„კარგი იქნება შემდგომში მოსამართლეების შერჩევის პროცესი უფრო დაიხვეწოს“, - ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებას.
როგორც რუდმა აღნიშნა, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნა ასახავს როგორც პოზიტიურ საკითხებს ამ პროცესში, ასევე, პრობლემატურ ხარვეზებს.
„მე მქონდა შესაძლებლობა, რომ გავცნობოდი ამ დასკვნის შინაარსს. ეუთო/ოდირი-ს დასკვნა ასახავს როგორც პოზიტიურ საკითხებს ამ პროცესში, ასევე, პრობლემატურ ხარვეზებს, რის შესახებაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გამოთქვა უკვე მოსაზრება. მე კი გავიმეორებდი, რომ კარგი იქნება შემდგომში მოსამართლეების შერჩევის პროცესი უფრო დაიხვეწოს“, - განაცხადა რუდმა.
ცნობისთვის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს.