ზამთრის არდადეგების დასრულების შემდეგ სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში ხვალ, 15 იანვარს განახლდება.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, გრიპის ვირუსის მიზეზით, სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ არდადეგების პერიოდი სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად გამოეყენებინათ. ხოლო სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, სკოლაში სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი.
სკოლის ექიმებს დაევალათ სრულფასოვნად დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებელ ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.