logo_geo
eng_logo
„ღამის ეკონომიკა“, საპენსიო რეფორმა, ჰესები პანკისში - 2019 წლის ეკონომიკური ანალიზი
- +

2 იანვარი. 2020. 01:56

 

 

 

 

2019 წელი დატვირთული იყო პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენებით. ჩვენს რეალობაში როცა პოლიტიკა და ეკონომიკა გადაჯაჭვულია ერთმანეთზე, პოლიტიკური მოვლენები და პროცესები განსაზღვრავენ ეკონომიკის დღის წესრიგს, ხოლო მთავრობის მკვეთრი ჩართულობა ეკონომიკაში და მათ მიერ მიღებული ეკონომიკური გადაწყვეტილებები, როგორც წესი არაეფექტიანია და უარყოფით შედეგებს იწვევს. წარმოგიდგენთ 2019 წლის ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ ეკონომიკურ მოვლენებს.

 

  1. დაგროვებითი საპენსიო რეფორმა

 

1 იანვრიდან სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო პროგრამა ამოქმედდა. საპენსიო სისტემა, რომელიც ცნობილია 2+2+2, გულისხმობს ყოველთვიურად მოქალაქის ხელფასის 6% საპენსიო სააგენტოში ჩარიცხვას და დაგროვებას. საპენსიო თანხების ინვესტირება ჯერ არ დაწყებულა, 27 დეკემბრის მონაცემებით, ფონდში 495 მლნ ლარია მობილიზებული, რომელთა 100%, ჯერჯერობით, მხოლოდ საბანკო ანგარიშებზეა განთავსებული. თითქმის 1-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე თანამდებობას ისე ტოვებს, რომ სააგენტოს კონკრეტული შედეგი ჯერ არ უჩვენებია, თუმცა მთავარი გამოწვევები რაც სააგენტოს მიმდინარე წელს ჰქონდა, ეს იყო ფონდის სტრუქტურის ჩამოყალიბება და კადრების დაკომპლექტება, მნიშვნელოვან ფინანსურ გადაწყვეტილებებს კი, მომდევნო წლებიდან უნდა ველოდოთ. აღნიშნულ რეფორმას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. რეფორმის დასაწყისშივე ,,ევროპულმა-საქართველომ" მოქმედი საპენსიო სისტემის შეჩერების მიზნით პარლამენტში კანონპოექტი დაარეგისტრირა, ხოლო “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” მიერ საპენსიო სისტემის სავალდებულოობის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მიუხედავად აღნიშნული საპენსიო პროგრამის დადებითი თუ უარყოფითი მხარეების განხილვისა, ის მაინც ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო და თავად მოქალაქეებს გადაეწყვიტათ საკუთარი დანაზოგების ბედი, თუმცა ამ შემთხვევაში მოლოდინი იყო, რომ სქემაში მოქალაქეების აქტივობა ნაკლები იქნებოდა, ხოლო სავალდებულო წესის მიღების შემთხვევაში ფონდი შეძლებდა მაქსიმალური თანხების მობილიზებას.

 

  1. ე.წ. საბანკო რეგულაცია

 

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ფარგლებში მთავრობამ გადაწყვიტა ,,ეზრუნა’’ დაბალშემოსავლიან მოქალაქეებზე და მათ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა იმ მოტივით, რომ ჭარბვალიანობა შეემცირებინა ქვეყანაში. დაწესდა 4 საშემოსავლო კატეგორია და მათთვის განისაზღვრა სხვადასხვა ფინანსური ჭერი. მთავრობას დაავიწყდა, რომ ჭარბვალიანობა ქვეყნის დაბალი ეკონომიკური განვითარების და სიღარიბის შედეგია და არა მიზეზი, ხოლო ბრძოლა შედეგებს გამოუცხადეს და არა - მიზეზებს. შედეგად, საბანკო რეგულაციებმა ყველაზე მეტად სესხებზე წვდომა დაბალშემოსავლიან და თვითდასაქმებულ პირებს გაურთულა და აიძულა მევახშეებისკენ გადაემისამართებინა, რომელიც თავის მხრივ კიდევ უფრო ცუდ ფინანსურ სერვისს სთავაზობს ვიდრე ბანკი. საბანკო რეგულაციებმა შესაბამისი გავლენა იქონია ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე, განვადების სესხების შემცირებამ შეამცირა საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯის და სხვა პროდუქტების გაყიდვები. რეალიზაცია შემცირდა სამშენებლო სექტორში და ჯაჭვურად დააზარალა ის ბიზნესები, რაც დაკავშირებული იყო მშენებლობასთან: ვაჭრობის სფერო, სამშენებლო მასალების წარმოება და სხვ. საბანკო რეგულაციების შემდეგ, ტექნიკის მაღაზიებმა შიდა განვადებებიც დაიწყეს. ბიზნეს ასოციაციის შეფასებით, ,,საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო.’’

 

იმ პერიოდის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლარში სესხების აღების სავალდებულო ზღვარის 200 000 ლარამდე გაზრდას, გრძელვადიან პერსპექტივაში საპროცენტო განაკვეთებზე დადებითი გავლენა ექნებოდა, თუმცა რეგულაციის ამოქმედებიდან უკვე 2 თვეში მთავრობა მის შერბილებაზე ალაპარაკდა. იმ პერიოდის ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესში, შესაძლოა, ცვლილებები შესულიყო და რეგულაცია გარკვეულწილად შერბილებულიყო. ბოლო პერიოდში კი, გააქტიურდა ეს საკითხი და მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ლარში სესხების გაცემასთან დაკავშირებული 200,000-ლარიანი ლიმიტი 100,000 ლარამდე უნდა შემცირდეს.

 

მძიმე შესაფასებელია აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელზეც მთავრობამ მაქსიმუმ 1 წლიანი სავარაუდო შედეგებიც კი ვერ ივარაუდა და ისე მიიღო საბანკო რეგულაციები. უკვე მივეჩვიეთ, რომ ქვეყანაში მიღებული გადაწყვეტილებები და რეგულაციები, ხშირ შემთხვევაში მოკლებულია ყოველგვარ მეთოლოგიურ შინაარსს, არ კეთდება განმარტებითი განცხადებები და რაც კეთდება, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ემოციურ დონეზე ხდება. მეთოდოლოგიური ახსნა არც 200 000 ლარიან ლიმიტზე გაკეთებულა და არც იმაზე თუ რა გათვლების შედეგად აპირებენ 100 000 ლარამდე შემცირებას.

 

  1. ანაკლიის პორტი

 

ერთი შეხედვით კარგი ტემპით დაწყებული პროექტი, რომელსაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური სტაბილურობა უნდა მოეტანა, თანდათან ჩიხში შედის და ცუდი სცენარით ვითარდება. ყოველ ჯერზე, როცა კონსორციუმი აანონსებდა, რომ მათ ინვესტორი მოიძიეს და მთავრობისგან რეაგირებას ელოდნენ, მთავრობისგან ჰქონდათ დაგვიანებული რეაგირება, არ იკვეთებოდა მთავრობის ინტერესი და ხელშეწყობა აღნიშნული პროექტისადმი. ჯერ კიდევ ზაფხულის პერიოდში, როცა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური დახურვისთვის დრო 15 ივნისამდე ჰქონდა, საჭირო გახდა ვადების გახანგრძლივება, რადგანაც კონსორციუმის მიერ მოძებნილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და მთავრობა დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ. მთავრობის წევრების ოფიციალური პოზიცია, მუდამ ასეთია, რომ ისინი მიესალმებიან ანაკლიის პროექტს, აღიარებენ მის სამომავლო წვლილს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ხოლო საქმით და მთელი წლის განმავლობაში მათი მოქმედებებით საპირისპიროს აკეთებენ და აფერხებენ პროექტის განვითარებას. კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტები სახელმწიფოსგან უშედეგოდ ითხოვდნენ 8 პუნქტიანი გეგმის შესრულებას: პორტის განვითარების ფაზებისთვის არ იყოს ვადები დაწესებული; სახელმწიფომ დააზღვიოს ტვირთბრუნვის რისკი; გასცეს კომპენსაცია რკინიგზის და გზის მშენებლობის გაჭიანურების შემთხვევაში; კონსორციუმის მიერ სესხის აღების პროცედურა გახდეს მოქნილი; სახელმწიფოს ოქროს აქციას დაუწესდეს შეზღუდვები; სახელმწიფომ გასცეს კომპენსაცია პოლიტიკური ფორსმაჟორის შემთხვევაში; საკანონმდებლო ცვლილებების შეთანხმება ან კომპენსირება; კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან 400 მლნ აშშ დოლარის სესხის დაფარვა. მთავრობის განცხადებით ისინი ვალდებულნი არ იყვნენ ამ მოთხოვნებს დათანხმებოდნენ, თუმცა მათი განცხადებით ,,კეთილი ჟესტი’’ გამოავლინეს და 8-დან 7-პუნქტზე მიაღწიეს შეთანხმებას, მხოლოდ ბოლო პუნქტი აღმოჩნდა მიუღებელი.

