სოხუმში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„ყურადღებით ვაკვირდები სოხუმში მოვლენების განვითარებას და ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედსა და ადამიანის უფლებებს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია დილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.
აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაიმართა. არაღიარებული რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი – 46,17 პროცენტი. მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55 პროცენტით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.
დღეს ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო მოსმენა დაიწყო „პრეზიდენტობის“ ყოფილი კანდიდატის, „ამცახარას“ ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე, რომელიც ცდილობს, გააბათილოს ე.წ არჩევნების შედეგები. მან ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 20 სექტემბერს შეიტანა. თუმცა, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც კვიცინიამ უზენაეს სასამართლოს“ მიმართა.