წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართ მე-8 წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნულს სოციალურ ქსელში „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე ეხმაურება:
„მსოფლიო კრებაზე განსახილველი 6 საკითხიდან 2 დოკუმენტზე საქართველოს ეკლესიას განსხვავებული მოსაზრებები აქვს: „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" და „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში".
წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ დოკუმენტის „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" ტექსტის ორი ადგილი უნდა შეიცვალოს.
პირველი მიუღებელი ქვეთავი ეხება ერთნაირსქესიანთა კავშირს. დოკუმენტში წერია: „ეკლესია არ იღებს თავის წევრთა შორის ერთი სქესის მქონე პირთა კავშირს, ასევე სხვა ნებისმიერი ფორმით თანაცხოვრებას, გარდა ქორწინებისა. ეკლესია მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რომ მისმა წევრებმა, რომლებიც ასეთ კავშირში იმყოფებიან, მიაღწიონ ჭეშმარიტ სინანულს და სიყვარულს, კურთხეულს ეკლესიის მიერ".
წმინდა სინოდი მიიჩნევს, რომ ეს აბზაცი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:
„ეკლესისთვის მიუღებელია ერთი სქესის მქონე პირთა შორის სქესობრივი კავშირი, ასევე თანაცხოვრების სხვა, ქორწინებისგან განსხვავებული, ნებისმიერი ფორმა და გმობს ამ ცოდვას. ეკლესია წუხს ამგვარ ცოდვაში მყოფი ადამიანების უკვდავი სულის მარადიული ხვედრის გამო და მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რათა მათ შეიცნონ ამ ცოდვის უკიდურესი სიმძიმე და ჭეშმარიტი სინანულის გზით განეშორონ მას".
მეორე მიუღებელი საკითხი არამართლმადიდებელთან ქორწინებას ეხება. დოკუმენტში წერია: „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურთხება. თუმცა შესაძლებელია იკურთხოს შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში".
სინოდის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ მუხლში უნდა დარჩეს ტექსტის პირველი ნაწილი, სადაც წერია: „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურთხება". ხოლო მეორე ნაწილი უნდა იქნას ამოღებული.
მეორე დოკუმენტში „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში" უნდა შევიდეს სამი ცვლილება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ დოკუმენტის გამო დაიწყო ურთიერთბრალდება და დიდი დაპირისპირება საქართველოს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიდ პროტოპრესვიტერ გიორგი ცეცისს შორის, რადგანაც საქართველოს პატრიარქმა ამ დოკუმენტს იანვარში ხელი მოაწერა, წმინდა სინოდის წინა სხდომაზე კი მღვდელმთავრებმა დოკუმენტი დაიწუნეს.
სამი ცვლილებიდან, რომლის შეტანასაც საქართველოს ეკლესია ითხოვს, ერთი ძირითად ქვესათაურს ეხება. ქვესათაური ასეთია - „მართლმადიდებელი ეკლესიის წვლილი ერებს შორის მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის მისაღწევად, რასობრივი დისკრიმინაციის, ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად" და ქართული მხარე ითხოვს, ამოღებული იყოს ფრაზა, - „ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის", - რადგან იგი მრავალგვარი გაგების საშუალებას იძლევა.
საქართველოს გარდა კრებაზე არ მიდიან ბულგარეთის, ანტიოქიისა და სერბეთის ეკლესიები.
დღეს კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის მრჩეველმა იოანე ხრისავაგისმა განაცხადა: „თუ ერთი ან რამდენიმე ეკლესია არ იქნება წარმოდგენილი, ან უარს იტყვის მონაწილეობაზე, ან არ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას - კრების მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას მაინც ექნება ძალა და იქნება სავალდებულო ყველა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის... დიდი კრება მაღლა დგას ნებისმიერ სინოდსა და ადგილობრივ ეკლესიაზე და ის ასეთად დარჩება, მიუხედავად ზოგიერთი ეკლესიის გადაწყვეტილებისა", - წერს ტომარაძე.