შინაგან საქმეთა სამინისტრო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების დამხობის მცდელობას ეხებოდა, სამართლებრივ შეფასებას მისცემს.
ამის შესახებ PIA.GE-ს შსს-ში განუცხადეს.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება, 20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ასევე, 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას.
გუშინ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილის წკიპზე იყო. ცოტაც და, ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებულ იქნა“. აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც ის შეჯერდება სხვა მტკიცებულებებთან და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, - განაცხადეს შსს-ში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ნიკა გვარამიას გადაცემაში ჩართვისას განაცხადა, რომ 20-21 ივნისის აქციის დროს ბიძინა ივანიშვილის მმართველობა საფრთხის ქვეშ იყო.
„2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და, ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებულ იქნა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.