 

საინტერესოა, ასეთი მასშტაბურ პროექტში რომელი ინვესტორი შემოვა ქვეყანაში გარანტიების გარეშე, რატომ უნდა უკვირდეს სახელმწიფოს, რომ საქართველოს არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის პირობებში ინვესტორები მათგან გარანტიებს ითხოვენ. მთელი ის აქტივი, იქნება მიწა თუ წყლის აკვატორია, სახელმწიფო საკუთრებაშია, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაზე როცა ინვესტორი პროექტს და თან ასეთი დიდი მნიშვნელობის პროექტს იწყებს, ცხადია გარანტიები სახელმწიფოსგან უნდა მიიღოს. სამწუხაროდ, ამ პროექტმა მთლიანად პოლიტიკური სახე მიიღო და არა ეკონომიკური, მიზეზიც მარტივია, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქტივებზე გავლენა მთავრობას აქვს და ის მუდამ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოლოდინში უნდა იყოს, ბაზარზე ერთმანეთს კერძო ინვესტორი და სახელმწიფო ხვდება და არა კერძო ინვესტორი და კერძო ბიზნესი, როცა ორივე მხარის მთავარი ინტერესი მოგების მიღება და პროექტის დროულად განხორციელებაა, შესაბამისად, მანამ სანამ ანაკლიის აქტივები სახელმწიფო საკუთრებაში და მის განკარგულებაში იქნება, ის მუდამ პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და მანიპულაციების საგანი იქნება.

 

  1. თიბისი ბანკის საქმე“

 

ანაკლიის პორტისა და თიბისი ბანკის საქმე ურთიერთდამოკიდებული თემებია, ანაკლიის პროექტზე პოლიტიკურმა ინტერესებმა გამოიწვია, ის ცხელი პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესები რაც თითქმის ყოველდღიურ პროცესად იქცა და ეს ყველაფერი დასრულდა ახალი პოლიტიკური პარტიის ,,ლელო’’-ს დაფუძნებით, რაც თავის მხრივ ახალ პოლიტიკურ მოვლენებსა და პროცესებს გვიმზადებს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ეროვნულმა ბანკმა თაროზე შემოდებული საქმე ჩამოიღო - ,,საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის 7 აგვისტოს შეტყობინების საფუძველზე, რომელიც ეხებოდა 2012 წელს განხორციელებულ ტრანზაქციებს, ეროვნულმა ბანკმა შემოწმება დაიწყო.’’ აღსანიშნავია, რომ თBჩ ბანკის ჯგუფის აქციები იკლებდა პროკურატურის ყოველ ბრალდებაზე, ხოლო მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ კვლავ ზრდას განაგრძობდა. მიმდინარე პროცესებმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იძულებული გახადა დაეთმოთ ბანკის წილები და მათ მიერ დაფუძნებული ბანკიდან წასულიყვნენ. $17 მლნ-იანი ტრანზაქციის საქმე დღემდე გრძელდება. ამ ტრანზაქციით არ დაზარალებულა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ფინანსური ზარალი არ მიადგათ ბანკის მეანაბრეებსა და მომხმარებლებს, ამ ტრანზაქციით არ დაზარალებულა თანამშრომლები, სხვა უცხოელ აქციონერებს, რომელთაც ჩვენზე მეტად უნდა ადარდებდეთ თავიანთი ფინანსური მდგომარეობა არ უჩივლიათ, ტრანზაქცია არ იყო ფულის გათეთრება, ანუ არ მომხდარა შავი ფულის გამოტანა და მასზე ლეგალური ფორმის მიცემა, გამოდის, რომ საქმეს, რომელსაც პრაქტიკულად მომჩივანი და დაზარალებული არ ჰყავს მისი სამართლებრივი განხილვა გრძელდება.

