ერაყის მთავრობამ საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ძალებს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება შეუზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას ერაყის შეიარაღებული ძალების მეთაურის, გენერალ აბდელ კარიმ ხალიფას განცხადებაზე დაყრდნობით გამოცემა „მავაზინი“ ავრცელებს.
საერთაშორისო კოალიციის ძალებს უფლება აქვთ კონსულტაციები გაუწიონ სამხედროებს, განახორციელონ იარაღის მიწოდება და წვრთნა, ხოლო მათი გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიაზე შეზღუდულია.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ერაყის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც დეპუტატები ერაყიდან უცხოელი სამხედროების გაყვანას ითხოვენ. ერაყის პრემიერ-მინისტრი მოვალეობის შემსრულებელმა ადელ მაჰდიმ კი განაცხადა, რომ აშშ-ის ავიაიერიში, რომლის შედეგადაც ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია მოხდა, ერაყის სუვერენიტეტს არღვევს.
ამჟამად ერაყში 5000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.