„ეს არის მორიგი ტყუილი იმ სერიიდან, რაც დეკანოზის გარემოცვიდან არერთხელ გაგვიგონია“, - ასე უპასუხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ შეწყალების საკითხზე გამართულ ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებს.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ნამდვილად ისაუბრა თუ არა პრეზიდენტმა საქართველოს პატრიარქთან დეკანოზის შეწყალების საკითხზე 4 იანვარს, როდესაც ის საპატრიარქოში პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.
ჯაღმაიძემ ასეთი საუბარი უარყო და აღნიშნა, რომ ეს მორიგი ტყუილია.
ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს თავად პატრიარქმა სთხოვა, გიორგი მამალაძე არ შეეწყალებინა. თორნიკე მამალაძის თქმით, თავად კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სალომე ზურაბიშვილს პირად საუბრებში უარი უთხრა შეწყალებაზე.
როგორც მამალაძე აცხადებს, პატრიარქმა წმინდა სინოდი და მთელი საზოგადოება მოატყუა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდება სცადა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა.
ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.