 

  1. ჰესის მშენებლობა პანკისში

 

დაპირისპირება და ქვეყანაში მდომარეობის დაძაბვა მოჰყვა ახალი ჰესის მშენებლობის დაწყებას პანკისში. პანკისის ხეობაში კომპანიებმა - „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ მცირე ჰესის „ხადორი - 3“-ის სამშენებლო სამუშაოები დაიწყეს, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, რასაც ხეობის მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მდგომარეობის განმუხტვის მიზნით, მთავრობამ პროექტი შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ ასევე მოსახლეობის გამოსვლები და პროტესტი მოჰყვა ნენსკრა ჰესისა თუ ხადორი ჰესის პროექტებს. ფაქტია, რომ საქართველოს ელექტროენერგიის დამოუკიდებლობის ზრდისა და გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ახალი ჰესების მშენებლობა ესაჭიროება, მით უფრო ბოლო პერიოდში რუსეთიდან იზრდება იმპორტირებული ელ.ენერგიის წილი. იმისათვის, რომ ეს პროცესი განხორციელდეს მთავრობისაგან შესაბამის გადაწყვეტილებებს ელოდებიან, რაც ამ მოცემულობაში მარტივი მისაღები არაა. ბიზნეს მოლაპარაკების წარმატებით დასრულებისთვის და ამ შემთხვევაში თუ ჰესების მშენებლობას ვიხილავთ, პირობები ორივე მხარისთვის მისაღები უნდა იყოს. ჩვენს შემთხვევაში ეს ბიზნეს პროექტი მოსახლეობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და ამიტომაც შედის მოლაპარაკებები ჩიხში და ვითარების დაძაბვით მთავრდება. მარტივი ეკონომიკური ჭეშმარიტება, რასაც ჰქვია კერძო საკუთრება აქ შემთხვევაში გათვალისწინებული საერთოდ არ არის, ხეობა სადაც ადამიანები ცხოვრობენ დოკუმენტებით მათ არ ეკუთვნით და კერძო საკუთრება მათზე არ ვრცელდება. პრობლემის მოგვარების გზა იქნებოდა, თუ ხეობაში მცხოვრებ ადამიანებს საკუთრებაში ექნებოდათ ხეობის ტერიტორია, ინვესტორიც მოლაპარაკებებს იქ მცხოვრებ ადამიანებთან გამართავდა და იმ ბიზნეს პირობას შესთავაზებდა რაც მოსახლეობისთვის იქნებოდა მისაღები, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა გადაწყვეტდა რომ არანაირ ფინანსურ სარგებლად არ უღირდათ აქ ჰესის აშენება ინვესტორიც არ შევიდოდა.

 

  1. ოქროს სიის“ შეღავათების გაუქმება

 

მოულოდნელი ინფორმაცია აღმოჩნდა ე.წ. „ოქროს სიის“ გაუქმება, განსაკუთრებით იმ კომპანიებისათვის ვინც გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობდნენ. ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის 2019 წლის 31 მაისს ხელმოწერილი №162 ბრძანება ითვალისწინებს: "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება "ოქროს სიის" მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა). შედეგად "ოქროს სიის" წევრი 218 კომპანიისთვის გადასახადების გადახდის 30–დღიანი შეღავათი გაუქმდა და 5 დღემდე შემცირდა, თან ისე რომ ინფორმირებული არც ბიზნესი და არც ბიზნეს ასოციაციები ყოფილან. გამონაკლისის სახით, ხორბალზე კვლავ შენარჩუნდა იმპორტის გადასახდელების გადახდის 45-დღიანი ვადა. მთავრობის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, მიიღეს იმპორტიორ კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენტუნარიანობის დამკვიდრების მიზნით. პირველი - სანამ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, წინასწარ უნდა ეცნობებინათ კომპანიებისთვის და მოსამზადებელი დრო მიეცათ, ხოლო მეორე, ცხადია, უპირატეს მდგომარეობაში არცერთი კომპანია არ უნდა იდგეს, მიუხედავად მათი საგადასახადო ისტორიისა, თუმცა თუ ბიზნესის გაუმჯობესების მიზნით დგამდნენ ნაბიჯებს, უმჯობესი იქნებოდა რომ საგადასახადო შეღავათები არათუ გაეუქმებინათ, პირიქით ყველა კომპანიისთვის გაემარტივებინათ საბაჟო პროცედურები.

 

  1. 20 ივნისის მოვლენების გავლენა ეკონომიკაზე

 

ე.წ. „გავრილოვის ღამეს“, რომელსაც დიდი პოლიტიკური პროცესები მოჰყვა, არც ეკონომიკა დაუტოვებია პროცესებს მიღმა. მთავარი გადაწყვეტილება, რაც რუსეთმა მიიღო იყო ,,ტურისტული ემბარგო’’. რამაც ზაფხულის პერიოდში დააზარალა ტურიზმის დარგი და განსაკუთრებით საოჯახო ტიპის სასტუმროები, რომელთა ბიზნეს გათვლა ძირითადად სწორედ რუს ტურისტებზე იყო. ეკონომიკური ემბარგოს გადაწყვეტილება პუტინმა ჩვენდამი ვითომ და ,,კეთილი ჟესტის’’ მიზნით არ მიიღო, სავარაუდოდ, გაითვალისწინა 2006 წელს საქართველოზე დაწესებული ემბარგოს შემდგომი პერიოდი, არ დაკარგა ეკონომიკური გავლენა საქართველოზე და საქართველოს რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულების კიდევ უფრო გაღრმევების პროცესს შეუწყო ხელი. 2013-2018 წლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ტურიზმის მარკეტინგის კამპანიაში 13 მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო 2018 წელს ტურიზმის ადმინისტრაციამ მარკეტინგის ჯამური 16.5 მლნ-დან 6 მლნ ლარი მხოლოდ რუსეთში დახარჯა, ამ დახარჯული მილიონების კვალდაკვალ კი რუსეთმა ,,ტურისტული ემბარგო’’ დაგვიწესა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ წრეებში მცდელობა იყო ივლისის მოვლენების შემდეგ ტურიზმის სფეროში პრობლემები დაეხატათ და ამ მოვლენაზე დაეკავშირებინათ თუნდაც ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურება, მომდევნო პერიოდის სტატისტიკებმა აჩვენა, რომ მათ მიერ დახატული ,,შავი სურათი’’ რეალობას არ წარმოადგენს და ტურიზმის სფეროშიც გვაქვს ზრდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსული ავიასანქციების მიუხედავად, საქართველოში უცხოეთის მოქალაქეთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა. 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.1%-ია. ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე აზერბაიჯანი, მეორე ადგილზე კი რუსეთის ფედერაციაა. 2019 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან 3.051.424.548 აშშ დოლარს შეადგენს. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +35 მილიონი აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ დარგს წარმოადგენს, რომელიც განაპირობებს უცხოური ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში, ტურისტული სერვისების განვითარებას და ქვეყნის იმიჯის ზრდას უცხოეთში.

 

  1. "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს"

 

ამოქმედდა ეკონომიკის სამინისტროს პროექტი ,,100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს’’, რომლის ფარგლებშიც საპრივატიზაციოდ გამოიტანეს 100-ზე მეტი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, რომლებიც წარმოდგენილნი არიან თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ჯამში 150 მილიონის ღირებულების სახელმწიფო ქონებაა გატანილი საპრივატიზაციოდ და მათი პრივატიზაციის შემდეგ, ჯამში, 2 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. სულ წარმოდგენილი იყო 127 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტი: 13 დეველოპერული პროექტი; 76 სამრეწველო/სასაწყობე ობიექტი; 5 სამედიცინო/სასწავლო დაწესებულება; 1 სპორტული ინფრასტრუქტურა; 27 სასტუმრო; 5 სატბორე მეურნეობა.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით: ,,პრივატიზების ტემპი ყოველგვარ მოლოდინებს აჭარბებს - აუქციონის გამოცხადებიდან 14 დღეში 26 ობიექტი უკვე გაიყიდა, 30 მლნ ლარის შეთავაზებული ფასის ნაცვლად კი მობილიზებულია 40 მლნ ლარზე მეტი. მისივე განცხადებით ინფორმაციით, უკვე ჩატარებული აუქციონებიდან ბიუჯეტში კიდევ 11.5 მლნ ლარი შევა, შედეგად კი წლის ბოლომდე შემოსავლები 100 მილიონ ლარს გადააჭარბებს. მნიშვნელოვანია, რომ გასხვისებულ ქონებას 88.4 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო ვალდებულებება აქვს.

მიუხედავად აღნიშნული ტემპებისა, გამოტანილ საპრივატიზაციო ობიექტები ღირებულებით და სამომავლო ეკონომიკური ეფექტიანობის თვალსაზრისით ვერც კი შეედრება საქართველოს იმ რეალურ ქონებას, რასაც რეალურად სახელმწიფო ფლობს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები; წიაღის უდიდესი რესურსი; ტყის ფონდი; შენობა-ნაგებობები; სახელმწიფო კომპანიები. ეს უდიდესი ქონება ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია დაკონსერვებული, არ ხდება მათი ჩართვა ეკონომიკაში და შესაბამისად, მათი ღირებულება 0-ია. არც კერძო სექტორს აძლევს ამ აქტივების გამოყენების შესაძლებლობას და არც თავად იყენებს, ხოლო რასაც იყენებს (მაგ; სახელმწიფო კომპანიები) ყოველ წელს ზარალით ასრულებს და ბიუჯეტიდან, ანუ გადასახადის გადამხდელების ფულით ფინანსდება.

 

  1. მთლიანი შიდა პროდუქტის მეთოდოლოგიის ცვლილება

 

მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა გახლდათ მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლის მეთოდოლოგიის ცვლილება. ეას 2008-ის მეთოდოლოგიაზე მსოფლიოს 80 ქვეყანაა გადასული, საქართველოში მოსამზადებელი პროცესი 2011 წლიდან დაიწყო, ხოლო აქტიურ ფაზაში 2017 წელს შევიდა. ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში საქართველოს ჰქონდა აღნიშნულ მეთოდოლოგიაზე გადასვლის ვალდებულება (ევროკავშირთან ასოცირების შესახებშეთანხმების IV თავი, მუხლები 286-291). თავად ევროკავშირის ქვეყნები ამ მეთოდოლოგიაზე სრულად 2014 წელს გადავიდნენ.

