ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ სხდომიდან გაძევებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიასა და ადვოკატ ბექა ბასილაიას სარჩელი დააკმაყოფილა და ისინი სასამართლო სხდომებზე დააბრუნა.
„დღევანდელი სასამართლო პროცესი შესავალი სიტყვებით უნდა გაგრძელდეს. დაცვის მხარემ უნდა წარადგინოს შესავალი სიტყვა მოსამართლის წინაშე, კერძოდ, დარჩენილია ბრალდებულ ზურაბ იაშვილის და ბრალდებულ ნიკა გვარამიას მხარეები, მათ უნდა თქვან შესავალი სიტყვა. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, როგორც ჩემთვის ცნობილია, მან ბრალდებული ნიკა გვარამია და ადვოკატი ბექა ბასილაია დააბრუნა სასამართლო განხილვებზე და მათ ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საქმის განხილვაში, თუმცა, როგორც მხარეებისთვის გახდა ცნობილი, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სამწუხაროდ, არ გამოცხადდება ადვოკატი ბექა ბასილაია და ნიკა გვარამიას ადვოკატები, დაველოდოთ სასამართლოს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა პროკურორმა.
სასამართლოში მივიდა „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მას პროცესზე შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია და კახა დამენიას ადვოკატი, ბექა ბასილაია 3 იანვარს მოსამართლე გიორგი არევაძემ დარბაზიდან „სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოვლენის“ მიზეზით გააძევა. ეს გადაწყვეტილება გვარამიას ადვოკატმა და ბექა ბასილაიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.