„გილოცავ ოთარ! ვულოცავ შენს ოჯახს!", - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაია კახიძე ოთარ ტატიშვილის საავტორო საღამოსთან დაკავშირებით, რომელიც 9 ივნისს გაიმართა.
„9 ივნისს, ამაღლებას, კომპოზიტორის და მუსიკოსის, ოთარ ტატიშვილის საავტორო საღამო გაიმართა ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში.
შესრულდა საფორტეპიანო ციკლი „უკანასკნელი რომანტიკოსი", საფორტეპიანო პიესა „ბალადა შოპენზე" , რომელიც შესანიშნავმა პიანისტმა ჰოვანეს მანუკიანმა შეასრულა და რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში სომხეთიდან.
საფორტეპიანო კვინტეტი შეასრულეს - ჰოვანეს მანუკიანმა (ფორტეპიანო), ნათია მდინარაძემ (I ვიოლინო), მარიანა ასრიევამ (II ვიოლინო), გიორგი ხატალიოვმა (ვიოლა), მირიან კვალიაშვილმა (ჩელო). სავიოლინო კონცერტი კი შეასრულა მართლაც დიდმა პროფესიონალმა - რუბენ კოსემიანმა, რომელიც სპეციალურად ჩამოფრინდა ამ საღამოსთვის კანადიდან.
კამერულ ორკესტრს დირიჟორობდა ბატონი გიორგი შილაკაძე.
თავსხმა წვიმის და უამინდობის მიუხედავად, ოთარ ტატიშვილის მუსიკის თაყვანისმცელებმა, მეგობრებმა და თბილისელებმა მაინც შეძლეს მისვლა.
გილოცავ, ოთარ! ვულოცავ შენს ოჯახს! შენ ერთი გვყავხარ თანამედროვე ეპოქაში ასეთი გამორჩეული, უბადლო და უძლიერესი! წარმატებები არ გამოგილიოს გამჩენმა!" -წერს ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში.