ირანში, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების ადგილას, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხელნაწერი წერილი იპოვეს, რომელიც ერთ–ერთ კანადელ სტუდენტს ეკუთვნოდა. წერილში ახალგაზრდა ღმერთს სთხოვს გამოცდების ჩაბარებაში დახმარებას.
გავრცელებული ინფორმაციით, ირანში ჩამოგდებული ბოინგის მგზავრების უმეტესობას კანადელი სტუდენტები შეადგენდნენ, რომლებიც დასვენების დღეებს ირანში ატარებდნენ და სწავლას უბრუნდებოდნენ, აღნიშნული რეისი კი დაბალი ფასის გამო აირჩიეს.
ბოინგი–737 აფრენიდან დაახლოებით ორ წუთში ჩამოვარდა, ორ კილომეტრზე მეტი სიმაღლიდან და აფეთქდა. გამოძიება დაიწყო, უკრაინისთვის შავი ყუთის გადაცემაზე უარს აცხადებს ირანი, უკრაინა კი გამოძიების სწორად და ეფექტიანად წარმართვას მოითხოვს.