„ეს ციფრები მხოლოდ ზაფრავს საზოგადოებას და ჩრდილს აყენებს იმ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პროგრამას, რომლითაც საქართველო მოწინავე ქვეყანაა მთელს მსოფლიოში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, მკურნალობაში 65 000 ადამიანია ჩართული და აქედან 58 000 მკურნალობა განკურნების 98,7 ეფექტური პროცენტით დაამთავრა.
„პირველი პრეცენდენტია, როდესაც წამლის საშუალებით შეიძლება ქრონიკული ვირუსული დაავადების აღმოფხვრა და ეს გახლავთ C ჰეპატიტი. 2013 წელს მედიცინაში მოხდა ძალიან დიდი გარღვევა და შეიქმნა უაღრესად ეფექტური პრეპარატი სოფოსბუვირი, რომლის განკურნების ეფექტი 95 %-ს სცილდება და ის 71 მილიონი ადამიანი, რომელიც დღეს მსოფლიოში C ჰეპატიტით ცხოვრობს, ამ დიდი აღმოჩენის და გამოგონების დახმარებით განიკურნება. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ელიმინაციის გლობალური პროგრამა მიიღო, რომლის სამიზნეა 2030 წლისთვის ამ ადამიანების 90% იქნეს გამოვლენილი, დიაგნოსტირებული და გამოკვლეული. საქართველო იმ 12 ქვეყანას შორისაა, რომელიც შეუდგა რთულ გზას და ხაზს ვუსვამ, ყველაზე მოწინავეა ანუ 100 000 სულ მოსახლეზე გადათვლით, ჩვენ გვაქვს ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლები ინფიცირებული ადამიანების აქტიური იდენტიფიკაციის - 4 - 5 წელიწადში, უკვე დღეისთვის მოზრდილი მოსახლეობის 62 პროცენტია გამოკვლეული, მკურნალობაში ჩართულია 65 000 ადამიანი და აქედან 58 000 დაამთავრა მკურნალობა განკურნების 98,7 ეფექტური პროცენტით. საქართველოს პროგრამა გახლავთ დღეს სამოდელო პროგრამა, მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდის ქვეყანაში სასწავლო ტურების და გაცნობის მიზნით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, საქართველოს C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი უსასყიდლოდ, უფასოდ გადაეცა და დიდი ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ყოველთვის ხდება გაანგარიშება ისე, რომ რაღაც დოზა შეიძლება ჩამოიწეროს.
„პირველი პრეცენდენტია ასეთი ფართომასშტაბიანი ინტერვენციისა. არცერთ ქვეყანაში, ერთი დაავადების გამო მთელი მოსახლეობის გამოკვლევის და მკურნალობის პრეცენდენტი არ არის და ამ გზაზე რა თქმა უნდა სირთულეები არის. 560 მილიონი, ეს ყბადაღებული ციფრი, არ შეესაბამება სინამდვილეს. ხალხს ზაფრავენ ამ ციფრებით. ეს არის ტყუილი, რაზეც ლაპარაკია. ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში სოფოსბუვირის 2013 - 14 წელს არსებული ფასები, როცა სამთვიანი კურსი 80 000 დოლარი ღირდა ბაზარზე, ეს არ იყო მისი თვითღირებულება. საქართველოსთვის ეს წამალი გადმოცემულია უსასყიდლოდ, უფასოდ. აქ ბიუჯეტს არავითარი ზარალი არ მოსვლია, ხოლო ის 2000 ადამიანის სამკურნალო დოზა, რომელიც ჩამოიწერა იმიტომ, ეს არის დაახლოებით 3-4 % საერთო დანახარჯისა და საერთოდ დიდი ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ყოველთვის ხდება გაანგარიშება ისე, რომ რაღაც დოზა შეიძლება ჩამოიწეროს. მრავალჯერ მოვიყვანე მაგალითი შრატის, გველის ნაკბენზე. ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით 200-300 დოზას ვყიდულობთ, წლის განმავლობაში გვჭირდება 10, 15, 20 შეიძლება 30, მაგრამ დანარჩენი ჩამოიწერება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად 30 დოზა უნდა ვიყიდოთ იმიტომ, რომ ყველა რაიონში ყველა ქალაქში უნდა იდოს შესაბამისი დოზა გველის ნაკბენის საწინააღმდეგო შრატისა. თუ ადამიანს მოხდება ასეთი დაკბენა, მაგრამ არასდროს არ ხდება სრული გახარჯვა, ეს არის სტრატეგიული მარაგი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს. ასევეა სხვადასხვა მედიკამენტებიც, როცა იანგარიშება, მეტობით უდნა იანგარიშო მთავარია არ დაგაკლდეს და ის 560 მილიონი, რაც გამოქვეყნდა, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, დღევანდელი სოფოსბუვირის ფასი ბევრად ნაკლებია. ეს ციფრები მხოლოდ ზაფრავს საზოგადოებას და უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის უფრო უმნიშვნელოვანეს პროგრამას და სადაც საქართველო მართლაც ჩანს როგორ ყველაზე მოწინავე ქვეყანა მთელ მსოფლიოში. რატომ ვაკეთებთ ამას მე არ მესმის“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.