logo_geo
eng_logo
შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა
- +

6 იანვარი. 2020. 12:24

 

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა.

 

შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

 

„ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, დეტალურად გავეცანი წმინდა სინოდის შუამდგომლობას და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას. ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება. ვერ მოვნახე არგუმენტი, მითუმეტეს შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან 2019 წლის 8 ნოემბერს მიიღო.

 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ  კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

 

18 სექტემბერს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი პირველად გამოსცა.

 

მსჯავრდებულთა შეწყალება ახალი წესის მიხედვით განხორციელდა, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს შევიდა ძალაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner