალ სამოსს ჩუქნიან. ებრაელები აცხობენ პურს და მიირთმევენ ხილს.

 

ვიეტნამური ახალი წელი 21 იანვარსა და 19 თებერვალს შორს დგება. დღესასწაულის თარიღი ყოველწლიურად იცვლება. ვიეტნამელები ფიქრობენ, რომ ყოველ სახლში ცხოვრობს ღმერთი და ახალ წელს ღმერთი მიემგზავრება ცაში, რათა იქ ამცნოს, თუ როგორ გაატარა ეს წელი ოჯახის თითოეულმა წევრმა. ოდესღაც ვიეტნამელები თვლიდნენ, რომ ღმერთი ერთ-ერთი თევზის – კობრის ზურგზე დაცურავს. ახლანდელ დროშიც ვიეტნამელები ყიდულობენ ცოცხალ კობრს, ხოლო შემდეგ უშვებენ მდინარეში ან ტბაში. ამ ქვეყანაში არსებობს აგრეთვე ჩვენებური „მეკვლეს“ მსგავსი სტუმარი.

 

ჩინეთში ახალი წელი აღინიშნება 17 იანვარსა და 19 თებერვალს შორის, ახალმთვარეობისას (2019 წელს - 5 ტებერვალს). ქუჩის პროცესიები – ამ დღესასწაულის ყველაზე საინტერესო ნაწილია. ათასობით ფარანი ინთება პროცესიის დროს. ჩინელები თვლიან, რომ ახალი წელი გარშემორტყმულია ბოროტი სულებით. ამიტომ, ისინი პეტარდებითა და ხმაურით უნდა განდევნონ. ჩინეთში არააა მიღებული საათის ჩუქება, რადგან ეს ნივთი ასოცირდება დროის წარმავალობასა და ყოფიერების ამაოებაზე.

 

საბერძნეთში ახალი წელი – ეს არის წმინდა ბასილის დღე. წმინდა ბასილი ცნობილი იყო თავისი სიკეთით. ბერძენი ბავშვები თავის ყელიან ფეხსაცმელებს ბუხართან ტოვებენ, რომ მან ისინი საჩუქრებით აავსოს.

 

ახალი წლის ღამეს იაპონელები ქუჩაში შეღებილები და მორთულები გამოდიან. მათთან ძალიან პოპულარულია ნიღბები. განსაკუთრებით პატივსაცემია ლომის ნიღაბი. ადამიანი ლომის ნიღბით საღამოობით ქუჩაში დადის, თავს ესხმის ბავშვებს და „კბენს“ მათ. იაპონელების რწმენით, ასეთი რიტუალი ბავშვებს ბოროტი ძალებისაგან იცავს. ახალი წლის პირველ დღეს, დილით ადრე ისინი გადიან „ახალგაზრდობის წყლის“ სათავესთან, დგებიან სახით აღმოსავლეთისაკენ, წარმოთქვამენ შელოცვის მსგავს სიტყვებს და სამჯერ შესვამენ წყალს. ამ ქვეყანაში ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს სულ რაღაც 200 წლის წინ დაიწყეს და მათთვის ყველაზე მთავარი იყო ახალი წლის დაწყებამდე ყველა საქმის მოსწრება. იაპონელები სახლის დალაგების პროცესს ჯერ კიდევ შუა დეკემბერში იწყებენ. მთელი ოჯახი ხელში იღებს ბამბუკის ცოცხებს, რომლებიც მხოლოდ ახალი წლისთვისაა განკუთვნილი (ეს საგნები ინახება ოჯახში მთელი წლის განმავლობაში და გამოიყენება მხოლოდ საახალწლოდ) და ერთად, სიცილითა და მხიარულებით ალაგებენ სახლს. იაპონიაში ახალი წლის ღამეს ჭამა არაა მიღებული და ადამიანები ადრევე იმისთვის ამზადებენ საჭმელს, რომ ახალი წლის პირველივე დღეებში არ მოუწიოთ მისი კეთება. ამ დღეებში, საერთოდ, არაა მიღებული მუშაობა, მზადება და მაღაზიებში სიარული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner