ბრიგადის გენერალი და სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე, აშშ-ს საჰაერო იერიშის დროს მოკლული ირანელი გენერლის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, სადაც აღნიშნავს, რომ ირან-აშშ-ს შორის ურთიერთობა კიდევ დაიძაბება და მომავალში ომს ვერავინ გამორიცხავს, მაგრამ ამ ეტაპზე, ტრამპმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ე.წ სილა გაუტარა, მას მეორე ლოყა არ მიუშვერია.
რაც შეეხება აქ ომის მსურველებს და პანიკის მთესველებს, ამირან სალუქვაძის თქმით, ეს საუბრის კიდევ ცალკე თემაა და მოსახლეობის შეგნებულად დათრგუნვის მიზნით კეთდება.
როგორც ქართველი სამხედრო ექსპერტი წერს, ახლო აღმოსავლეთში პროირანული შეიარაღებული დაჯგუფებების მართვა და დაფინანსება სწორედ ლიკვიდირებული სოლეიმანის სახელს უკავშირდება. მას არ ჰქონდა არც სამხედრო და არც უმაღლესი განათლება. ხალხში ეძახდნენ სარდარ სოლეიმანის. თავი გამოიჩინა ირან-ერაყის ომის დროს. ელიტურ დანაყოფ "ელ-კუდს" ხელმძღვანელობდა 1998 წლიდან. იყო ირანის აიათოლას დაახლოებული პირი და ერთადერთი, ვინც ალი ხამენეის საჯაროდ არ აქებდა. მის სახელს უკავშირებენ 2015 წელს, რუსეთის ჩართვას სირიის ომში. მას კრემლში პუტინთან 140 წუთიანი პირისპირ საუბარი ჰქონდა. როგორც ღია წყაროებში წერენ კონტაქტები ამერიკელ სამხედროებთანაც ჰქონდა.
ამირან სალუქვაძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ სოლეიმანის სიკვდილი ირანშიც აწყობდათ, იმის მიუხედავად, რომ ყველა, მეტნაკლებად წარმატებულ ადამიანს, ჰყავს მტერი.
"ვერც იმათ, განსაკუთრებით რუსეთის და მისი მომხრეების კვნესას გავიზიარებ, რომლებიც საუბრობენ როგორ შეიძლებოდა სახელმწიფოს ოფიციალური პირის მკვლელობაო. არ შეიძლებოდა, უბრალოდ მათგან არ ვიღებ და შევახსენებ 1979 წელს "კგბ"-ს სპეცოპერაციას, კერძოდ, ავღანეთში შეჭრას, პრეზიდენტის სასახლის შტურმს და ამინის მკვლელობას.
მთავარი პრეტენზიები ამ ფოტოზეა ასახული. ასევე, როგორც 3 იანვარს და შემდგომში ვისაუბრე, გართულებული ვითარება ერაყში, დეკემბრის ბოლოს შეტევები აშშ-ს ბაზასა და საელჩოზე.
საკვირველია ის, რომ საქართველოში აშშ-ირანის ომს მომხრეები ჰყავდა, მ.შ. მედიების სახით და ტრამპს აკრიტიკებენ (აქილიკებენ) დათმობის გამო.
რატომღაც სოლეიმანის სიკვდილი და გასროლილი 15 რაკეტა ტოლფასი ჰგონიათ. ამ დროს სხვა ქვეყნების მაგალითები უნდა მოიყვანოთ და მიხვდებით ტოლფასია თუ არა: აშშ-ს თავდაცვის მინისტრი რომ მოეკლათ, ან შოიგუ რომ გაენადგურებინათ, აშშ და რუსეთი 15 რაკეტის უმსხვერპლო გასროლით შემოიფარგლებოდნენ და ეს ტოლფასი იქნებოდა?
ირან-აშშ-ს შორის ურთიერთობა კიდევ დაიძაბება და მომავალში ომს ვერავინ გამორიცხავს, მაგრამ ამ ეტაპზე, ტრამპმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ე.წ. სილა გაუტარა. მას მეორე ლოყა არ მიუშვერია.
რაც შეეხება აქ ომის მსურველებს და პანიკის მთესველებს, ეს კიდევ ცალკე თემაა და მოსახლეობის შეგნებულად დაზაფრვის, დათრგუნვის მიზნით კეთდება. გახსოვთ რამდენჯერ დავწერე ამ წლებში, რომ მოსახლეობა საინფორმაციო ტერორის ქვეშაა?!
როცა ომის საშიშროების პანიკა ითესება, გარდა ფსიქოლოგიური დათრგუნვისა, პირდაპირ ურტყამს ეკონომიკას და ეკონომიკური აქტივობის შენელებას იწვევს. ამიტომ ვეწინააღმდეგები ჩემს ხელთ არსებული რესურსებით და ვცდილობ სიმშვიდის შემოტანას. ამ დროს პირველ დღეებს აქვს მნიშვნელობა. მერე ადამიანები ეჩვევიან და განაგრძობენ ჩვეულ ცხოვრებას.
პანიკის დროს გლეხი მიწას არ მოხნავს, ამისათვის გადადებულ ფულს, შავი დღისთვის შეინახავს. პანიკა კარგი რომ იყოს, მეც შემოგიერთდებოდით.
ამ ნიუანსებზე ამ დღეებში ბევრთან მქონდა საუბარი, მათ შორის ჟურნალისტებთან და, აქ თუ არა, გულში დამიდასტურებენ", - წერს ამირან სალუქვაძე.