logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ ამ დროშის ღირსი არ ვიქნებით, თუ ვერ შევძლებთ გაერთიანებას და ვიქნებით ბანაკებად დაყოფილი
- +

14 იანვარი. 2020. 13:15

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე გურიიდან მიულოცა.

 

ქართული დროშის აღმართვის ცერემონია ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში, ერისთავების სასახლეში გაიმართა.

 

სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დღევანდელი დღე რიგით მოქალაქეებთან ერთად ქართველ ჯარისკაცებს მიულოცა.

 

„ჩემო თანამემამულეებო, მინდა, მოგილოცოთ ყველას დღევანდელი დღე, სახელმწიფო დროშის დღე. მინდა, მოგილოცოთ ეს დღე გურიიდან, რამეთუ გურია არის ის მხარე, რომელმაც პირველმა გამოაცხადა თავის დროზე დამოუკიდებლობა. ასე რომ, ერთგვარი სიმბოლოა, გურიიდან მოგილოცოთ დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი დღე.

 

პირველ რიგში მინდა, მივულოცო ეს დღე ჩვენი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც აქ იმყოფებიან და მთელ ქვეყანაში ჩვენს ჯარისკაცებს, ასევე, მათ ვინც, არიან საზღვრებს გარეთ და სამშვიდობო მისიებშიც წარმოადგენენ საქართველოს, საქართველოს დროშის ქვეშ დგანან. ჩვენი დროშა ეს არის პირველ რიგში სიმბოლო სახელმწიფოსი, მისი ერთიანობის, ეს არის სიმბოლო ჩვენი ისტორიის. ამიტომ ავირჩიეთ ამ წელს ეს ისტორიული ადგილი, ერისთავების ციხე-სიმაგრე, რათა  აქ აღგვემართა დროშა. ვაპირებ, ყოველ წელს სხვადასხვა მხარეში, სხვადასხვა რეგიონში ჩავიდეთ ამ დღეს, ეს იყოს ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო დროშა ყველას  გვაერთიანებს,  ერთიანობის ნიშანი ჩვენი დროშის შუაგულშია – მთავარი ჯვარი არის ერთიანობის ჯვარი. ამ დროშაზე დატანილია ყველაფერი, რაც არის საქართველო, მისი ქრისტიანობა, მისი წარსული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახელმწიფო დროშა. ამ დროშით ჩვენ ევროპაში კი არ შევდივართ, ჩვენ ევროპაში უკვე ვრთ.  სიმბოლოები, რაცაა დაკავშირებული დროშასთან, დროშის ფერებთან, აქ არის სამართლიანობაც და სიმამაცეც, ეს არის ის ფასეულობები, რითაც მოდიოდა საქართველო და მოდის. ეს დროშა ჩვენი ერთიანობის დროშაა და იმ დროს, როცა მძიმე მოვლენებია აფხაზეთში, ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ მოვლენებს, მნიშვნელოვანია, იქ ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე და უსაფრთხოება იყოს დაცული. დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ბერკეტები, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, მაგრამ ეს დროშა არის იმის იმედი, რომ საქართველო იქნება გამთლიანებული, რომ ეს დროშა მთელი, სრულიად საქართველოს დროშა არის დღეს და იქნება მომავალშიც. ამ დროშის ქვეშ ძალიან ბევრი ისეთი საქმე კეთდება, რომელიც არის სახელმწიფოებრივი საქმე, ამ დროშის ქვეშ დგანან ჩვენი ჯარისკაცები, ამ დროშის ქვეშ ჩვენი დიპლომატიური სამსახურები უცხოეთში, ჩვენ გავდივართ უცხოეთში და ვართ ცნობილი ამ დროშით, ყველა პატივს გვცემს ამ დროშის ქვეშ. ამ დროშის ქვეშ, ასევე ჩვენი სპორტსმენები იმარჯვებენ უცხოეთში და ძალიან ბევრი მედლით დაბრუნდნენ, ბევრჯერ აღიმართა საქართველოს დროშა უცხოეთში. ახლა იწყება 2020 წელი, ოლიმპიური თამაშების წელი და დარწმუნებული ვარ, ეს დროშა ძალიან ხშირად აღიმართება სწორედ ამ თამაშების დროს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში იყოს ერთიანობა.

 

„მინდა, ბავშვებს, ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ამ დროშის პატივისცემა, ეს არის არა რაღაც შავი სიმბოლო, ეს არის თქვენი თავის პატივისცემა, თქვენი ქვეყნისა და იმ ღირებულებების, ფასეულობების პატივისცემა, რითაც მოდის ეს ქვეყანა. პირველ რიგში ეს დროშა ერთიანობის დროშაა. ჩვენ ამ დროშის ღირსი არ ვიქნებით, თუ ვერ შევძლებთ, გავერთიანდეთ ჯერ ჩვენს შორის, საზოგადოებაში. ეს დროშა მოგვეცა, რამდენი საუკუნეა, რომ ამ დროშის ქვეშ ჩვენი გმირები იბრძვიან, ძალიან ბევრი დაიღუპა ამ დროშის ქვეშ, შემდეგ სხვა დროშის ქვეშ, მაგრამ ეს არის რეალურად ერთიანი დროშა ჩვენი ისტორიისა. ჩვენ რომ ვიყოთ ამის ღირსი, უნდა დავიბრუნოთ ის მთავარი ღირებულება, რაც დგას ამ დროშის უკან, ეს არის ქრისტიანობა თავისი სიყვარულით. ჩვენ თუ ეს ვერ შევძელით, ვიქნებით დაპირისპირებული და დაყოფილი ბანაკებად, არც ამ დროშის, არც ამ ქვეყნის ღირსი არ ვიქნებით.

 

ამ წლის დასაწყისში, მინდა, ყველას გისურვოთ, ვიყოთ ამ დროშის ღირსი, ვიყოთ ის ქართველები, რომლებმაც ეს დროშა შექმნეს და აქამდე ატარეს, მაშინ ვიქნებით იმ მომავლის ღირსი, რომელიც დევს ასევე ამ დროშაში სრულიად საქართველოსთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

პრეზიდენტმა ყველას სიმშვიდე, ბედნიერი და წარმატებული წელი უსურვა.

 

„ყველას, თქვენს ოჯახებში იყოს ის სიმშვიდე, რომელსაც ასევე ვისურვებ მთელი საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის, მსოფლიოს და მითუმეტეს ამ რეგიონს  სჭირდება სიმშვიდე, ეს არის  ჩვენი  მთავარი, ადამიანური საერთო ფასეულობა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner