logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: უგულავა და ბოკერია სხვების შეყვანას ვერ შეძლებენ ისეთ სიებში, რომლებშიც უკვე წლებია თვითონ არიან
- +

6 იანვარი. 2020. 15:57

 

„მინდა დაგამშვიდოთ, რომ ბატონი უგულავა და ბატონი ბოკერია სხვების შეყვანას ვერ შეძლებენ ისეთ სიებში, რომელშიც უკვე წლების განმავლობაში თვითონ არიან“,- ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტების კითხვას ე.წ. შავ სიებთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციის მიერ საერთაშორისო პარტნიორებს უნდა გაეგზავნოთ.

 

არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ თუ ვინმეს რაიმე სია აინტერესებს, წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა შესახებ ანგარიშები უნდა ნახოს, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყოველგვარ დარღვევაზე ადეკვატურად რეაგირებს და მას არასდროს ჰქონია უპასუხისმგებლო მიდგომა გადაცდომებთან დაკავშირებით.

 

„მოკლედ რომ გიპასუხოთ და იმ განწყობის გათვალისწინებით, რომელიც ამ დღეების განმავლობაშია ქვეყანაში, მინდა დაგამშვიდოთ, რომ ბატონი უგულავა და ბატონი ბოკერია სხვების შეყვანას ვერ შეძლებენ ისეთ სიებში, რომელშიც უკვე წლების განმავლობაში თვითონ არიან. თუმცა, მაინც მინდა გითხრათ, რომ სერიოზულად ვერ აღვიქვამ ამ სიების შედგენას, ეს არის ერთგვარი გაცვეთილი პოლიტიკური ინსტრუმენტი და არ მგონია, ამან რაიმე ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურად.

 

ვიდრე თქვენ დაინტერესდებით ბატონი ბოკერიას და უგულავას მიერ გაკეთებული სიებით, გადმოიღეთ სახალხო დამცველის ანგარიშები, რომელიც ეხება მათ საქმიანობას, სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ეხება ერთ- ერთი მათგანის საქმიანობის პერიოდს, ნახეთ ეს ხალხი რა სიებში არიან შეყვანილი. ეს არის სიები, რომელიც დოკუმენტურად არის შედგენილი და ჩაწერილი ისეთ ანგარიშებში, რომელსაც იცნობს მთელი მსოფლიო. თუ სიები გაინტერესებთ, ამ სიებს უნდა შეხედოთ“, - განაცხადა თალაკვაძემ

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner