„NATO ერაყში საწვრთნელ მისიას წყვეტს და საკუთარი ხალხის დასაცავად საჭირო უსაფრთხოების ყველა ზომას ახორციელებს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ორშაბათს, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა და NATO-ს საწვრთნელი მისიის სირთულეები ერაყში. NATO და მისი ყველა მოკავშირე ისლამური სახელმწიფოს დამარცხების მიზნით შექმნილი კოალიციის წევრები არიან და NATO-ს მისია ერაყში კოალიციის ძალისხმევას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ერაყის მთავრობის მიწვევით ქვეყანას სამხედრო ძალების გაწვრთნაში ვეხმარებით და ხელს ვუშლით ისლამური სახელმწიფოს დაბრუნებას,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე NATO-ს წევრებმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლისა და ერაყში NATO-ს მისიის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
„თუმცა, პირადი შემადგენლობის უსაფრთხოება პირველხარისხოვანია. ამიტომ, ამ დროისთვის ადგილზე წვრთნებს ვწყვეტთ,“ - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, ალიანსი სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და ერაყის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას ინარჩუნებს,
„NATO წვრთნებს მაშინვე გააგრძელებს, როგორც კი ამის შესაძლებლობას სიტუაცია მისცემს,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ალიანსი საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგული რჩება.