საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში 2019 წელი შეაჯამა. საგარეო საქმეთა მინისტრმა იმ მთავარ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანას 2019 წლის განმავლობაში ჰქონდა. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა, საბიუჯეტო კანონში საქართველოს მოხსენიება, საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რეზოლუციები და სხვა მიღებული დოკუმენტები მიანიშნებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის მაღალ დონეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან და NATO-სთან ურთიერთობებში ქვეყნის წამატებულ ნაბიჯებსაც.
„გამოვყოფდი ასევე განსაკუთრებულ ფორმატებს ევროკავშირის შიგნით საქართველოსთან მიმართებაში, როგორიც არის უსაფრთხოების დიალოგი, საქართველო-ევროკავშირის უმაღლესი დონის დიალოგი, რაც უპრეცედენტოა და მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში არსებობს. გამოვყოფდი ბათუმის კონფერენციას, რომლიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ასეთი შემადგენლობით, ასეთი დატვირთული, შინაარსიანი კონფერენცია მე არ მახსენდება ჩემი მრავალწლიანი დიპლომატიური საქმიანობის განმავლობაში. უპრეცედენტო იყო 2019 წელი NATO-სთან ურთიერთობების კონტექსტში. NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი, საზღვაო სარდლის ვიზიტი, ვუმასპინძლეთ NATO-ს სამხედრო კომიტეტს და NATO-საქართველო კომისიას, NATO-ს ლიდერების სამიტში და NATO-ს არაფორმალურ მინისტერიალში ჩემი მონაწილეობა იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველო მუდმივად არის აქტუალური“, - განცხადა დავით ზალკალიანმა „პირველ არხთან“ საუბრისას.
როგოც ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, ერთ-ერთ უმთავრეს მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა, რომელიც ქვეყანამ როტაციის პრინციპით მიიღო და რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს, უკეთ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გასულ წელს გახლდათ საქართველოს მხრიდან ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა და ამ თავმჯდომარეობის გადაბარება საფრანგეთისგან. ბევრი ჩვენი ოპონენტი ცდილობს, დააკნინოს ეს პროცესი. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, ბევრი ქვეყანა ერიდება თავმჯდომარეობას და შემდეგ ქვეყანას უთმობს ამ ფუნქციას. ეს ამავდროულად არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, დიდი შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ, მისმა დიპლომატიურმა სამსახურმა და მთელმა მთავრობამ წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენი ადამიანები, რომლებიც მსახურობენ საჯარო სამსახურში როგორც დიპლომატები, ისე საჯარო მოხელეები, რომ ისინი არაფრით ჩამოუვარდებიან ევროპელ კოლეგებს და ჩვენც თანასწორად შეგვიძლია ვმართოთ ისეთი დიდი ორგანიზაცია როგორიც არის ევროპის საბჭო“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, ქართული დიპლომატიის უმთავრეს გამოწვევად რჩევა ოკუპაცია და მასთან დაკავშირებული საფრთხეები, რომელთა განეიტრალებასა და მინიმალიზაციაზეც საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთელი დიპლომატიური კორპუსი 2020-წელსაც განსაკუთრებით აქტიურად იმუშავებს.
„ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას მომავალ წელს იმ გამოწვევების გასანეიტრალებლად, რაც არის დაკავშირებული ოკუპაციასთან. რადგანაც ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა და მთავარი გამოწვევა, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენს დიპლომატიურ საქმიანობაზე, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებაზე. ამიტომ ჩემი, როგოც დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელის ერთ-ერთი მთავრი ფუნქცია არის, რომ მაქსიმალურად გავანეიტრალოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ის საფრთხეები, რომელიც გარედან მოდის და ქვეყნას მივცეთ სტაბილური განვითარების საშუალება, რაც ასე სჭირდება საქართველოს“, - განცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.