თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის საქმის პროკურორის, დავით კიკაჩეიშვილის განცხადებით, კოშაძის ავტომანქანიდან ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე ბრალდებულის დნმ-ის კვალი არ ამოვიდა, თუმცა, ეს დაკავებულის ბრალეულობას არ გამორიცხავს.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია და კიდევ ერთხელ დადასტურდა კობა კოშაძის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტის არსებობა. რაც შეეხება ექსპერტიზებს, ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული იქნა შესაბამისი ექსპერტიზები. მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მითითებულია, რომ ცეცხლსასროლ იარაღზე კობა კოშაძის დნმ-ის კვალი არ დადგინდა, თუმცა, ეს არ გამორიცხავს ბრალდებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტს“, - განაცხადა კიკაჩეიშვილმა.
რაც შეეხება იმ ფაქტს, არის თუ არა შესაძლებელი, პიროვნების საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მისი დნმ არ ამოვიდეს, პროკურორი პასუხობს, რომ ეს შესაძლებელია.
„კონკრეტულ საგანზე ან ნივთზე ადამიანის ბიოლოგიური მასალის კვალის გადასვლა და მისი არსებობა ძალიან ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ დადგინდეს დნმ-ის არსებობა, თუმცა, ადამიანი ფლობდეს და ატარებდეს რომელიმე საგანს. მოცემულ შემთხვევაში, საუბარია ცეცხლსასროლ იარაღზე და საბრძოლო მასალაზე“, - განაცხადა კიკაჩეიშვილმა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 23 იანვარს, 10:30 საათზე დაინიშნა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.