logo_geo
eng_logo
ავსტრალიის ხანძრის გამო 189 პირია დაპატიმრებული: კატასტროფის გავლენა მსოფლიო ეკოსისტემაზე
- +

11 იანვარი. 2020. 19:46

 

 

ავსტრალიაში გამძვინვარებულმა ხანძარმა ადამიანები და ასობით მილიონი ცხოველი იმსხვერპლა. რა გახდა ხანძრის მიზეზი და რა გავლენა ექნება მას მსოფლიო ეკოსისტემაზე?

 

 

ეკოლოგი ბიძინა გიორგობიანი იზიარებს ვერსიას, რომ ავსტრალიაში განვითარებულ მოვლენებში ადამიანის ხელი ურევია. როგორც საინფორმაციო სააგენტოები იტყობიანებიან, ხანძრის ხელოვნურად გაჩენის მოტივით დაახლოებით, 189 ადამიანია დაპატიმრებულია. ძირითადად, იწვის ევკალიპტის ხეები, რომლებიც სწრაფად ალდება. როგორც ჩანს, აქ ადამიანის მონაწილეობა უფრო დიდ როლს თამაშობს, ვიდრე ბუნებრივი მოვლენები.

 

 

"ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩვენს ყოველდღიურობაზე საკმაოდ მძიმედ აისახება. კლიმატის ცვლილება, რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული, ეს ეხება არამხოლოდ ტემპერატურის ცვლილებას, არამედ .. სათბურის ეფექტს. ამ დროს დნება ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსზე არსებული ყინულის მასა, რაც იწვევს დიდი რაოდენობით CO2-ის გამოთავისუფლებას, რომელიც ატმოსფეროში გავრცელების შემდეგ ხელს უწყობს ტემპერატურის მატებას. აქედან გამომდინარე, ამას ექნება ძალიან უარყოფითი ეფექტი, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ტემპერატურის მატებამ გაუსწრო პროგნოზს, რომელსაც მეცნიერები 2050 წლამდე ვარაუდობდნენ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ტემპერატურა 1,5 გრადუსამდეც არ მოიმატებდა, თუმცა გერმანიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2010-2016 წლებში ევროპაში გამოვლენილი ტემპერატურა 2019 წლის მაჩვენებელს, თითქმის, 3 გრადუსით ჩამოუვარდება. შესაბამისად, ეს შეუქცევადი პროცესია და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ მომდევნო 3-4 წელიწადში იდენტური ტენდენცია შენარჩუნდება, ყოველგვარი დრამატიზების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა იქნება უკონტროლო და ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება, ადამიანის გავლენით, ვითარების სასიკეთოდ შემობრუნება", - აცხადებს ეკოლოგი.

 

 

მისივე ინფორმაციით, მსგავსი კატასტროფების პრევენციული მექანიზმი მდგომარეობდა იმ საერთაშორისო პასუხისმგებლობაში, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს აკისრებდა CO2-ის გამოყოფის რეგულირებას. თუმცა, ეს შეთანხმება დატოვა აშშ-მ, ჩინეთმა, რუსეთმა და ა.შ. შესაბამისად, ეს ქვეყნები განაგრძობენ თავიანთი სამრეწველო აირების ჰაერში გამოფრქვევას და არ ასრულებენ საერთო კეთილდღეობისთვის აუცილებელ მოვალეობას. საბოლოოდ, ვიღებთ შედეგს, როდესაც რამდენიმე ქვეყნის წინდაუხედავი ქმედების გამო, ისჯება მთელი პლანეტა.

 

 

ბიძინა გიორგობიანის თქმით, პრევენციულ ზომებზე საუბარი იყო 10-20 წლის წინაც, თუმცა მაშინაც გამოჩნდნენ ფსევდო მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებდნენ გლობალური დათბობის სიყალბესა და მის წინააღმდეგ შექმნილი ერთობის კორუფციულ ხასიათს.

 

 

"ტრადიციული ეკოსისტემის ცვლილება ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ადამიანის მეურნეობასა და ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაზე მომავალში. პრევენცია ჯერჯერობით შესაძლებელია და ის უნდა გამოიხატოს გამონაბოლქვი აირების შემცირებაში, ხელოვნური ხანძრების გაჩენის პრევენციაში, ნერგების დარგვაში და .. მაგალითად, გერმანიაში მომავალ წელს განსაზღვრულია 16 მილიონი ხის დარგვა, რადგან იქ აცნობიერებენ ვითარების სიმძიმეს და ცდილობენ, გაუმკლავდნენ ადგილობრივ პრობლემებს, რაც გამოიხატება როგორც ბავარიაში .. ქერქიჭამიას მიერ ათასობით ხის განადგურებაში, ისე ალპების ტყეებში არსებული ანტისანიტარიული მდგომარეობით", - აცხადებს ბიძინა გიორგობიანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner