ამონარიდი ქართველი პუბლიცისტის, აკაკი ბაქრაძის მემუარებიდან, რომელიც ცნობილმა მკვლევარმა, ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორმა ამირან გომართელმა მოგვაწოდა
„ადრე ზვიად გამსახურდია იჩემებდა - აკაკი ბაქრაძე მე დავნიშნეო რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარედ.
ახლა ჩემდა გასაოგნებლად, შევიტყვე რომ, თურმე ჯაბა იოსელიანმა დამნიშნა.
არც პირველი ამბობს მართალს და არც -მეორე.
როგორც კარგად ცნობილია, რუსთაველის საზოგადოება შეიქმნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1988 წლის 24 ივნისის დადგენილებით N299. ამ დადგენილებას წინ უსწრებდა 1988 წლის 19 მარტს რუსთაველის თეატრში გამართული რუსთაველის საზოგადოების დამფუძნებელი კონფერენცია, რომელმაც აირჩია საზოგადოების პრეზიდიუმი და თავმჯდომარე ("კომუნისტი", 1988წ.20 მარტი). მაშინ კომუნისტური რეჟიმი მყარად გრძნობდა თავს და არც ზ. გამსახურდიას ეკითხებოდა, ვინ უნდა ყოფილიყო რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე და არც ჯ. იოსელიანს. ეს საკითხი საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის კულუარებში წყდებოდა.
რუსთაველის საზოგადოების პირველი თავმჯდომარე იყო ირაკლი აბაშიძე. რუსთაველის საზოგადოების პირველი დამფუძნებელი ყრილობა უნდა გამართულიყო ერთი წლის შემდეგ, 1989 წლის 18-19 მარტს. მაგრამ 1989 წლის თებერვალში საქართველოს კპ ცკ-მა გადაწყვიტა ირაკლი აბაშიძე შეეცვალა სხვა პირით. რატომ და რისთვის, ეს მე არ ვიცი. დაიწყო კანდიდატურების ძებნა. არც ის ვიცი, რამდენი კანდიდატურა განიხილებოდა. ვიცი მხოლოდ ის, რომ ერთხელ ნუგზარ ფოფხაძესთან, მაშინ საქართველოს კპ ცკ მდივანთან გამომიძახეს. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ, იმ ვითარებაში, რაც მაშინ საქართველოში სუფევდა, ჩემი თავმჯდომარეობა მიზანშეწონილად მივიჩნიე და დავთანხმდი იმდენად, რამდენადაც შესაძლებლობა გვეძლეოდა ათიათასობით ადამიანი, როგორც მემუარისტი ბრძანებს, ეროვნული მოძრაობის რუსხმულში გადმოგვეყვანა. მაგრამ მე ეს არ მცოდნია და ჯ.იოსელიანს უსწავლებია. ეს ისეთივე უსაფუძვლო კვეხნაა, როგორიც მისი, არაერთგზის განცხადება - ედუარდ შევარდნაძე მე ჩამოვიყვანე საქართველოში. ჩანს, ჯ.იოსელიანს მეტად გაზვიადებული წარმოდგენა აქვს მის როლსა და დანიშნულებაზე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
როგორც იმ ხანად იყო მიღებული, ჩემი კანდიდატურა შეთანხმდა საქართველოს კპ ცკ-ის ყველა მდივანთან. ისინი დაეთანხმნენ ნ.ფოფხაძის წინადადებას. ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგი არც რუსთაველის რუსთაველის საზოგადოების წევრები ყოფილან. ისინი ერთხმად მიჭერდნენ მხარს. ეს იცოდა ნ.ფოფხაძემ, რადგან ის მაშინ რუსთაველის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრიც იყო.
ასე, რომ, ორივე მხარე - ხელისუფლებაც და რუსთაველის საზოგადოების წევრებიც - ჩემი მომხრე იყო. ამდენად, არ მჭირდებოდა ზ.გამსახურდიას და არც ჯ.იოსელიანის დახმარება. მით უმეტეს, ზურაბ ჟვანიასი, რომელსაც მაშინ მისი ამხანაგების მეტი, არავინ იცნობდა, არავინ მის აზრს ანგარიშს არ უწევდა.
