მსახიობი ეკა ნიჟარაძე ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის წამყვანობისთვის ემზადება. ამბობს, რომ ეს მისთვის მოულოდნელი წინადადება იყო, რადგან უკანასკნელი 4 წელია ახალ სპექტაკლში აღარ უთამაშია.
"მხოლოდ ორ ძველ სპექტაკლში ვთამაშობ. ასეა, როცა ორმოცდაათს მიუკაკუნებ, ჩვენს ქვეყანაში, რატომღაც, ჰგონიათ, რომ პენსიონერი ხარ", - ამბობს იგი ჟურნალ "თბილისელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
კითხვაზე, თუ როგორ ემზადება წამყვანობისთვის, ამბობს, რომ ერთია, როცა რესპონდენტი ხარ, 15 წუთით ეთერში დაჯდები და კითხვებს უპასუხებ, მაგრამ გადაცემის წაყვანა სხვა რამ არის.
"საკმაოდ გამოცდილი მეწყვილეები მყავს, როგორც ილომ თქვა, პატარა სამაია ვიქნებით (იცინის). ყველაფერს ვისწავლი, რაც საჭიროა. მინდა, მალე დაიწყოს გადაცემა. ვნერვიულობ კიდეც, მაგრამ ეს სასიამოვნო ეიფორიაა. ჩემი მეგობარი ბაიკო დვალიშვილი მარიგებდა, ეს ძალიან დიდი სტიმულია, ვალდებული იქნები, სულ ფორმაში იყოო და მე ეს მჭირდება, იმიტომ, რომ არ ვარ ქალი, რომელიც დიდად უვლის საკუთარ თავს. მირჩევნია, აგურები ვზიდო, ვიდრე თავის მოვლის პროცედურებს დავუთმო დრო. თუმცა, ძალიან მომწონს სხვა ქალები, რომლებსაც საამისოდ ყოველდღიური რიტუალები აქვთ", - ამბობს მსახიობი.
მსახიობის კარიერაში ხანგრძლივი პაუზის მიზეზებს ეკა ნიჟარაძე თავისებურად ხსნის.
"მესმის, რომ ახალი თაობა მოდის. მეც რომ მოვედი თეატრში, შეიძლება, მაშინაც ასე იყო. ეს ბუნებრივად ხდება. რასაც 25 წლის ასაკში ვთამაშობდი, ახლა ვერ ვითამაშებ. იყო დრო, როცა წელიწადში ხუთ-ექვს პრემიერას ვთამაშობდი, ახლა ოთხი წელია, არაფერი მითამაშია. ერთხელ და ორჯერ გულზე მოგხვდება, გეწყინება, მაგრამ მერე ეგუები. სხვა რამეში იპოვი თავს. ყოველ შემთხვევაში, ეს ტრაგედიად არ მიმიღია. თუმცა ვიცი, რომ ვიღაცისთვის ასეცაა", - ამბობს ინტერვიუში ეკა ნიჟარაძე.
ეკა ნიჟარაძე უკვე ბებიაა, მისი შვილიშვილი 6 წლისაა და სკოლაშიც თავად დაჰყავს.
"იმ დღეს ჩემს უმცროს შვილთან დაკავშირებით ვიხსენებდი, სკოლაში რომ მიმყავდა და მომყავდა. შვილიშვილი მეკითხება, შენ მიგყავდაო? კი-მეთქი. მოიცა, ბებია რატომ არ ატარებდაო? რადგან მე ვატარებ მას, ჩათვალა, რომ ეს ბებიის საქმეა. დავიბენი, ხომ მივხვდი, საითაც მიჰყავდა საუბარი. მაგრამ უცებ მოვიფიქრე, ბებიას მანქანა არ ჰყავდა და როგორ წაიყვანდა-მეთქი?! (იცინის) სხვათა შორის, ჩემი ეშინია, მკაცრი ვარ. რამეს თუ აშავებს, მე მიყურებს შეშინებული და თუ მე არ ვარ, დედამისს ეუბნება ხოლმე, ეკას არ უთხრაო (იცინის).
უფროსები რომ გავაჩინე 1992-1993 წლები იყო. მაშინ ძიძა თავში აზრადაც არავის მოუვიდოდა. დედა მეხმარებოდა, მაგრამ ის მაინც ცალკე ცხოვრობდა. იმ პერიოდში ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. მაგრამ ასეთი ტიპი ვარ, რაც უფრო მეტი საქმე მაქვს, მით უფრო კარგად ვარ. როგორც კი ცოტა თავისუფალი დრო გამომიჩნდება, პატარა დეპრესიული მომენტები მეწყება.
უმცროსი საახალწლოდ ჩამოვიდა არდადეგებზე. ყველა ერთად ვცხოვრობთ, ნოდარის გარდა, რომელიც ამერიკაში, არქიტექტურულზე სწავლობს. უყვარს თავისი პროფესია და ძალიან ბევრს მეცადინეობს. მის უნივერსიტეტში ძალიან რთულია სწავლა, ვღელავდი, ხომ შეიძლება, ვერ გაუძლოს და აღარ მოინდომოს-მეთქი. პროფესიის არჩევაც რთულია. როცა ახალგაზრდა ხარ, გგონია, ეს ის არის, რაც გინდა, მთელი ცხოვრება აკეთო. ჩემმა შუათანა შვილმა – ჯეჯიმ თეატრალური დაამთავრა. რომ აბარებდა, ვუთხარი, არ გინდა, შვილო-მეთქი. მგონია, რომ კაცისთვის ეს პროფესია ჩვენთან ძალიან რთულია. მინდოდა, სამედიცინოზე ჩაებარებინა. ადამიანების ძალიან პატარა პრობლემასაც ისე გულით უდგება, მგონია, რომ ძალიან კარგი ექიმი გამოვიდოდა. გულგრილობის წვეთი არ დევს მასში. მაგრამ არ დამიჯერა და ახლა მეუბნება, ახლა ვხვდები, მაშინ რას გულისხმობდიო. უნდა, სხვა მიმართულებითაც გააგრძელოს სწავლა, თან, თავისი საქმე ჰქონდეს. ტასოს რაც შეეხება, ორი შვილის დედაა, თან, კერამიკული სახელოსნო-მაღაზია აქვს „ფაბრიკაში“ – „კერამიკ სტუდიაო 1300“ და საკმაოდ კარგად მუშაობენ“, - ამბობს მსახიობი.
ეკა ნიჟარაძე და მწერალი რეზო თაბუკაშვილი უკვე რამდენიმე წელია დაქორწინებულები არიან.
"მალე ხუთი წელი გახდება, რაც ერთად ვართ. გავმრავლდით, ჩვენ უკვე ერთად ვიყავით, რეზოს ქალიშვილი რომ გათხოვდა და ორი შვილი ჰყავს. ახლა ჯამში ოთხი პატარა გვყავს. რაც მთავარია, ჩვენ ისევ შეყვარებულები ვართ. გვქონდა პრობლემები და სირთულეები, მაგრამ ამ ასაკში კიდევ სხვანაირად აფასებ რაღაცებს. სიყვარული ნებისმიერ ასაკში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს და ხვდები, რომ თავიდან იწყებ ცხოვრებას. თან, რაღაც მომენტში, გგონია, რომ ეს აღარ მოხდება. მაშინ ჩემთვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო – ოპერაცია ახალი გაკეთებული და რეზოს, რომელსაც შორიდან ვიცნობდი, უცებ სხვა თვალით შევხედე. უფრო სწორად, ჯერ – იმან (იცინის). მერე აეწყო, აეწყო და ამასობაში კი ხუთი წელი გავიდა. ხშირად მიფიქრია ამაზე, ყველას აქვს რთული პერიოდი, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება რაღაც კარგი", - ამბობს მსახიობი ეკა ნიჟარაძე.