თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული შსს-ს თანამშრომლის, ზურა ფოფხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილი უძღვება.
როგორც სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განაცხადა, ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობას დააყენებს. მისივე ინფორმაციით, ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტორს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია.
შეგახსენებთ, თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელია დაკავებული.
პროკურატურის ინფორმაციით, ინციდენტი 2 იანვარს, ღამის საათებში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე მოხდა. პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ. წ. იმყოფებოდნენ თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ. -ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ. ფ. -ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე. ბრალდებული ზ. ფ. შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას, რა დროსაც სცემა მ. ჩ. და მ. წ.
ხსენებულ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად მ. ჩ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.