როცა 1989 წლის 18 მარტს ოპერის თეატრში რუსთაველის საზოგადოების ყრილობა დაიწყო, იმჟამინდელი წესის თანახმად, მე უკვე დანიშნული ვიყავი რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარედ. მაგრამ ყრილობის მსვლელობის დროს ერთი ინციდენტი მოხდა, რომელმაც შეიძლება ზოგიერთი დააბნია.
ოპერის თეატრის დარბაზი ხალხით იყო გაჭედილი. დასწრების მსურველებს დარბაზი ვერ დაიტევდა. ამიტომ ქუჩაში ელექტრობოძზე რეპროდუქტორები დადგეს, რომ ხალხს მოესმინა - რა ხდებოდა თეატრში. იოსებ ცისკარიშვილს საანგარიშო მოხსენება დამთავრებულიც არ ჰქონდა, როცა ოპერის თეატრის დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა. ამბავი მოიტანეს: გარეთ, რუსთაველის პროსპექტზე, მილიცია ხალხს არბევსო. მაშინ ტრიბუნაზე ავედი და საზოგადოებას მივმართე: თუ დაუყოვნებლივ არ შეწყდება ხალხის რბევა, მე უარს ვამბობ რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარეობაზე და ყრილობა ჩაიშლება-მეთქი. ტრიბუნიდან ჩამოვედი, თეატრის შენობა დავტოვე და გამზირზე გავედი (ვინც მაშინ ყრილობას ესწრებოდა, ეს უნდა ახსოვდეს).
რუსთაველის პროსპექტზე მართლაც დიდი აურზაური იდგა. ხალხი და მილიცია ერთმანეთისაკენ მუშტებით მიიწევდნენ, ლანძღვა-გინების კორიანტელი იდგა. მე ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან მივედი, მათ მითხრეს, შენს მხარდასაჭერად მოვედითო. მე ვუპასუხე: ჩემი თავმჯდომარეობის საკითხი გადაწყვეტილია და სჯობს წახვიდეთ, რაიმე უბედურება რომ არ დატრიალდეს. ამ საუბარში რომ ვიყავით, ჩემთან მოვიდა ვახტანგ გურგენიძე და მითხრა - ნუგზარ ფოფხაძე ოპერის დირექტორის კაბინეტში გიცდის, შენთან საუბარი უნდაო. მე ოპერის თეატრში შევბრუნდი. ნუგზარ ფოფხაძემ მთხოვა: ახლა ყრილობას ნუ ჩაშლი, მერე, თუ გინდა, გადადექიო. მილიციას მითითება მისცა ხალხი აღარ დაერბიათ. ქუჩა დამშვიდდა. ყველა სხვა საკითხის განხილვა სხვა დროისათვის გადაიდო. ასე დამთავრდა ყრილობა.
თუ ოპერის თეატრის წინ მომხდარი შემთხვევა ზ.გამსახურდიას, ასე თუ ისე, მცირე საბაბს აძლევდა ეთქვა - აკაკი ბაქრაძე მე დავნიშნეო რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარედ (თუმცა ეს მართალი არ არის, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ჩემი თავმჯდომარეობა, არსებითად გადაწყვეტილი იყო რამდენიმე დღით ადრე), ჯ.იოსელიანის ხვეწნა-მუდარა არ მჭირდებოდა, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე იყავიო, რაკი თანხმობა ნ.ფოფხაძისთვის უკვე მიცემული მქონდა. მაშინ კი ამგვარ საკითხს ნ.ფოფხაძე უფრო წყვეტდა, ვიდრე ჯ.იოსელიანი.
ის, რაც ჯაბა იოსელიანმა "დრონში" გამოაქვეყნა, სიმართლეს არ შეეფერება. ეტყობა, ჯ.იოსელიანმა ციხეში რომანების წერას თავი დაანება და ზღაპრების შეთხზვას მიჰყო ხელი.“
1999 წლის 4 სექტემბერი. აკაკი ბაქრაძის თხზულებათა მე-8 ტომი.