logo_geo
eng_logo
გრიპის ვირუსით დაავადებულთა შესახებ განახლებული მონაცემები დღეს გახდება ცნობილი
- +

6 იანვარი. 2020. 10:10

 

 

გრიპის ვირუსით კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჰოსპიტალიზაციის და გართულებული შემთხვევების მაჩვენებელი განახევრებულია.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, უწყებას გრიპის ვირუსით დაავადებულთა შესახებ დეტალური ინფორმაცია დღეს ექნება, თუმცა, მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, სტატისტიკა არ არის საგანგაშო.

 

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ირწმუნება, ქვეყანა ეპიდემიური აფეთქებისგან შორს არის.

 

„რამდენადაც მაქვს წინასწარი ინფორმაცია, არ არის მნიშვნელოვანი ზრდა, მაგრამ დაზუსტებული სტატისტიკა იქნება ორშაბათს. ჩვენ დღეს ვმსჯელობთ ერთი კვირის წინანდელი სტატისტიკით, რომლის დინამიკაც გახლავთ ბოლო სამი კვირის განმავლობაში მიმართვიანობის ზრდა, მაგრამ მძიმე შემთხვევების მაჩვენებელი, სადაც ჰოსპიტალიზაციაა საჭირო, იქ პირიქით, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განახევრებულია“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში ძირითადად B ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც შედარებით მსუბუქია და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სამედიცინო სექტორი მზად არის პაციენტთა გაზრდილი ნაკადის მისაღებად.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში გრიპის სეზონი კიდევ დაახლოებით, სამი თვე გაგრძელდება, ამიტომ უწყების ხელმძღვანელი მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს.

 

ამირან გამყრელიძის მტკიცებით, ვაქცინის საკმარისი მარაგი არის, თუმცა საყურადღებოა, რომ აცრიდან დაახლოებით ორი კვირა არის საჭირო ორგანიზმში იმუნიტეტის გამომუშავებისთვის.

 

რაც შეეხება გრიპის სიმპტომებს, როგორც მედიკოსები განმარტავენ, გრიპის სიმპტომებია მაღალი სიცხე, ხველა და სახსრების ტკივილი. გრიპის ვირუსისგან თავის დასაცავად მთავარი რეკომენდაციაა ხელის ხშირი დაბანა, ოთახის განიავება და პირბადის ტარება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner