ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებლებს გასული წლის 29 დეკემბრიდან განახლებული ინფრასტრუქტურით მასპინძლობს. მრავალფეროვანი ყვავილნარი, ეგზოტიკური მცენარეები, ხეივნები, ბილიკები, ხელოვნური ტბა ხის ნავებითა და პატარა ხიდები - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ყველაფრისა, რასაც განახლებულ ბოტანიკურ ბაღში შეხვდებით.
მიმზიდველი გარემო და სასიამოვნო ატმოსფერო დამთვალიერებლებს რომანტიკულ განწყობასაც უქმნის და „რეგიონული კვირის“ გადამღები ჯგუფი ხელის თხოვნის სცენასაც შეესწრო. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, ეს პირველი ხელის თხოვნა იყო განახლებულ ბოტანიკურ ბაღში და სამზადისში ბაღის ადმინისტრაციაც აქტიურად იყო ჩართული.
ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.