„ავსტრალიაში ხანძარს ვეღარ აკონტროლებენ. ახალი სამხრეთ უელსის შტატის სახანძრო სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, ტერიტორიის დატოვებას აღარ შეეცადონ და თავშესაფარი ადგილზევე ეძებენ“, - ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.
„ტერიტორიის დასატოვებლად უკვე ძალიან გვიანაა, ეძებეთ თავშესაფარი,“- ნათქვამია სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, მდგომარეობას ტემპერატურის მატება და ძლიერი ქარი ართულებს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის სკოტ მორისონის განცხადებით, მეხანძრეებს ხანძართან გამკლავებაში 3000 ჯარისკაცი დაეხმარება. გარდა ამისა, ევაკუაციის პროცესში სამხედრო ფლოტის მესამე ხომალდი ჩაერთო.
მიმდინარე კვირაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. დაკარგულად კი ამ დროისთვის 21 ადამიანი ითვლება.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ხანძარი სექტემბერში გაჩნდა. დამწვარია 1300-ზე მეტი სახლი და 5.25 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია.