ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ბოლო ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება და მას სიცრუეში ამხელს.
როგორც დარეჯან მეფარიშვილი წერს, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი იტყუება, როცა ამბობს, რომ მისი მმართველობის დროს საქართველოში მედია თავისუფალი იყო. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების წლებში, 17 -მდე ჟურნალისტი დააპატიმრეს და მათმა უმეტესობამ თაღლითობის ბრალდებით მოიხადა სასჯელი.
"თუ სწორად მახსოვს, სააკაშვილის ზეობის ხანაში დაპატიმრებულ იქნა 17-მდე ჟურნალისტი. მიუხედავად იმისა, მათ მიმართ წარდგენილი ბრალი სასამართლომ და შესაბამისად გამოძიებამაც, ვერ დაადგინა, ვერ დაადასტურა, ჟურნალისტების უმეტესობამ სასჯელი (არც თუ ისე მცირე) ბოლომდე მოიხადა. უმეტესობას ბრალად თაღლითობა ჰქონდა წარდგენილი.
რაც ეხება სააკაშვილის მეორე განცხადებას, რომ თითქოს მის ეპოქაში პოლიტიკოსები არავის დაუკავებია, ესეც სიცრუეა, მაგრამ დრომ გამოავლინა, რომ პოლიტიკოსთაგან უმეტესობა, ვისაც ეპოქა დევნიდა, დღეს სააკაშვილის მეხოტბეა - "მე მომკლეს ბაბუ".
მესამე და მთავარი, სააკაშვილის განცხადებით სამართლიანი სასამართლო ვერც ერთ ეპოქაში ვერ ჩამოყალიბდა. მას "დაავიწყდა", რომ კონსტიტუციის დარღვევით "ჩატარებული რეფორმა" სამართლიან სასამართლოს ვერ ჩამოაყალიბებდა.
სხვათა შორის, არა ერთი მოსამართლე გაასამართლეს მიშას დროს, არა ერთი იდევნებოდა.
ერთ-ერთი მოსამართლე დააკავეს რეჟიმისთვის არასასურველი განაჩენის გამოცხადების გამო, მან სასჯელი ბოლომდე მოიხადა", - წერს დარეჯან მეფარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.