„ბრალდებული სანადიროდ არ მიდიოდა და მიმალვას აპირებდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლუბ „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ განუცხადა.
„სასამართლომ გაითვალისწინა და გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, მოსაზრება და გამოიყენა პატიმრობა, რადგან არსებობდა ბრალდების მხარის არგუმენტაციით ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის, მომეტებული ძალის და მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენისა და მიმალვისა და სასამართლოში გამოუცხადებლობის საფრთხეები. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის სამართლიანი და ობიექტური. გეტყვით, რომ საქმეზე გამოკითხულია არაერთი მოწმე და არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული. წინასასამართლო სხდომამდე გრძელდება გამოძიება და არაერთი მოწმეა გამოსაკითხი, იმისთვის რომ საერთო სურათი შეგვექმნას. ბრალდებული რამდენად აპირებდა ღამის დაახლოებით 3 საათზე სანადიროდ წასვლას, ეს შეფასების საკითხია. ბრალდების მხარეს აღნიშნული აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ბრალდებული აპირებდა მიმალვას“, - განაცხადა ლაშა გამყრელიძემ.
კლუბ „ბასიანთან“ 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარედგინა.
ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“, მე-5 ნაწილის „გ“, მე-7 ნაწილის „ა“ და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.
აღნიშნული ბრალდება 9-დან 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.