„ნიკა გვარამიამ კახაბერ დამენიასთან ერთად გაფლანგა „რუსთავი2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლება, დაახლოებით, 7 მილიონამდე ლარი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განუცხადა.
დღეიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის საქმის არსებითი განხილვა იწყება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.
„სამივე ბრალდებულს ფინანსურ დანაშაულს ვედავებით. ფინანსური დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ მთავარი მტკიცებულება არის ფინანსური დოკუმენტები, რევიზიის დასკვნები. არის წერილობითი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები.
ნიკა გვარამიამ კახაბერ დამენიასთან ერთად გაფლანფა"რუსთავი2"-ის კუთვნილი ქონებრივი უფლება, დაახლოებით, 7 მილიონამდე ლარი. ასევე მას ვედავებით, რომ აღნიშნული გაფლანგვის შემდეგ, მან კომერციული მოსყიდვის წესით მიიღო უძრავი ქონება. მან სცადა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ფულის გათეთრება. მას ასევე ვედავებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, კერძოდ კი, „რუსთავი2“-ის ეთერში რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მან საკუთრებაში მიიღო საკმაოდ ძვირად ღირებული ავტომობილი 2019 წლის „პორშე მაკანი ესი“, - განაცხადა გუბელაძემ.
რაც შეეხება, ფარულ თვალთვალს, როგორც ზვიად გუბელაძე აცხადებს, აღნიშნულის მიზანი მხოლოდ იმის დადგენა იყო, თუ ვინ გადაადგილდებოდა
„პორშე მაკანი ესით“. პროკურორის თქმით, თვალთვალი მხოლოდ 2 დღე გაგრძელდა და მაშინვე შეწყდა, როგორც კი დარწმუნდნენ, რომ ავტომობილით გვარამიას ოჯახი სარგებლობდა.
„ფარული საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტარდებოდა. მიზანი მხოლოდ ის იყო, დაგვედგინა ვინ სარგებლობა ავტომობილით. ფარული საგამოძიებო მოქმედება მხოლოდ 2 დღე გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ ნიკა გვარამიას ოჯახი სარგებლობდა ავტომობილით, მაშინვე შეწყდა ფარული თვალთვალი“, - განაცხადა გუბელაძემ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.
ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.
კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.
რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.