საქსტატი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გაანგარიშების ახალ მეთოდოლოგიაზე გადავიდა, რის შედეგადაც მთლიანი შიდა პროდუქტი 3.5 მლრდ ლარით გაიზარდა. თუ 2018 წელს ძველი მეთოდოლოგიით დათვლილი ნომინალური მშპ 41.1 მლრდ ლარს შეადგენდა, ახალი მეთოდოლოგიით გადაანგარიშების შემდეგ 44.6 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ანუ მოხდა მთლიანი შიდა პროდუქტის დონის 8.6%-ით მატება. შესაბამისად, გაიზარდა მშპ ერთ მოსახლეზე. ერთ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობა 4 345,5 აშშ დოლარიდან გაიზარდა 4 722,0 აშშ დოლარამდე. ასევე მოხდა დინამიკური მწკრივის მაჩვენებლების ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად დაკორექტირება, რამაც გამოიწვია, როგორც 2018-ის ისე წინა წლების მშპ-ის ზრდა და რის გამოც 2018 წელს ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 4.8% (4.7% ძველი მეთოდოლოგიის მიხედვით).

მშპ-ის გამოთვლა ხდება ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მიხედვით (ეას). ეროვნულ ანგარიშთა სისტემამ განვითარების 5 ეტაპი გაიარა, ეას53; ეას60; ეას64; ეას68; ეას93 და ეას2008. საქართველოში აქამდე მშპ გამოითვლებოდა ეას93-ის მიხედვით, ხოლო მეთოდოლოგიური ცვლილების შედეგად გადავიდა ეას2008-ის ბოლო ვერსიაზე.

მშპ-ის მოცულობის ზრდაზე გავლენა იქონია ორმა ფაქტორმა: 1. მეთოდოლოგიურმა ცვლილებამ (3%-იანი გავლენა მთლიან ზრდაზე) და 2. სტატისტიკური წყაროს გაუმჯობესებამ (5,6%-იანი გავლენა მთლიან ზრდაზე), რაც გულისხმობს ეკონომიკური სექტორების დეტალიზებულ დაკვირვებასა და დაუკვირვებადი ეკონომიკის სექტორების კვლევის მონაცემების მოპოვებას.

 

  1. აქციზის ზრდა, ტაქსების ლიცენზირება, კონკურენციის სააგენტო და ღამის ეკონომიკა

 

2019 წლის განმავლობაში აქტუალობას არ კარგავდა კონკურენციის სააგენტოს მიერ პურის ფასის ზრდაზე მოქმედი მიზეზების კვლევის შედეგების მოლოდინი, ღამის ეკონომიკის ფუნქციები და შედეგები, რომელიც ჯერ კიდევ 2018 წელს დაფუძნდა, ტაქსების ლიცენზირების საკითხი, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ახალ რეგულაციად ექცათ მომხმარებლებს. ასევე ნოემბერში აქციზის ზრდა კვლავ მოხდა და ის თამბაქოს ნაწარმს შეეხო.

 

აქციზის ზრდა

 

აქციზის ზრდის პირველი მნიშვნელოვანი ეფექტი 2017 წელს ვნახეთ, როცა ესტონური მოდელის შემოღებით ბიუჯეტში 500 მილიონი ლარის დანაკარგის შევსება აქციზის ზრდით გადაწყდა. შედეგად 2017 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე, ალკოჰოლურ სასმელებზე და ნავთობპროდუქტებზე. შედეგად 2017 წელს ინფლაციის დონემ 6,7% შეადგინა. მთავრობას კონსტიტუციის 94-ე მუხლის საფუძველზე, რეფერენდუმის გარეშე ახალი გადასახადების შემოღების ან ძველი გადასახადების ზრდის უფლება არ აქვს, რაც არ ვრცელდება აქციზზე, შედეგად ყოველ წელს ვიღებთ გაზრდილ აქციზს. ბოლო ზრდა მოხდა ნოემბერში და შეეხო თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმს. თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდა პირდაპირ პროპორციულია კონტრაბანდისა და ამ სფეროს ჩრდილოვან ეკონომიკაში გადასვლასთან. აქციზის განაკვეთის პერიოდულ ზრდას, რომელსაც თითქოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ახდენენ, რეალურად ნეგატიურ შედეგებს ვიღებთ: თამბაქოს მომხმარებლები გადადიან შედარებით დაბალ ფასიან და უხარისხო თამბაქოზე; უძვირდებათ თამბაქო, რაც ნიშნავს ყოველდღიური ხარჯების ზრდას; აქციზის განაკვეთის ზრდა ხელს უშლის თამბაქოს წარმოების განვითარებას ქვეყანაში, რაც აისახება წარმოებაზე და დასაქმების დონეზე; გაძვირებული გადასახადის გამო კიდევ უფრო იხსნება ჩრდილოვანი ბაზარი, რითაც მოგებულები რჩებიან კონტრაბანდისტები, რომელთათვისაც ეს ბიზნესი დღითიდღე უფრო სარფიანი ხდება.

 

ტაქსების ლიცენზირება

 

1 ოქტომბრიდან ტაქსის სერვისით მომსახურება ლიცენზიის გარეშე აიკრძალა. ხოლო ის ტაქსები, რომელთაც შესაბამისი რეგისტრაცია არ ექნებათ გავლილი, 1 ოქტომბრიდან 200 ლარით ჯარიმდებიან. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ, გამოიწვია ტაქსის მომსახურების ფასის მკვეთრი ზრდა და მომსახურების გაუარესება, რაც გამოიხატება ტაქსის ლოდინის დისკომფორტში. სტატისტიკის ოფიციალური მონაცემების მიხედვით 2019 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ტაქსის მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 12,9%-ით. ამასთან, ახალ რეფორმას იმ ადამიანების სამუშაოს დაკარგვა მოჰყვა, ვისაც თეთრი ავტომობილები არ ჰყავდა ან არ გადაღებეს.

 

კონკურენციის სააგენტოს პურის ფასის ზრდის მიზეზებს უშედეგოდ იკვლევს

 

ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში პრემიერ მინისტრმა გიორგი ბახტაძემ კონკურენციის სააგენტოს პურის ფასის ზრდის გამომწვევი მიზეზების კვლევა დაავალა. სრული ერთი წლის თავზე, კონკურენციის პასუხი უცნობია. ეს ისტორია მოსახლეობაში უფრო სახუმარო და გასართობ ნიუსად იქცა ვიდრე კონკრეტულ სამთავრობო გადაწყვეტილებად. მომხმარებლებს, ალბათ, უფრო გვირჩევნია, რომ კონკურენციის სააგენტომ არც არასდროს გამოიკვლიოს პურის ფასის ზრდის გამომწვევი მიზეზები, რასაც მეტ-ნაკლები სიზუსტით ყველა მომხმარებელმა ისედაც იცის. ვინაიდან, მიზეზების კვლევის შედეგებს წესით მოყვება მთავრობის რეგულაციები ამ დარგში, რაც შეიძლება ბიზნესის შეზღუდვით და პროდუქციის კიდევ უფრო გაძვირებით დასრულდეს.

 

ღამის ეკონომიკა“

 

მთლიანი დღის ეკონომიკაში მომხდარი მოვლენების შეფასების შემდეგ არ უნდა გამოგვრჩეს ღამის ეკონომიკა, რომელიც საღამოს 8 საათიან დილის 8 საათამდე მიმდინარე ეკონომიკური აქტივობას მოიცავსრომელზეც ღამის ეკონომიკის მენეჯერი სერგი გვარჯალაძე პასუხობს, რომ 1 წლის განმავლობაში თბილისში ღამის ცხოვრების განვითარებისთვის, მთელი ეს დრო უმეტესად საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, მათგან რეკომენდაციების მიღებას და სატესტო რეჟიმში რამდენიმე პროექტის ჩაშვებას მოხმარდა. ერთ-ერთი ასეთი პროექტი, მისი თქმით, „ღამის ავტობუსებია“. საჯარო ინფორმაციიდან ასევე ირკვევა, რომ 2018 წლის განმავლობაში სულ 4 ადამიანი იყო დასაქმებული და მათთვის გადახდილი ანაზღაურება, ჯამში, 67 916 ლარს შეადგენდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner