„დღეს, ლეგენდების ტურნირში "დინამო თბილისი” ლევერკუზენის "ბაიერს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:2 დავამარცხეთ“, - წერს თბილისის მერი და გუნდის კაპიტანი კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
A ჯგუფში, ქართულ კლუბთან ერთად, დორტმუნდის "ბორუსია", ლევერკუზენის "ბაიერი" და "შალკე 04" ასპარეზობს.
დღესვე მაქს შმელინგის სახელობის დარბაზში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა და „დინამო თბილისი“ დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდა. თუმცა, მატჩი 3:2 დორტმუნდის "ბორუსიას" სასარგებლოდ დასრულდა.
„მივესალმები ასეთი ტურნირის ჩატარებას. ძალიან დიდია ინტერესი საზოგადოების მხრიდან, როდესაც ვეტერანი ფეხბურთელები იკრიბებიან. წელს "დინამო თბილისის" სახელით გამოვდივართ და ძალიან მიხარია, რომ გუნდის კაპიტანი ვარ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ ასეთ მაღალი დონის ტურნირში, სადაც წამყვანი გერმანული საფეხბურთო კლუბებია წარმოდგენილი“, - წერს კახა კალაძე.
მისივე ინფორმაციით, 19 იანვარს, ბათუმში გაიმართება ტურნირი ნაკრებების დონეზე, რაც, „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის“, - ამბობს კალაძე.