„ვითარების დეესკალაციისა და დაძაბულობის შესამცირებლად დიპლომატიის დროა“,- საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-სა და ირანის ურთიერთობის დაძაბვას „Twitter“-ზე ეხმაურება.
მისი თქმით, აშშ-ს აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეები.
„ჩვენ დავგმეთ ბოლოდროინდელი ძალადობა, პროვოკაციული თავდასხმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე. აშშ-ს აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეები. ვითარების დეესკალაციისა და დაძაბულობის შესამცირებლად დიპლომატიის დროა“, - დაწერა მინისტრმა „Twitter“-ზე.
შეგახსენებთ, 31 დეკემბერს ერაყის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები შეეცადნენ შტურმით აეღოთ ამერიკის საელჩო. თავდასხმის ორგანიზებაში ბრალს აშშ ირანს უყენებს - ირანი ბრალდებას უარყოფს.
საელჩოს შტურმით აღების მცდელობას წინ უძღოდა აშშ-ის მიერ, განხორციელებული ავიადარტყმები შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლას“ ბაზების წინააღმდეგ, რასაც 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ „ჰეზბოლას“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
ამერიკის საელჩოზე თავდასხმის საპასუხოდ, სპეცსამსახურებმა ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლეს, რომელიც ირანში ძალაუფლებით აიათოლა ჰამენეის შემდეგ, ყველაზე გავლენიან თანამდებობის პირად მიიჩნეოდა.