logo_geo
eng_logo
მსოფლიო ირანის პასუხის მოლოდინში - რა გავლენა ექნება ახლო აღმოსავლეთის მოვლენებს საქართველოზე
- +

4 იანვარი. 2020. 14:05

 

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტარული დაჯგუფება „ქუდსის“ გენერალი ქასემ სულეიმანი აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებით, სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ირანი სასტიკი პასუხით იმუქრება, ვაშინგტონმა კი სამხედროები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. მსოფლიო შემდგომ ნაბიჯებს ელოდება.

 

რა მოხდა?

 

31 დეკემბერს ერაყის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები შეეცადნენ შტურმით აეღოთ ამერიკის საელჩო. თავდასხმის ორგანიზებაში ბრალს აშშ ირანს უყენებს - ირანი ბრალდებას უარყოფს.

საელჩოს შტურმით აღების მცდელობას წინ უძღოდა აშშ-ის მიერ, განხორციელებული ავიადარტყმები შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლას“ ბაზების წინააღმდეგ, რასაც 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ „ჰეზბოლას“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

 

ამერიკის საელჩოზე თავდასხმის საპასუხოდ, სპეცსამსახურებმა ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლეს, რომელიც ირანში ძალაუფლებით აიათოლა ჰამენეის შემდეგ, ყველაზე გავლენიან თანამდებობის პირად მიიჩნეოდა.

 

ვინ არის მოკლული გენერალი?

 

მოკლული გენერალი 62 წლის იყო. ის გლეხების ოჯახში დაიბადა და მხოლოდ 5 კლასი დაამთავრა, რის შემდეგაც დაიწყო მუშაობა. ის მხარს უჭერდა ისლამურ რევოლუციას და პირველივე დღეებში ჩაეწერა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის რიგებში. ეს დაჯგუფება ირანში იმდენად გავლენიანი გახდა, რომ დღეს ის პირდაპირ ირანის მმართველს ემორჩილება.

 

1998 წელს, ქასემ სულეიმანი სპეცდაჯგუფება „ქუდს“ ჩაუდგა სათავეში, რომელიც უცხოეთში საიდუმლო ოპერაციებს ატარებს. ამ დაჯგუფების შესახებ ცნობილია ის ფაქტი, რომ ისინი მონაწილეობას იღებდნენ სირიის ომში და მხარს უჭერდნენ ბაშარ ასადს. გარდა ამისა, „ქუდსი“ ეხმარებოდა შიიტებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“. ახლო აღმოსავლეთის ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ  მათ განადგურებაში სულეიმანს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის.

 

როგორ განვითარდება მოვლენები ახლო აღმოსავლეთში და არსებობს თუ არა ომის საშიშროება, ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებს გავესაუბრეთ.

 

„ირანში სულეიმანი იყო საკმაოდ გავლენიანი, ფაქტობრივად, მეორე პირად შეიძლება ჩაითვალოს ირანში სამხედრო პოლიტიკურ ცხოვრებაში. თავისთავად მსგავსი დანაკარგი ირანისთვის არის მტკივნეული და გამაფრთხილებელი, რომ მსგავსი რამ რაც განხორციელდა ამერიკის საელჩოზე, დაუსჯელად არ ჩაივლის“, - აღნიშნავს ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ვასილ პაპავა. 

 

ექსპერტის თქმით, ნებისმიერ საელჩოზე თავდასხმა ნიშნავს იმ სახელმწიფოზე ომის გამოცხადებას.

„ფარული ომი ირან-ამერიკას შორის პროდასავლური შახის დამხობის შემდეგ მიმდინარეობს 1979 წლიდან, უბრალოდ სხვადსხვა პერიოდებში ჰქონდათ აღზევებები და ურთიერთობის დალაგების ეპიზოდები, როგორც ჩანს საბოლოოდ მათ შორის გადალუხულია ბოლო ზღვარი, რომელიც არ ტოვებს დიალოგის საშუალებას“, - აღნიშნავს „პრაიმტაიმთან“ საუბარში პაპავა.

 

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ყველაფერი ამ ეტაპზე დამოკიდებულია ირანის პასუხზე და მხოლოდ მას შემდეგ შესაძლებელი იქნება უფრო ზუსტი პასუხი გაეცეს იმ მოვლენებს, რაც მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში.

 

„ყველაფერი დამოკიდებული იქნება ირანის საპასუხო ქმედებებზე რაზეც პროგნოზ ვერავინ გააკეთებს. ირანში მოწვეულია საგანგებო უშიშროების საბჭო. რას გადაწყვეტენ ეს პრესისთვის არ იქნება ცნობილი. ჩვენ გავიგებთ ყველაფერს მას შემდეგ რაც ირანის მხრიდან დავინახავთ ამ ქმედებებს - იქნება ეს უშუალოდ აშშ-ს ბაზების წინააღმდეგ მოქმედება, თუ ამერიკის მოკავშირე სახელმწიფოების წინააღმდეგ ნაბიჯები“, - აღნიშნავს ექსპერტი.

 

რა მოხდება რეგიონში და რა ბედი ეწევა საქართველოს?

 

„ნებისმიერი დაძაბულობა ჩვენს სამეზობლოში, თუ ეს გადაიზარდა სამხედრო მოქმედებებში, მასში ჩართული იქნება საკმაოდ ბევრი სახელმწიფო, მათ შორის ჩვენი როგორც სავაჭრო პარტნიორები, ასევე სამეზობლო მთლიანად. ეს აისახება როგორც პოლიტიკურ ვითარებაზე რეგიონში, ასევე ეკონომიკაზე, მათ შორის ჩვენს ეკონომიკაზე, ფასების ცვლილებაზე, ვაჭრობის შეფერხებებზე და ა.შ.“ - აცხადებს სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

 

მისი თქმით, საქართველოში მუსირებს ხოლმე აზრი ბაზებთან დაკავშირებით, რომლებსაც ამერიკა თითქოს გამოიყენებს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებებისთვის, თუმცა ამის საფუძველი ექსპერტის თქმით, არ არსებობს.

 

„საქართველოსთვის რაიმე ფორმით სამხედრო მოქმედებებში ჩართულობას ან რაიმე პოზიციის გამოხატვის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ. შეიძლება დაიწყონ რაღაც ვერსიების განხილვა ამერიკის მხრიდან საქართველოს ბაზების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, მე არ მგონია ასე. როგორც წესი, როცა იძაბება სიტუაცია  ჩვენი საექსპერტო საზოგადოებაში ასეთი ვერსიები იდება. ადრეც გამოვრიცხავდი და ამ ეტაპზე გამოვრიცხავ. ამის არც აუცილებლობა არსებობს ამერიკის მხრიდან და არც მზადყოფნა იმისი, რომ აქ გადმოსროლილ იქნას ამერიკის სამხედრო კონტიგენტი ამისათვის. მივადევნოთ თვალი როგორ განვითარდება პროცესები და უკვე ვითარებიდან გამომდინარე ხელისუფლებამ უნდა იფიქროს სხვადასხვა სცენარებში როგორი პოლიტიკა განახორციელოს“, - აღნიშნავს ამირან სალუქვაძე.

 

ახლო აღმოსავლეთის ექსპერტის ვასილ პაპავას აზრით, ვაშინგტონისა და თეირანის პირდაპირი კონფრონტაცია დამანგრეველი იქნება მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის, თუმცა მისი თქმით, სიტუაცია აქამდე არ დაიძაბება. 

 

„ორივე მხარეს უნდა ესმოდეს, რომ ამერიკასთან პირდაპირი დაჯახება ირანს გაანადგურებს, მთავარი ის არ არის, ვინ რომელს აჯობებს, შემდეგ რა დადგება ეგაა კითხვა. ირანი ხელწამოსაკრავი სახელმწიფო არ არის, და არაერთი სახელმწიფო დაუდგება მას გვერდში და აქედან გამომდინარე საკმაოდ დამანგრეველი იქნება ახლო აღმოსავლეთისთვის მსგავსი ფართომასშტაბიანი დაჯახება ამერიკა-ირანს შორის, თუმცა ვფიქრობ რომ ორივე მხარეს ეყოფათ გონიერება სხვა სახით უპასუხონ ერთმანეთს და არა პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციით“, - განაცხადა ექსპერტმა.

 

უახლესი ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. ირანი მუქარის შესასრულებლად ემზადება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner